თბილისი რუსებისთვის აგვისტოში დასასვენებლად ყველაზე პოპულარულ უცხოურ მიმართულებებს შორის, სტამბოლის შემდეგ, მეორე ადგილზეა. ამის შესახებ მოგზაურობის დაგეგმვის სერვის OneTwoTrip-ის უცხოური სასტუმროების ჯავშნების ანალიზში წერია, რასაც „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
სერვისის მონაცემებით, თბილისს რუსეთის ფარგლებს გარეთ სასტუმროების ჯავშნების მთლიანი რაოდენობის 4,4% უკავია, ხოლო წლის განმავლობაში თბილისის საცხოვრებლებზე მოთხოვნა ყველაზე მეტად, კერძოდ, 69,2%-ით გაიზარდა.
OneTwoTrip ცალკე ასახელებს ოკუპირებული აფხაზეთის საკურორტო ქალაქ გაგრას, რომელსაც ჯავშნების 2%-იანი მაჩვენებლით რუსებს შორის მოთხოვნადი ქალაქების სიაში ადგილი ნეაპოლსა და ტოკიოს შორის უკავია.
აღსანიშნავია, რომ მოთხოვნის წლიური ზრდის თვალსაზრისით თბილისი სტამბოლზე პოპულარულია, რადგან წლის განმავლობაში თურქეთის ქალაქის საცხოვრებლებზე მოთხოვნა 19,5%-ით შემცირდა. ამის მიუხედავად, სტამბოლს რუსეთის ფარგლებს გარეთ სასტუმროების ჯავშნების მთლიანი რაოდენობის 6,6% უკავია და პირველ ადგილზეა.
OneTwoTrip-მა რუსებს შორის მოთხოვნადი ქალაქების სიაში, ასევე, შიყვანა ერევანი (3,4%), რომი (3,4%), პარიზი (3,2%), ნეაპოლი (2,4%), ტოკიო (1,9%) და ათენი (1,7%).
სერვისის მონაცემებით, გასულ წელს რუსების მიერ სასტუმროების ჯავშნების საერთო რაოდენობაში უცხოეთის წილი 23,3% იყო, რაც წელს 28,8%-მდე გაიზარდა. კვლევის მიხედვით, რუსების, თითქმის, ნახევარი საზღვარგარეთ დასასვენებლად 4-7 დღით მიდის და ჯავშნების 43,8% სწორედ ამ ვადით ფორმდება. ამასთან, რუსების 37,2% მოკლე, ანუ სამ დღემდე მოგზაურობას გეგმავს, ხოლო 8-დან 14 დღემდე დასვენებას 19% ირჩევს.