დავით დარჩია რქოსან პირუტყვებს შემოწყრა “ტკვირავენ და ტკვირავენ ემენიუსებს ეს ოჯახქორები”

ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დარჩია, ქალაქის ცენტრში “მოსეირნე” მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის “საქციელით” აღშფოთებულია და შესაბამისი უწყებებიდან ქმედითი ღონისძიებების გატარებას ითხოვს:

“გამევიარე აგერ ახლა სახლიდან სამსახურში მოსვლამდე და რას ვხედავ, დგანარიენ აი ძროხები და ტკვირავენ და ტკვირავენ, (გურული დიალექტი-ქართულად ღეჭვით ჭამას ნიშნავს) ამ ემენიუსებს. რაფერ გეიხარებს აგენი არ ვიცი მე”

თქვა დარჩიამ, ამ დღეებში, ოზურგეთის საკრებულოს სხდომის დაწყებისას.

ოზურგეთის ცენტრალურ ნაწილში ემენიუსის ჯიშის ხე-მცენარეები, ქალაქის მერის, ბეგლარ სიორიძის ინიციატივით დაირგო, თუმცა ამ მცენარეებმა ზრდა და განვითარება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვების “შემოსევების” გამო ვერ შეძლო.

ემენიუსი თავდაპირველად ჭავჭავაძის ქუჩაზე გაშენდა, შემდეგ კი, მისი დარგვა აღმაშენებლის ქუჩაზე დაიწყო:

‘’მას შემდეგ რაც ემენიუსის ჯიშის მცენარეები ჭავჭავაძის ქუჩაზე დავრგეთ, აღნიშნულმა ნარგავებმა მოსახლეობაში ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. ამიტომ აღმაშენებლის ქუჩის მცხოვრებლებმაც ითხოვეს მათი ქუჩის იგივე მცენარით გამწვანება. შესაბამისად, ჩვენ გავითვალისწინეთ მოსახლეობის თხოვნა. გარდა იმისა, რომ ეს მცენარე ყინვაგამძლე და ვიზუალურად ეფექტურია, ადვილია მოსავლელადაც და მისთვის სასურველი ფორმის მიცემა მარტივია. მოგეხსენებათ, რომ ხსენებული ქუჩა ქალაქის ცენტრალური შემოსასვლელია, ის ქალაქის ერთგვარი სავიზიტო ბარათი გახლავთ და კმაყოფილი ვარ,რომ ამ ქუჩის სრულიად შეცვლილ და განახლებულ იერ-სახეს ემენიუსი ძალიან მოუხდა.’’ -კუდაბზიკობდა მაშინ, ქალაქის მერი, ბეგლარ სიორიძე.

ჯერ ჯერობით უცნობია, თუ რა ზომებს მიიღებს ადგილობრივი ხელისუფლება ქალაქში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვების “თარეშის”  აღმო0საფხვრელად.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share