საქართველომ, – აშშ-ის სტრატეგიულმა პარტნიორმა, რომელსაც კონსტიტუციით აქვს ნაკარნახევი ნატოსკენ სწრაფვა, – სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა ავტორიტარულ ჩინეთთან, რომლის ამბიციები და პოლიტიკაც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს სულ უფრო და უფრო აშფოთებს.
სტრატეგიული პარტნიორობა ახალი ეტაპია ორი ქვეყნის ურთიერთობაში, რომელიც ბოლო წლებში, „სარტყლისა და გზის“ პოლიტიკასა და „შუა დერეფნის“ ფარგლებში, სწრაფად ვითარდებოდა, – განსაკუთრებით უკრაინის ომის ფონზე.
ანალიტიკოსების ერთი ნაწილი ამ ნაბიჯს საგარეო-პოლიტიკური კურსის ცვლილების მორიგ დასტურად აღიქვამს, მეორე კი – დასავლელი პარტნიორების „დაშანტაჟების“ მცდელობად.
„ისტორიული ვიზიტი“
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ერთკვირიანი ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 27 ივლისს დაიწყო საზეიმო დახვედრით. მთავრობა მხოლოდ იმას აანონსებდა, რომ ღარიბაშვილი ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მიიღებდა მონაწილეობას.
ვიზიტის დაწყებიდან მეორე დღეს, სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგდუში, პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა და მასთან ერთად მოულოდნელად გამოაცხადა, რომ საქართველო და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები ხდებიან.
მთავრობის პრესცენტრის ცნობით, სწორედ ამ შეხვედრაზე მიიღეს „საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების გადაწყვეტილება“.
პრეზიდენტ ძინპინის აქცენტები ასეთი იყო:
- „მაღალ დონეზე ვაფასებ“, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებს;
- „ორი ქვეყნის პოლიტიკური ნდობა მყარია“;
- „არ აქვს მნიშვნელობა, საერთაშორისო ასპარეზზე როგორ განვითარდება მოვლენები, ჩინეთის დამოკიდებულება საქართველოსთან ურთიერთობების განვითარების შესახებ არ შეიცვლება“.
- მოუწოდებს ჩინურ კომპანიებს,
- დააბანდონ ფული საქართველოში.
ირაკლი ღარიბაშვილმა სი ძინპინს მადლობა გადაუხადა „საქართველოს ხანგრძლივი მხარდაჭერისათვის და სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პატივისცემისათვის“ და, პასუხად, თავადაც განაცხადა:
„საქართველოც მტკიცედ უჭერს მხარს ერთი ჩინეთის პრინციპს. მრავალჯერ გვაქვს ხაზგასმით დაფიქსირებული ეს პოზიცია და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მხარდაჭერა გამოუცხადა ჩინეთის „სარტყლისა და გზის ინიციატივას“ და „საერთო ბედის საზოგადოების“ კონცეფციის შემადგენელ სამ ინიციატივას. ესენია:
- „გლობალური განვითარების ინიციატივა“
- „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა“
- „გლობალური ცივილიზაციის ინიციატივა“
ეს ინიციატივები, – რომლებიც სინამდვილეში საკმაოდ ამორფულია, – კრიტიკოსების ხედვით, არის ჩინეთის გლობალური გავლენის გაზრდის მცდელობა და ერთგვარი ალტერნატივა დასავლური „წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა“.
„შეზღუდული პარტნიორობა“
ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ოფიციალურად 1992 წელს იწყება და, ძირითადად, ეკონომიკურ პარტნიორობას მოიცავს, რაც თანდათან ძლიერდება. 2022 წლისთვის ჩინეთი საქართველოს ყველაზე მსხვილი საექსპორტო პარტნიორია, ხოლო იმპორტში – რიგით მესამე.
2017 წელს საქართველო ევრაზიის რეგიონში გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
ჩინეთი არის რიგით მე-6 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი რაოდენობით შემოდის ინვესტიციები. 2022 წელს ჩინეთიდან პირდაპირი ინვესტიციის მოცულობა 108 მილიონი აშშ დოლარი იყო.
ჩინეთის სახელმწიფო კომპანიები მონაწილეობენ საქართველოს ინფრასტრუქტურის სექტორში მიმდინარე მეგაპროექტებში, მათ შორის, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალებისა და გვირაბების მშენებლობაში.
საქართველო ასევე არის მნიშვნელოვანი რგოლი ჩინეთის „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში „შუა დერეფანში“. ეს გზა ჩინეთსა და ევროკავშირს აკავშირებს და გვერდს უვლის რუსეთის „ჩრდილოეთის დერეფანს“. უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ჩრდილოეთის დერეფნიდან ტვირთების ნაკადის ნაწილი შუა დერეფანზე გადმოვიდა.
ჩინეთის დიქტატურა
ჩინეთი საკუთარ თავს „დემოკრატიად“ წარმოაჩენს, – „სოციალისტურ, კონსულტაციებზე დაფუძნებულ დემოკრატიად“. მაგრამ სინამდვილეში იგი ავტორიტარული, დიქტატორული სახელმწიფოა, რომელსაც ერთი, კომუნისტური პარტია მართავს.
- ბრიტანული „ეკონომისტის“ ინდექსით, იგი 167 ქვეყანას შორის დემოკრატიის ინდექსით 156-ე ადგილზეა;
- Freedom House-ის თანახმად, პოლიტიკური უფლებები ჩინეთში საერთოდ არ არსებობს, სამოქალაქო უფლებები კი ძალზედ დაბალია. მას შესაძლო 100-დან მხოლოდ 9 ქულა აქვს;
- პარტია აკონტროლებს ცხოვრებისა და მმართველობის ყოველ ასპექტს, – სახელმწიფო ბიუროკრატიას, მედიას, ინტერნეტს, რელიგიას, უნივერსიტეტებს, ბიზნესსა თუ სამოქალაქო ასოციაციებს.
ამის მიუხედავად, საქართველოს პროსახელისუფლებო წრეებში ბოლო რამდენიმე თვეა, საუბრობენ საერთაშორისო წესრიგის ცვლილებაზე, შეერთებული შტატების როლის შესუსტებასა და ჩინეთის გაძლიერებაზე, ხოლო დასავლეთის ალტერნატივად სახავენ სწორედ ჩინეთს, რომელიც „სხვა ერებს ლიბერალიზმს არ ახვევს თავს“.
რადიო თავოსუფლება