კურორტ შოვში მეწყერს 2 ადამიანი ემსხვერპლა. ფორმულას ინფორმაცია შსს-მ დაუდასტურა.
უწყების ინფორმაციით, მაშველებმა მათი ცხედრები სტიქიის ზონაში მიწის დამუშავების დროს იპოვეს.
რამდენიმე საათის წინ კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.
სანსეტ შოვის თანამშრომელი ქეთი მაისურაძე ამბობს, რომ მეწყერი შეჩერებულია და მსხვერპლი არაა. ფორმულას ეთერში საუბრისას მან აღნიშნა, რომ სტუმრები უსაფრთხოდ არიან.
ონის მერმა სერგო ხიდეშელმა ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია, ამ ეტაპზე არ აქვთ.
გარდა ამისა, ადგილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზოგიერთი მოქალაქე ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ჯერ კიდევ ეძებს და მათთან კონტაქტზე ვერ გადის.
ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობა დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებს და მათ დასახმარებლად ვერტმფრენები მუშაობენ.
შსს-ის ცნობით, შოვში სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონიდან 70-მდე მოქალაქე გამოიყვანეს და უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანეს.