„ჩემთვის არ არსებობს სიძულვილის ენა და დაპირისპირებებში ჩართვა. მე მინდა რომ რეალურად ვაკეთო საქმე და ვემსახურო იმ ადამიანებს, რომლის მანდატითაც მე მომიწევს საკრებულოში ყოფნა.
გვერდით მიდგანან ადამიანები გამორჩეული გონებრივი რესურსითა და სოფლისადმი სიყვარულით“-ეუბნება „გურიის მოამბეს“ დათა მიქელაშვილი, რომელიც მელექედური-გურიანთა, სოფელ ოზურგეთის მაჟორიტარულ ოლქში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს.
პროფესიით იურისტი, რომელიც სამოქალაქო კუთხით საადვოკატო საქმიანობას ეწევა, გვეუბნება, რომ ეს ნაბიჯი თავიდან მისი მეგობრების თხოვნით გადადგა. სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრებმა კი, ბრძოლის გაცილებით მეტი სტიმული მისცა:
„ამაზე საუბარი თავიდან წამოვიდა ჩემი მეგობრების მხრიდან, იმ წრიდან, რომელიც მე ძალიან კარგად მიცნობს. მეუბნებოდნენ-თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება და ხომ არ გექნება სურვილი რომ ჩაერთო ამ პროცესებში? რატომაც არა?
დავფიქრდი ამ საკითხზე და გადავწყვიტე, რომ ის რესურსი, რაც მე დამიგროვდა ამ წლების განმავლობაში, გადმომეტანა ჩემს სოფელში.
როცა ჩამოვედი და გავეცანი კარგად ამ სტრუქტურას, ჩემთვის უკვე ძალიან საინტერესო გახდა ეს ყველაფერი პროფესიული კუთხითაც.
შემოვიკრიბე ეს ჯგუფი და უკვე ძალიან მალე დავინახე მზაობა არა მხოლოდ ჩემი მეგობრების, არამედ ამ ტერიტორიულ ერთეულებში მცხოვრები ახალგაზრდების მხრიდან. ასე რომ ვთქვათ, უფრო შევგულიანდი და გადავწყვიტე, რომ დამოუკიდებლად ჩავრთულიყავი ამ ბრძოლაში.
ჩემთვის არ არსებობს სიძულვილის ენა და დაპირისპირებებში ჩართვა, მე მინდა რომ გამარჯვების შემთხვევაში რეალურად ვაკეთო საქმე ხალხთან ერთად.
ჩემთვის ყველაზე მეტად ღირებული არის სწორედ ეს, რომ ვიყო ხალხის სამსახურში და მათთან თანამშრომლობით შევძლო ამ სოფლებისთვის სასიკეთო საქმეების კეთება“-გვეუბნება დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი მელექედური-სოფელ ოზურგეთი-გურიანთის მაჟორიტარულ ოლქში.
რაც შეეხება იმ მიმართულებებსა და აქცენტებს, რაც მისი გადმოსახედიდან სოფლებში პრიორიტეტულია, დათა გვეუბნება, რომ დღეს მთავარი სამუშაო სოფლის მეურნეობის მეტად განვითარებასა და ახალგაზრდა თაობის საინტერსო პროექტებში ჩართვის კუთხითაა:
„ყველაზე დიდი პრობლემა დღეს მაინც არის სოფლის მეურნეობის კუთხით. ჩემი ერთ-ერთი ხედვა არის ის, რომ მაგალითად სოფლების აღჭურვა მოხდეს შესაბამისი ტექნიკით.
ასევე, ამ სამ სოფელში-მელექედური, სოფელ ოზურგეთი, გურიანთა, გამოკვეთილია წყლის პრობლემა. როგორც მაჟორიტარი, ამას პირდაპირ ვერ გააკეთებ და ეს იქნება ტყუილი დაპირება ჩემი მხრიდან, რადგან ეს პირდაპირ არ შედის ჩემს კომპეტენციაში, მაგრამ აუცილებელია, მაქსიმალურად იმუშაოს მაჟორიტარმა და მიიტანოს ეს პრობლემა შესაბამის სტრუქტურამდე, რომ მისი მოგვარება მოხდეს. ყველას ხომ კარგად გვესმის, რომ რესურსი ნამდვილად არის, უბრალოდ ამას სჭირდება სწორი გადანაწილება და სწორი მიმართულების მიცემა.
შეიძლება მსგავსი პრობლემები-გზა, წყალი, ბევრს სოფელში არის მოგვარებული, მაგრამ სოფელ ოზურგეთი და მელექედური ნამდვილად დაჩაგრულია ამ კუთხით. სოფლის შიდა გზებზე მაქვს ძირითადად საუბარი.
სოფელი ეფუძნება მომავალ თაობებს და ახალგაზრდების ჯგუფს, აქედან გამომდინარე, მე ბევრი ნაფიქრი მაქვს იმაზე, თუ რა კუთხით შეიძლება გამოაცოცხლო ახალგაზრდები და უფრო აქტიური იყოს მათი ჩართულობა სოფლის განვითარებაში.
არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციები ოზურგეთში, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით ახორციელებენ სხვადასხვა პროექტებს, დასაქმების კუთხით. ვინ რა რგოლში არის ძლიერი, თუ როგორ აღმოაჩინონ მათი თავი პროფესიულად… ასეთი ტიპის პროექტებში მაქსიმალურ უნდა იყვნენ ჩართულები სოფლის მაჟორიტარები, თუმცა, მე რასაც გადავხედე სოფლების მაგალითზე, ჯერ ამ კუთხით ბევრს ნაფიქრიც არა აქვს.
ჩემი მხრიდან, სწორედ საქმიანი კომუნიკაცია იქნება ასეთი ტიპის ორგანიზაციებთან, რომლებსაც შემოვიყვან ახალგაზრდებთან, გავაცნობ მათ ამ პროგრამებს რომ მერე, შეძლებისდაგვარად დავიწყო ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა“
როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, თვლის რომ მომავალ არჩევნებში მისი გამარჯვების შანსები რეალურია, რაც უკვე სამომავლოდ სწორედ თვითმმართველობის მთავარი ფუნქციის -ახლოს ხალხთან და ხალხის ჩართულობით, შესრულებას გახდის რეალურს:
„ჩემი მთავარი მიზანია, მაქსიმალურად დავაახლოვო ხალხი თვითმმართველობას. რომ მათი ჩართულობა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი იმ საკითხებში, რაც უშუალოდ ეხება სოფლების განვითარებას, მათ მოწყობას. ეს ყველაფერი უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭირვალე. მთავარია, ადამიანური რესურსების მაქსიმალური გამოყენება და მათი ჩართულობით ბევრი კარგი ნაბიჯის გადადგმა სიახლისკენ. მაქსიმალურად უნდა მოვიზიდოთ და სოფელში დაბრუნების სურვილი გავუჩინოთ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც ძალიან კარგი საქმეების კეთება შეუძლიათ ადგილზე. ამ ყველაფერში დიდი იმედი მაქვს ადამიანების, რომლებიც ჩემს გვერდით დგანან. მათი გამორჩეული გონებრივი რესურსის, სოფლისადმი სიყვარულის. ეს ადამიანები სხვადასხვა სფეროში საქმიანობენ დღეს, არიან წარმატებულები და რეალიზებულები.
მათი მხრიდან, ყველანაირად არის მზაობა იმისთვის, რომ ჩვენ რეალურად დავიწყოთ საქმის კეთება. მიმაჩნია, რომ ეს იქნება სოფლებში რაღაც კარგისკენ გადადგმული ნაბიჯი. იმიტომ, რომ პოლიტიკურ ველზე ჩემი ჯგუფის, მოტივირებული, პროფესიონალი, განათლებული ადამიანებით სახით, ჩნდება რაღაც ახალი სეგმენტი. ნამდვილად საჭირო და აუცილებელი“-გვეუბნება დათა.
დათა მიქელაშვილი, დაიბადა 1993 წლის 25 დეკემბერს. 2011 წელს ჩააბარა საქართველოს უნივერსიტეტში. ასევე, დაამთავრა სულხან საბას სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ბაკალავრის ხარისხით. შემდეგ, გარკვეული პერიოდი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით იმყოფებოდა საზღვარგარეთ, კერძოდ გერმანიაში.
ამთავრებს სწავლას მაგისტრატურაში. პარალელურად, ეწევა საადვოკატო საქამიანობას სამოქალაქო დავების კუთხით.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს გაიმართება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში პირდაპირი არჩევნების გზით მერს აირჩევენ, ხოლო ოზურგეთის 45 მანდატიანი საკრებულო შერეული სისტემით დაკომპლექტდება.
ამომრჩეველი 30 დეპუტატს პროპორციული ხოლო დარჩენილ 15 დეპუტატს მაჟორიტარული წესით აირჩევენ.
15 მაჟორიტარული ოლქიდან ერთ ერთი გურიანთა-სოფელ ოზურგეთი-მელექედურის ოლქია.