გურიაში ნოდარ დუმბაძისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა

14 ივლისს, ნოდარ დუმბაძეს 95 წელი შეუსრულდებოდა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში, გაიმართა საიუბილეო ღონისძიება, რომელზეც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცემული საიუბილეო წიგნი-ალბომი – „ნოდარ დუმბაძე ქართული თეატრის სცენაზე“ და საიუბილეო კრებული „ნოდარ დუმბაძე – წერილები, რეცენზიები, პუბლიკაციები“ იქნა წარმოდგენილი. ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები, ნოდარ დუმბაძის შთამომავლები და ოჯახის წევრები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
საიუბილეო წიგნ-ალბომის – „ნოდარ დუმბაძე ქართული თეატრის სცენაზე“ – ავტორია დიმიტრი ხვთისიაშვილი. იგი მოიცავს სხვადასხვა თეატრში მწერლის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული სპექტაკლების ამსახველ ფოტომასალას. წიგნ-ალბომს ერთვის ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით სახელმწიფო თეატრებში დადგმული სპექტაკლების სრული ნუსხა.
მწერლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებულის – „ნოდარ დუმბაძე – წერილები, რეცენზიები, პუბლიკაციები“ – შემდგენლები არიან ქეთევან დუმბაძე და გიორგი კაკაბაძე. წიგნში თავმოყრილია რეცენზიები, წერილები, ნარკვევები, გამოკვლევები. ეს არის ნოდარ დუმბაძის მრავალმხრივი შემოქმედებითი მემკვიდრეობის მეცნიერული შესწავლა-დამუშავების პირველი ცდა. კრებულში შევიდა ნოდარ დუმბაძის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი უცნობი ფოტოები, ხელნაწერები და დოკუმენტები.
ასევე, სოფელ ხიდისთავის საფეხბურთო მოედანზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მუნიციპალური საფეხბურთო ტურნირი გაიხსნა. ტურნირში 11 გუნდი მონაწილეობს. გამარჯვებული 21 ივლისს გამოვლინდება.
საღამოს, ნოდარ დუმბაძის სახელობის მეოთხე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა სახალხო თეატრმა ნოდარ დუმბაძის დაბადების დღის აღსანიშნავად წარმოადგინა სპექტაკლი „ინტერვიუ სარკეში“ (რეჟ. ელენე მაცხონაშვილი).
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share