საქართველოში პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ თქვა, რომ თბილისში ქართულ-რუსული უნივერსიტეტი გაიხსნება. ამის შესახებ მან საქართველოში დაფუძნებულ რუსულენოვან მედიასთან რამდენიმე დღის წინ ისაუბრა.
კრემლისტური ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს უნივერსიტეტის განსათავსებელი შენობის ძებნა. მისივე თქმით, სწავლა უფასო იქნება და ხარჯებს რუსეთის ფედერაცია დაფარავს.
“ახლა კონკრეტულად განიხილება ქართულ-რუსული უნივერსიტეტის შექმნის საკითხი. ამ ეტაპზე ჩვენ ვეძებთ შესაბამის ადგილს ამ სასწავლო დაწესებულების განსათავსებლად. უნივერსიტეტში სწავლა უფასო იქნება – დაფინანსების ხარჯებს საკუთარ თავზე რუსეთის ფედერაცია აიღებს. ეს იქნება უნიკალური უმაღლესი სასწავლებელი, რომელსაც სრულად დააკომპლექტებს რუსული მხარე. ვფიქრობ, სექტემბრის ბოლოსთვის გვექნება უფრო მკაფიო სურათი და გამოვაქვეყნებთ დეტალებს, რომლებიც ამ უნივერსიტეტს უკავშირდება”. – თქვა ლორთქიფანიძემ.