“ვეთანხმები გიორგი კეკელიძეს, ,,და საერთოდ, როგორ შეიძლება ადამიანი არავინ იყოს?”- მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელი პოსტს აქვეყნებს:
“დღეს, საღამოს შვიდის ათ წუთზე რადიო ,,ჯორჯიან თაიმსი” მასპინძლობს საინტერესო სტუმარ-გიორგი კეკელიძეს
მადლობა, რომ ხართ ჩვენი გადაცემის მსმენელი და მაყურებელი!..
დიახ, ,,არავისი შვილების დრო დადგა”…
წალენჯიხიდან რომ ჩამოვედი, უცხოები კი არა, ნათესავებიც იმას ჩამძახოდნენ, არ ხარ შეძლებული და გავლენიანი ოჯახის შვილი, ვერაფერს მიაღწევ, ისევ უკან დაბრუნდიო.
თან დააყოლებდნენ, ხომ იცი, შენთვის კარგი მინდა, აქ ვერაფერს გახდები, უპატრონო ხარ, საერთოდ ქუჩაში არ დარჩეო…
ბევრი იყო ასეთი ,,გულშემატკივარი”…
მეტად დავრწმუნდი, რომ უნდა მებრძოლა, მესწავლა და ჯერ საკუთარი თავისთვის, მერე სხვებისთვის დამემტკიცებინა, ყველაფერის მიღწევა შეიძლება, თუ მიზანს დაისახავ, თუ ბევრს იშრომებ. ამის მერე საკუთარი თავის პატრონი თავად ხარ და სხვებსაც უპატრონებ…
არასდროს არავის ვეტყვი, გავლენიანი ოჯახის შვილი არ ხარ, წადი და შენს მდგომარეობას შეეგუეო…
ვეთანხმები გიორგი კეკელიძეს, ,,და საერთოდ, როგორ შეიძლება ადამიანი არავინ იყოს? ნებისმიერი ადამიანი. იქ კი, ბაბუათა და მამათა პანთეონში, მნიშვნელოვან ნაწილს, მხოლოდ იმიტომ ერქვა „ვიღაც“, რომ ცეკას შესასვლელთან ეძინათ და დღეს მათ სახელებს, რომელიმე სახლის შესასვლელთან დაძალებულ ლითონის აბრებზე სძინავთ. მაგრამ რაც უნდა ნაძირალა ყოფილიყო და ფსკერის ბინადარი – არასდროს დავარქმევ არავის „არავის”…
მე კიდევ მგონია, რომ „არავის შვილების“ დრო დადგა. ოღონდ ეს „არავის“ ძალიან ბევრს ნიშნავს, ძალიან დიდს და მნიშვნელოვანს”…
ჰოდა, დღეს რადიო ,,ჯორჯიან თაიმსის” ( FM 92:3) ეთერში მამა პეტრეს საავტორო გადაცემა ,,ფიქრები” მასპინძლობს ,,არავის შვილს” გიორგი კეკელიძეს.”