“საგანგაშოა ის ფოტოები და ვიდეოები, რომლებიც ბათუმის გასართობი ღონისძიებებიდან ვრცელდება”

“საწოლფონდი არის ძალიან გადატვირთული, დღეს 6400 პაციენტი მკურნალობს ჰოსპიტალში და 7000-მდე საწოლია მობილიზებული. თუ არ შეჩერდა ეპიდემიის აღმასვლა და ესკალაციის სახე მიიღო, ბუნებრივია, ჰოსპიტალურ სექტორს გაუჭირდება დამატებითი შემთხვევების მართვა და ჰოსპიტალური რესურსიც არის შეზღუდული.

ნახტომისებური ზრდა ბოლო დღეებში აღარ ყოფილა, თუმცა შემთხვევების მატება გრძელდება. პიკი, რომელიც დღეს გვაქვს ჯერჯერობით არ არის დასტაბილურებული და გარკვეული ზრდის მოლოდინი, როგორც მიმდინარე ზრდის ტენდენციიდან იკვეთება, მომდევნო კვირაშიც უნდა გვქონდეს. შემთხვევების უდიდესი ნაწილი რჩება ბინაზე, ჰოსპიტალიზაციის პროცესი დღეს გვაქვს იმაზე უფრო დაბალი, ვიდრე გვქონდა ნოემბერი-დეკემბრის პერიოდში.

ნებისმიერი აქტივობა დღეს შეიძლება გახდეს „ბუსტერი“ ინფექციის გავრცელებისთვის, ამიტომ ყველა მხარეს უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად. ბათუმში რომ აქტივობა ძალიან მაღალია, ამას ყველა ვხედავთ, ნამდვილად საგანგაშოა ის ფოტოები და ვიდეოები, რომლებიც ვრცელდება სოციალურ ქსელში ბათუმის გასართობი ღონისძიებებიდან, თუ სოციალური თავყრილობებიდან გამომდინარე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share