კულტურის სამინისტროს უმძიმესი კოვიდვითარება ხელს არ უშლის კონცერტები ატაროს და ათასობით ლარი ხარჯოს – ხელისუფლების მიერ გამოცხადებული კოვიდრეგულაციების მიუხედავად, თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში კორონავირუსით გარდაცვლილი მომღერლის, თემურ წიკლაურის ხსოვნის საღამო იმართება.
ღონისძიების წამყვანი, ბესო ჩუბინიძე, ამბობს, რომ რეგულაციები დაცულია და საფრთხეს ვერ ხედავს.
“რაც ახლა ხდება დარბაზში, უნდა იყოს მაგალითი კულტურის ყველა წარმომადგენლისთვის, როგორ მოიქცნენ კონცერტზე, ხსოვნის საღამოებზე, ისე, რომ შევაკავოთ ეს საშინელი დაავადება, რომელსაც ვერც წულუკიანი შეაკავებს, ვერც სააკაშვილი და ვერც პეტრე, პავლე და ივანე”,- ამბობს ჩუბინიძე.
მინისტრი წულუკიანის ღონისძიებაზე დამსწრეები უმეტესად რესურსცენტრის მიერ მობილიზებული პედაგოგები არიან. ისინი ამბობენ, რომ მზარდი კოვიდსტატისტიკა აშფოთებთ, თუმცა “თეატრში აკრძალვა არ არის, თორემ ამას მხედველობაში ყველა მიიღებდა”.
ღონისძიება ოპოზიციის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს. მათ თეატრში ტრანსფარანტები მიიტანეს და ხელისუფლებას შეახსენეს, რომ საქართველოში დღეს გარდაცვალების ახალი ანტირეკორდი დაფიქსირდა.