შსს-ის ცნობით, შოვში სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონიდან 70-მდე მოქალაქე გამოიყვანეს და უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
უწყების თქმით, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების მიერ უკვე განხორციელდა 3 ფრენა და ადგილზე სამაშველო ღონისძიება კვლავ გრძელდება.
შსს-ის ინფორმაციით, ღონისძიებაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები და ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი.
რამდენიმე საათის წინ კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.
სანსეტ შოვის თანამშრომელი ქეთი მაისურაძე ამბობს, რომ მეწყერი შეჩერებულია და მსხვერპლი არაა. ფორმულას ეთერში საუბრისას მან აღნიშნა, რომ სტუმრები უსაფრთხოდ არიან.
ონის მერმა სერგო ხიდეშელმა ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია, ამ ეტაპზე არ აქვთ.
გარდა ამისა, ადგილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზოგიერთი მოქალაქე ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ჯერ კიდევ ეძებს და მათთან კონტაქტზე ვერ გადის.
ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობა დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებს და მათ დასახმარებლად ვერტმფრენები მუშაობენ.