ვინ იყვნენ კავკასიძეები
“თექალე (თეკკალე), სოფელი თექალე, კავკასიძეების ციხე მართალია, პატარაა, მაგრამ ძალიან პირქუშია და მიუდგომელი. მთელ პროვინციაში ასეთი მიუვალი ციხის პოვნა გაგიჭირდებათ. ამ ციხეზე ასვლას ექვთიმე თაყაიშვილიც ოცნებობდა, თუმცა დიდმა მეცნიერმა ეს ვერ მოახერხა…”
“კავკასიძეების ციხე… ტაო…
უკვე ციტადელს მოადგა… მალე წყალი დაფარავს მრავალსაუკუნოვან ისტორიას!..“ რამდენიმე დღეა ასეთი წარწერით ვრცელდება კავკასიძეების ციხის ფოტოები…
თუ ვინ იყვნენ კავკასიძეები, თემურ ჯოჯუას ნაშრომი – „IV. მარხვანისათვის (H-375ა) დართული გულფაიქ წმედისძის მინაწერის ცნობები უცნობი ერისთავთერისთავის გიორგი კავკასიძის (1535/1536-1545 წწ.) შესახებ და ტაოს საერისთავოს XVI საუკუნის I ნახევრის ისტორიის საკითხები“… გვამცნობს:
– მარხვანისათვის დართულ გულფაიქ წმედისძის მინაწერში, ისტორიულ წყაროთმცოდნეობითი თვალსაზრისით, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ის ფაქტი, რომ კოლოფონში გულფაიქის მამამთილი გიორგი კავკასიძე “ერისთავთერისთავის” ანუ შუა საუკუნეების ქართული სახელმწიფოს უმაღლესი “საქვეყნოდ გამრიგე” მოხელის, ქვეყნის ერთ-ერთი სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეულის – საერისთავოს მმართველის წოდებით არის მოხსენიებული: ღმერთო, შეიწყალე… წვმედიძისა ასული, ერისთავთერისთავისა, კავკასიძისა, ბატონისა გიორგისა რძალი გულფაიქ…”. გულფაიქ წმედისძის მინაწერში დაცული ამ ცნობის სამეცნიერო ღირებულებას ერთიორად ზრდის ის გარემოება, რომ გიორგი კავკასიძის ერისთავობის ფაქტი ქართული ისტორიოგრაფიისათვის აქამდე სრულებით უცნობი იყო. ქვემოთ, ამ მეტად საინტერესო ფაქტთან დაკავშირებულ საკითხებს მაქსიმალური სისრულით განვიხილავ.
1) ერისთავთერისთავ გიორგი კავკასიძის საგანმგებლო საერისთავოს იდენტიფიკაცია და მისი ერისთავობის ქრონოლოგია
გულფაიქ წმედისძის კოლოფონში პირდაპირ არ არის მითითებული, თუ, სახელდობრ, რომელი საერისთავოს მმართველი იყო გიორგი კავკასიძე ან, კონკრეტულად, რომელ პერიოდში ფლობდა იგი ერისთავის წოდებას. მიუხედავად ამისა, აღნიშნული საკითხების გარკვევა მაინც შესაძლებელია.
დავიწყებ იმით, რომ XV საუკუნეში გადაწერილი მარხვანისათვის დართული გულფაიქ წმედისძის მინაწერი, მისი პალეოგრაფიული მონაცემების მიხედვით, XVI საუკუნით თარიღდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ირკვევა, რომ კოლოფონში მოხსენიებული ერისთავთერისთავი გიორგი კავკასიძე იმავე XVI საუკუნეში მოღვაწე ერისთავი იყო.
დღეისათვის სამეცნიერო ლიტერატურაში დადგენილია, რომ XVI საუკუნის საქართველოში სულ ხუთი საერისთავო არსებობდა: 1. ოდიშის; 2. გურიის; 3. რაჭის; 4. ქსნის; 5. არაგვის. გარდა ამისა, დღეისათვის გარკვეულია ისიც, რომ XVI საუკუნეში ოდიშის ერისთავობას დადიანები ფლობდნენ (არახამია 2003: 50-53), გურიის ერისთავობას – დადიანების გვერდითი შტოს წარმომადგენლები და კობალაძეები (არახამია 2003: 63-65; სოსელია 1973: 255), რაჭის ერისთავობას – ჩხეტისძეები (სოსელია 1973: 74, 110-111), ქსნის ერისთავობას – ქვენიფნეველები(ჟორდანია 1897: 22-26, 28), ხოლო არაგვის ერისთავობას – თექთურმანიძეები, ჭარმაულები და სიდამონისძეები (ბახტაძე 2005: 5-14) ფლობდნენ.
როგორც ვხედავთ, დასახელებული საერისთავოების გეოგრაფიასა და მათი მმართველი ერისთავების საგვარეულო კუთვნილებაზე დაკვირვება აჩვენებს, რომ XVI საუკუნის საქართველოში დღეისათვის დადასტურებულ ხუთივე საერისთავოს, რომელთაგან სამი საერისთავო (ოდიშის, გურიისა და რაჭის) დასავლეთ, ხოლო ორი საერისთავო (ქსნისა და არაგვის) აღმოსავლეთ საქართველოში მდებარეობდა, ერთი საერთო თავისებურება ახასიათებდა:
უკლებლივ ყველა ამ საერისთავოს უეჭველად იმ არისტოკრატული საგვარეულოების წარმომადგენლები მართავდნენ, რომლებიც ან ძველთაგანვე შესაბამის საერისთავოში ცხოვრობდნენ, ან კიდევ, ამ საერისთავოში რომელიმე მეზობლად მდებარე პროვინციიდან იყვნენ გადასახლებული. კერძოდ, ოდიშის საერისთავოს განაგებდნენ დადიანები, რომლებიც ძველთაგანვე ოდიშში მკვიდრობდნენ, გურიის საერისთავოს – მეზობელი ოდიშიდან გადასული დადიანები და ძველთაგანვე გურიაში მცხოვრები კობალაძეები, რაჭის საერისთავოს – მეზობელი იმერეთიდან გადასახლებული ჩხეტისძეები, ქსნის საერისთავოს – ამ მხარეში, ყველაზე უფრო გვიან, XIII საუკუნეში დამკვიდრებული ქვენიფნეველები, ხოლო არაგვის საერისთავოს – თექთურმანიძეები, ჭარმაულები და სიდამონისძეები, რომელთაგან თექთურმანიძეები და ჭარმაულები ძველთაგანვე თერგისა და არაგვის ხეობებში ცხოვრობდნენ, ხოლო სიდამონისძეები – მეზობელი ლიახვის ხეობიდან იყვნენ გადასულები.
აღნიშნული თავისებურების გათვალისწინებით, ვფიქრობ, არ შევცდები, თუკი დავასკვნი, რომ გულფაიქ წმედისძის მინაწერში მოხსენიებული ერისთავთერისთავი გიორგი კავკასიძე XVI საუკუნის საქართველოში დღეისათვის დადასტურებული ხუთი საერისთავოდან ვერც ერთი საერისთავოს მმართველი ვერ იქნებოდა: ეს ხუთი საერისთავო დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში მდებარეობდა, კავკასიძეთა საგვარეულო კი, რომელსაც ერისთავთერისთავი გიორგი კავკასიძე ეკუთვნოდა, ამ რეგიონებიდან ასეულობით კილომეტრის დაშორებით, ისტორიული სამხრეთ-დასავლეთი საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ტაოს პროვინციაში შემავალ ასისფორის მხარეში სახლობდა და, შესაბამისად, ოდიშის, გურიის, რაჭის, ქსნისა და არაგვის საერისთავოებთან რაიმე პირდაპირი ისტორიულ-გეოგრაფიული, სამხედრო-პოლიტიკური თუ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული კავშირი არ ჰქონდა.
მაშასადამე, აღნიშნულის გათვალისწინებით, ირკვევა შემდეგი:
1. გულფაიქ წმედისძის მინაწერში მოხსენიებული ერისთავთერისთავი გიორგი კავკასიძე XVI საუკუნის საქართველოში დღეისათვის დადასტურებული ოდიშის, გურიის, რაჭის, ქსნისა და არაგვის საერისთავოების მმართველი არ იყო და იგი სულ სხვა საერისთავოს განაგებდა, რომლის XVI საუკუნეში არსებობის ფაქტიც მკვლევართათვის აქამდე უცნობი იყო.
2. ის საერისთავო, რომელსაც ერისთავთერისთავი გიორგი კავკასიძე განაგებდა, კავკასიძეთა ფეოდალური სახლის საცხოვრებელი არეალისა და XVI საუკუნის ქართული საერისთავოებისათვის დამახასიათებელი, ზემოთ აღნიშნული თავისებურების გათვალისწინებით, ტაოს პროვინციის ტერიტორიის მომცველი სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული იყო.
მიღებული დასკვნების შემდეგ ბუნებრივად დაისმის კითხვა: კონკრეტულად, რომელი საერისთავოს არსებობაა სავარაუდებელი ტაოს პროვინციის ტერიტორიაზე XVI საუკუნეში?
დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა მაინცდამაინც რთული ამოცანა არ არის: ერთადერთი საერისთავო, რომელიც XVI საუკუნის წინარე, ახლო ხანებში, უფრო ზუსტად კი, XIV-XV საუკუნეებში ისტორიულ ტაო-კლარჯეთში მოქმედებდა, ტაოს საერისთავო იყო (ბახტაძე 2003: 260-271, 276-280). შესაბამისად, თუკი ტაოს პროვინციის ტერიტორიაზე XVI საუკუნეში რომელიმე საერისთავოს არსებობაა სავარაუდებელი, ეს მხოლოდ ტაოს საერისთავო შეიძლება იყოს.
ამგვარად, დგინდება, რომ XVI საუკუნეში მოღვაწე ერისთავთერისთავი გიორგი კავკასიძე, რომელიც ტაოში მოსახლე კავკასიძეთა ფეოდალურ სახლს ეკუთვნოდა, ტაოს პროვინციის მომცველი სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეულის ანუ ტაოს საერისთავოს განმგებელი იყო.
თუ ჩემი ბოლო დასკვნა სწორია და ერისთავთერისთავი გიორგი კავკასიძე ნამდვილად ტაოს ერისთავი იყო, მაშინ ლოგიკურად დაისმის კიდევ ერთი კითხვა: XVI საუკუნის, კონკრეტულად, რომელ ქრონოლოგიურ მონაკვეთში ფლობდა გიორგი კავკასიძე ტაოს ერისთავის თანამდებობას? დასმულ კითხვაზე მსჯელობისას, პირველ რიგში, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ შუა საუკუნეების საქართველოში ერისთავობის ინსტიტუტი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, სამეფო ხელისუფლების შემადგენელი ორგანული ნაწილი იყო:
ერისთავები მეფის მიერ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში მოქმედი სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეულების – საერისთავოების მმართველად დადგენილი დიდმოხელეები იყვნენ, რომლებიც შესაბამის საერისთავოს მეფის სახელით მართავდნენ და ამ საერისთავოში უმაღლეს სამხედრო, ადმინისტრაციულ, სასამართლო და ფისკალურ ძალაუფლებას ფლობდნენ (შოშიაშვილი 1979: 192). შესაბამისად, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას ისიც, რომ შუა საუკუნეების საქართველოში ამა თუ იმ ტერიტორიაზე ერისთავის, როგორც მეფის ხელქვეითი “საქვეყნოდ გამრიგე” დიდმოხელის ინსტიტუტი, ტრადიციულად, მხოლოდ მაშინ არსებობდა, როცა მოცემული ტერიტორია სამეფო კარის იურისდიქციის ქვეშ იყო მოქცეული.
ამ ბოლო დასკვნას ჩემი შემდგომი მსჯელობისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს:
დღეისათვის სამეცნიერო ლიტერატურაში არგუმენტირებულად არის დადგენილი, რომ XVI საუკუნეში ისტორიული ტაო-კლარჯეთი სამცხის საათაბაგოს შემადგენლობაში შედიოდა და მასზე სამეფო ხელისუფლება XVI საუკუნის მხოლოდ ერთ კონკრეტულ ქრონოლოგიურ მონაკვეთში – 1535/1536-1545 წლებში ვრცელდებოდა, როდესაც ისტორიული ტაო-კლარჯეთი იმერეთის მეფის – ბაგრატ III-ის (1510-1565 წწ.) მიერ იყო დაპყრობილი (რეხვიაშვილი 1992: 57-93).
შესაბამისად, საბოლოოდ ირკვევა ისიც, რომ ერისთავთერისთავი გიორგი კავკასიძე ტაოს ერისთავის თანამდებობას უეჭველად 1535/1536-1545 წლებში ფლობდა: XVI საუკუნის რომელიმე სხვა ქრონოლოგიურ მონაკვეთში გიორგი კავკასიძე ერისთავის წოდებას, უბრალოდ, ვერ მიიღებდა, ვინაიდან 1535/1536-1545 წლის წინარე ხანებსა თუ მომდევნო პერიოდში ისტორიულ ტაო-კლარჯეთში ერისთავის ინსტიტუტი გაუქმებული იყო. ერისთავთერისთავ გიორგი კავკასიძის ერისთავობის ქრონოლოგიის განსაზღვრას, ამ უკანასკნელის ცხოვრება-მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხების გარკვევის გარდა, გულფაიქ წმედისძის მინაწერის ქრონოლოგიის დაზუსტებისათვისაც უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. მე უკვე აღვნიშნე ზემოთ, რომ განსახილველი კოლოფონი, პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით, XVI საუკუნით თარიღდება. ახლა, ვითვალისწინებ იმ ფაქტს, რომ მინაწერში გიორგი კავკასიძე ერისთავთერისთავის წოდებით არის მოხსენიებული, აგრეთვე, იმ გარემოებას, რომ გიორგი კავკასიძე ტაოს ერისთავის თანამდებობას 1535/1536-1545 წლებში ფლობდა და გამოვთქვამ მოსაზრებას, რომ გულფაიქ წმედისძის კოლოფონი გიორგი კავკასიძის ტაოს ერისთავად ყოფნის პერიოდში ანუ იმავე 1535/1536-1545 წლებში იყო შედგენილი. ამგვარად, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საბოლოოდ დგინდება შემდეგი:
1. მარხვანისათვის დართულ გულფაიქ წმედისძის მინაწერში მოხსენიებული ერისთავთერისთავი გიორგი კავკასიძე ტაოს ერისთავი იყო;
2. ერისთავთერისთავი გიორგი კავკასიძე ტაოს ერისთავის თანამდებობას1535/1536-1545 წლებში ფლობდა;
3. გულფაიქ წმედისძის მინაწერი მის ტექსტში ერისთავთერისთავადმოხსენიებული გიორგი კავკასიძის ტაოს ერისთავად ყოფნის პერიოდში, ანუ 1535/1536-1545 წლებში იყო შედგენილი.
2) ტაოს საერისთავოს XVI საუკუნის I ნახევრის ისტორიის საკითხები
გულფაიქ წმედისძის მინაწერს ერისთავთერისთავ გიორგი კავკასიძისცხოვრება-მოღვაწეობასთან დაკავშირებული საკითხების გარდა, ტაოს საერისთავოს XVI საუკუნის I ნახევრის ისტორიის შესწავლისათვისაც უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს.
დღეისათვის ქართველი მკვლევრების მიერ დადგენილია, რომ ტაოს საერისთავო XIII საუკუნის ბოლოს, ფანასკერტის საერისთავოს დაშლის შედეგად შეიქმნა. თავად ფანასკერტის საერისთავო, რომლის არსებობაც წერილობითწყაროებში XII საუკუნის II ნახევრიდან დასტურდება, ვრცელი სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული იყო: ის თითქმის მთელს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მოიცავდა და მის შემადგენლობაში ჭოროხის აუზში მდებარე სამი დიდიპროვინცია – ტაო, კლარჯეთი და შავშეთი შედიოდა. XII საუკუნის მიწურულიდანვე ფანასკერტის საერისთავოს შავშეთიდან გამოსული ასპანისძე-ფანასკერტელები განაგებდნენ. XIII საუკუნის მიწურულს ჯაყელ-ციხისჯვარელთა ძლევამოსილმა ფეოდალურმა სახლმა ფანასკერტის საერისთავოს უმეტესი ნაწილი მიიტაცა და კლარჯეთზე, შავშეთსა და ტაოს ზოგიერთ მხარეზე საკუთარი ძალაუფლება გაავრცელა. ფანასკერტელთა დაქვემდებარებაში მხოლოდ ტაოსნაწილიღა დარჩა. შედეგად, ფანასკერტის საერისთავომ არსებობა შეწყვიტა, ტაოს იმ ნაწილში კი, რომელზეც ჯაყელ-ციხისჯვარელებმა საკუთარი იურისდიქციის გავრცელება ვერ მოახერხეს, ახალი სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული – ტაოს საერისთავო შეიქმნა, რომელსაც ფანასკერტელები ჩაუდგნენსათავეში. XIV-XV საუკუნეებში ტაოს საერისთავო ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე მოქმედი ერთადერთი საერისთავო იყო და მას კვლავინდებურად ფანასკერტელები განაგებდნენ. 1460-იან წლებში ჯაყელ-ციხისჯვარელებმა, რომლებიც სამცხის ათაბაგობას ფლობდნენ და ჭოროხის აუზსა და მტკვრის ხეობის ზემო წელზე საქართველოს მეფეებისაგან დამოუკიდებელისამთავროს შექმნას ცდილობდნენ, სამეფო კარის ერთგული ტაოს ერისთავიზაზა ფანასკერტელი თანდათანობით შეავიწროვეს და ბოლოს ტაო-კლარჯეთიდან საერთოდ განდევნეს კიდეც. ზაზა ფანასკერტელი ქართლში გადასახლდა, ტაოს საერისთავო კი, სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, სამუდამოდ გაუქმდა (ბერძენიშვილი 1960: 100-109; კლდიაშვილი 2002: 217-219, 221, 225, 229-230, ჩანართი; ბახტაძე 2003: 277-280).
ჩემი დაკვირვებით, გულფაიქ წმიდისძის მინაწერს ქართველ მკვლევართამიერ რეკონსტრუირებულ და დღეისათვის საყოველთაოდ გაზიარებულ ამ საისტორიო სურათში მეტად მნიშვნელოვანი კორექტივი შეაქვს: კოლოფონი აქამდესრულებით უცნობ ისტორიულ ფაქტს გვამცნობს, უფრო ზუსტად კი, გვაუწყებს, რომ 1460-იან წლებში სამცხის ათაბაგების მიერ გაუქმებული ტაოს საერისთავო 1535/1536-1545 წლებში აღდგა და მას ტაოს პროვინციაში მცხოვრებკავკასიძეთა საგვარეულოს ერთ-ერთი წარმომადგენელი, ერისთავთერისთავი გიორგი კავკასიძე ჩაუდგა სათავეში.
ცალკე მსჯელობის საგანია ის ისტორიული პროცესები, რომლებმაც ტაოსს აერისთავოს აღდგენა განაპირობა. მე უკვე აღვნიშნე ზემოთ, რომ ტაოს საერისთავოს აღდგენა იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის მიერ სამცხის საათაბაგოსდაპყრობასთან იყო დაკავშირებული. თავად მეფე ბაგრატ III-ის მიერ სამცხის საათაბაგოს დაპყრობის საკითხი ქართულ ისტორიოგრაფიაში საკმაოდ კარგადარის შესწავლილი. დღეისათვის დადგენილია, რომ 1535 წელს მეფე ბაგრატ III-მ ჯავახეთში, მურჯახეთთან გამართულ ბრძოლაში სამცხის ათაბაგი ყვარყვარე III (1515-1535 წწ.) სასტიკად დაამარცხა და ტყვედ ჩაიგდო. ათაბაგი ყვარყვარე III ტყვეობაში გარდაიცვალა, მისი მემკვიდრე, მცირეწლოვანი ქაიხოსრო, შემდგომში, ათაბაგი ქაიხოსრო III (1545-1573 წწ.) დახმარების სათხოვნელად ოსმალეთში წავიდა, მეფე ბაგრატ III კი სამცხის საათაბაგოს დაპყრობას შეუდგა.
1536 წელს ოსმალები სამცხის საათაბაგოში შეიჭრნენ, ტაოსა და კლარჯეთისპროვიციები დაიკავეს და ამ ტერიტორიაზე ოთხი ოსმალური სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული – სანჯაყი შექმნეს. მეფე ბაგრატ III-მ ოსმალებს შეუტია და სულ მოკლე ხანში მთელს სამცხის საათაბაგოზე საკუთარი იურისდიქცია გაავრცელა. შედეგად, 1535-1536 წლებში სამცხის საათაბაგო, როგორც სახელმწიფოებრივი ერთეული, გაუქმდა და მისი ტერიტორია იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა. 1543 წელს ოსმალთა ლაშქარი სამცხის საათაბაგოში შეიჭრა და ციხე-ქალაქ ოლთისს ალყა შემოარტყა. მეფე ბაგრატ III-მ ოსმალები დიპლომატიური ხერხის დახმარებით უკან გააბრუნა, შემდეგ მოულოდნელადთავს დაესხა და ქარაღაქთან გამართულ ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა. 1545 წელს ოსმალთა ახალი ლაშქარი სამცხის საათაბაგოსაკენ დაიძრა. გადამწყვეტ ბრძოლაში, რომელიც ბასიანში, სოხოისტასთან გაიმართა, ქართველებმა დიდი მარცხი განიცადეს. მეფე ბაგრატ III დასავლეთ საქართველოში გადავიდა, ოსმალებმა კი სამცხის საათაბაგო დაიკავეს და სამთავრო ტახტზე ქაიხოსრო III აიყვანეს.
ამგვარად, 1545 წელს სამცხის საათაბაგო იმერეთის სამეფოს შემადგენლობიდან გამოვიდა და კვლავ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა(გუჩუა 1973: 104, 106-17; რეხვიაშვილი 1976: 29-39; რეხვიაშვილი 1989: 33-40; რეხვიაშვილი 1992: 66-68). სამწუხაროდ, დღეისათვის ცნობილი ქართული და უცხოური წერილობითი წყაროები, პრაქტიკულად, ვერანაირ წარმოდგენას ვერ გვიქმნის იმის თაობაზე, თუ სახელდობრ, რა სახის სამხედრო, ადმინისტრაციული, სამოხელეო, საკადრო თუ ფისკალური პოლიტიკა გაატარა მეფე ბაგრატ III-მ მის მიერ დაპყრობილი სამცხის საათაბაგოს ტერიტორიაზე 1535/1536-1545 წლებში. 12 უფრო მეტიც, დღეისათვის ისიც კი არ ვიცით, იმერეთის მეფემ სამცხის საათაბაგოში მანამდე არსებული სამხედრო-ადმინისტრაციული მოწყობის სისტემა უცვლელი დატოვა თუ ამ ტერიტორიაზე ახალი, ერისთავობის ინსტიტუტზე დამყარებული სამხედრო-ადმინისტრაციული მოწყობის სისტემა შემოიღო.
გულფაიქ წმედისძის მინაწერი ამ ბოლო საკითხის შესახებ უძვირფასეს ცნობებს გვაწვდის. კერძოდ, კოლოფონი გვაუწყებს, რომ მეფე ბაგრატ III-მ მისი იურისდიქციის ქვეშ მოქცეულ სამცხის საათაბაგოში ერისთავობის ინსტიტუტზე დამყარებული სამხედრო-ადმინისტრაციული მოწყობის სისტემის შემოღება სცადა და ამ მიზნით, ტაოს პროვინციის ტერიტორიაზე სამცხის ათაბაგების მიერ ჯერ კიდევ 1460-იან წლებში გაუქმებული სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული – ტაოს საერისთავო აღადგინა. მართალია, გულფაიქ წმედისძის მინაწერი ტაოს ახლადაღდგენილი საერისთავოს სტატუსისა და მისი ერისთავის უფლება-მოვალეობების შესახებ რაიმე კონკრეტულ მითითებას არ გვაწვდის, მაგრამ, ვფიქრობ, სრულებით აშკარაა, რომ ტაოს საერისთავოს, რომელიც იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში შემავალი ერთ-ერთი სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული იყო, დაახლოებით ისეთივე სტატუსი ჰქონდა, როგორი იურიდიული სტატუსიც იმერეთის სამეფოსსხვა სამხედრო-ადმინისტრაციულ ერთეულებს – ოდიშის, გურიისა და რაჭისსაერისთავოებს გააჩნდათ, ტაოს ერისთავი კი, რომელიც იმერეთის მეფის ქვეშევრდომი “საქვეყნოდ გამრიგე” დიდმოხელე იყო, მეტნაკლებად, იმავე უფლება-მოვალეობებით იყო აღჭურვილი, როგორი უფლება-მოვალეობებიც იმერეთის მეფის სამსახურში მდგომ სხვა “საქვეყნოდ გამრიგე” დიდმოხელეებს – ოდიშის, გურიისა და რაჭის ერისთავებს ჰქონდათ.
მას შემდეგ, რაც გავარკვიე, რომ ტაოს საერისთავოს აღდგენა მეფე ბაგრატ III-ის მიერ სამცხის საათაბაგოს დაპყრობასა და ამ ტერიტორიაზე ერისთავობის ინსტიტუტზე დამყარებული სამხედრო-ადმინისტრაციული მოწყობის სისტემის შემოღებასთან იყო დაკავშირებული, შემიძლია, ტაოს საერისთავოს აღდგენისა და მისი საბოლოოდ გაუქმების ქრონოლოგიის შესახებაც გამოვთქვა მოსაზრება:
ვფიქრობ, ყოველგვარ ეჭვსგარეშეა, რომ მეფე ბაგრატ III-მ ტაოს საერისთავო მის მიერ სამცხის საათაბაგოს დაპყრობის უახლოეს ხანებში, ანუ იმავე 1535-1536 წლებში აღადგინა, ხოლო ათაბაგმა ქაიხოსრო III-მ იმერეთის მეფის მიერ შექმნილი ეს სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული მეფე ბაგრატ III-ის დამარცხებისა და სამცხის საათაბაგოზე საკუთარი იურისდიქციის აღდგენიდან უმოკლეს პერიოდში, ანუ, იმავე 1545 წელს გააუქმა. მაშასადამე, ირკვევა, რომ 1460-იან წლებში გაუქმებული ტაოს საერისთავო 1535-1536 წლებში აღდგა, ათი წლის განმავლობაში იარსება და 1545 წელს საბოლოოდ გაუქმდა.
ამგვარად, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საბოლოოდ დგინდება შემდეგი:
1. დღეისათვის სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრებული მოსაზრება, რომლის თანახმადაც ტაოს საერისთავო 1460-იან წლებში სამუდამოდ გაუქმდა, მართებული არ არის. სინამდვილეში, სამცხის ერისთავების მიერ 1460-იან წლებში გაუქმებული ტაოს საერისთავო 1535-1536 წლებში აღდგა, ათი წლის განმავლობაში იარსება და 1545 წელს საბოლოოდ გაუქმდა;
2. 1535-1536 წლებში იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ სამცხის საათაბაგო დაიპყრო და ამ ტერიტორიაზე ახალი, ერისთავობის ინსტიტუტზე დამყარებული სამხედრო-ადმინისტრაციული მოწყობის სისტემის შემოღება სცადა. მან იმავე 1535-1536 წლებში ტაოს პროვინციის ტერიტორიაზე 1460-იან წლებში გაუქმებული ტაოს საერისთავო აღადგინა და მის მმართველად ერისთავთერისთავი გიორგი კავკასიძე განაწესა;
3. 1535/1536-1545 წლებში ტაოს საერისთავო იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში შემავალი სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული იყო და მას, დაახლოებით, ოდიშის, გურიისა და რაჭის საერისთავოების იდენტური იურიდიული სტატუსი ჰქონდა. აღნიშნულ პერიოდში ტაოს ერისთავი იმერეთის მეფეს ემორჩილებოდა და იგი, დაახლოებით, ოდიშის, გურიისა და რაჭის ერისთავების მსგავსი უფლება-მოვალეობებით იყო აღჭურვილი;
4. 1545 წელს ათაბაგმა ქაიხოსრო III-მ მეფე ბაგრატ III დაამარცხა, სამცხის საათაბაგოზე საკუთარი იურისდიქცია აღადგინა და იმერეთის მეფის მიერ შექმნილი ტაოს საერისთავო საბოლოოდ გააუქმა.
რა ბედი ეწია ერისთავთერისთავ გიორგი კავკასიძეს ტაოს საერისთავოს გაუქმების შემდეგ, ეს, შესაბამისი მასალის უქონლობის გამო, ჯერჯერობით უცნობია.
კვირის პალიტრა