„საქართველოში ქართულად ვეღარ გილაპარაკია“, – აღშფოთდა საკურიერო მომსახურების მძღოლი, რომელმაც ბათუმში ბელარუს ბარისტას მინერალური წყალი მიუტანა, ის კი დამტვრეული ქართულით ცდილობდა რაღაცის ახსნას. ბოლო-ბოლო მძღოლი Oriental Bakery-დან გაბრაზებული გავარდა და ერთიც დაამატა – „არ გვჭირდება აქ რუსული ენა“
ბათუმი, როგორც ბევრი სხვა ზღვისპირა ქალაქი, უკვე დიდი ხანია კოსმოპოლიტურია. აქ ინდური რესტორნებიცაა, თურქული საშაურმეებიც და ტაილანდური მასაჟის სალონებიც.
ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, მას მერე, რაც კრემლი უკრაინაში შეიჭრა, ამ მრავალფეროვნებას სამშობლოდან გამოქცეული რუსების გახსნილი ათობით კაფე, ბარი და სხვა დაწესებულება დაემატა. ჭრელაჭრულა ბათუმში ახალ რუსულ ობიექტებს სხვებისგან ძნელად განასხვავებთ. აბრები ინგლისურ ენაზეა გამოკრული. თუ რამე მიუთითებს ეროვნებაზე, ეს სოლიდარობის ნიშნად გამოფენილი უკრაინის დროშებია. მათ მხოლოდ ინტერიერის მოდური დიზანი, ეგზოტიკური ყავისა და ადგილობრივი წარმოების ლუდების გრძელი მენიუ გამოარჩევს.
რაოდენ შეუმჩნევლებიც უნდა იყვნენ ეს ახლად ჩამოსულები, მათ ადგილობრივები ააფორიაქეს. ბევრი ქართველი ახალ რუსულ ბიზნესს თავიანთ ტერიტორიაზე ეკონომიკურ ექსპანსიად აღიქვამს.
ბათუმში დასახლებული რუსები, ისევე როგორც ბელარუსები და უკრაინელები, მალე მოშინაურდნენ. მათ ფაქტობრივად პარალელური ეკონომიკა შექმნეს, კაფე-ბარები, სილამაზის სალონები, სახელოსნოები, იოგას სტუდიები, უძრავი ქონების სააგენტოები, რომლებიც ქალაქის ახალ მცხოვრებლებს ემსახურება.
ქალაქი ქალაქში
ბევრი ბათუმელი ამაში საფრთხეს ხედავს. „ქალაქში ქალაქია ან ქვეყანა ქვეყანაში“, – ამბობს „ბათუმელების“ ჟურნალისტი ირმა დიმიტრაძე. ბევრ რუსულ დაწესებულებაში „შეიძლება დაგავიწყდეს, რომ საქართველოში ხარ“.
„ბათუმელებმა“ და სხვა ადგილობრივმა მედიაორგანიზაციებმა რამდენჯერმე დაწერეს ბათუმში რუსული ბიზნესის შესახებ. მათ მიერ მოკვლეული მასალებიდან ჩანს, რომ ბევრი საწარმო არღვევს კანონს, რომელიც მათ კლიენტების ქართულ ენაზე მომსახურებას ავალდებულებს.
მხილებამ შედეგი გამოიღო. საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, რომელსაც ამ კანონის შესრულების მონიტორინგი ავალია, აგვისტოში განაცხადა, რომ ბათუმში 11 კომპანიის მიმართ დაიწყო გამოძიება. იქვე აღინიშნა, რომ ეს რიცხვი შეიძლება გაიზარდოს.
სააგენტომ რადიო თავისუფლებას არ გაუმხილა, რა ენაზე ემსახურებოდნენ კლიენტებს ეს კომპანიები, ირმა დიმიტრაძე ამბობს, რომ – რუსულად.
საცხობ Oriental Bakery-ს ქართველი მართავს, რაული, მაგრამ ბარისტად ბელარუსი ალექსეი ლოსევი აიყვანა, ქართველი ვერ ვიპოვეო. ბათუმელი ახალგაზრდების დიდი ნაწილი სხვაგან სწავლობს, ამიტომ დიდი არჩევანი არ ჰქონდა და ამიტომაც შეუთანხმდა ალექსეის. სანამ ომი დაიწყებოდა, ლოსევი ბელარუსში ბაღის მასწავლებელი იყო. „არ ვიცოდით, ჩაერეოდა თუ არა ბელარუსი ომში, მაგრამ მანამდე წამოვედით, სანამ ეს მოხდებოდა“, – ამბობს იგი.
საკურიერო მომსახურების მძღოლთან მომხდარ შელაპარაკებაზე ვეკითხები. რაული ფატლაძე ალექსეის იცავს, ქართულს სწავლობს და საქმეშიც იყენებსო. თქვა, რომ ერთი ჟურნალისტი კაფეშიც რამდენჯერმე მივიდა, ცდილობდა ბარისტა ქართულის უცოდინრობაში გამოეჭირა, უღებდა და თან ეუბნებოდა, ნამცხვრების ინგრედიენტები ჩამომითვალეო.
თუმცა, რაული ენის კანონს ეთანხმება. „ქვეყანაში რომ მოდიხარ, ადგილობრივებთან საუბარი უნდა შეგეძლოს და ისიც უნდა გესმოდეს, ისინი რას გეუბნებიან“, – ამბობს ის. მიაჩნია, რომ ხელისუფლება ამ კუთხით ზედმეტად ღიაა და ყველას აძლევს უფლებას საქმე წამოიწყოს. თუმცა, რაული იმასაც ამბობს, რომ ჟურნალისტებმა ბევრი რამ გამოააშკარავეს. ფიქრობს, რომ კორესპონდენტი, რომელიც მის კაფეში მივიდა, თბილისიდან უნდა ყოფილიყო, – „უფრო უხეშები თბილისელები არიან. ბათუმში ასე მკაცრად არ სჯიან. ამ თემას სერიოზულად უდგებიან, მაგრამ არა ასეთი რადიკალიზმით“.
ჩამოსულებიდან ბევრი ამბობს, რომ ბათუმში ხალხი რუსების მიმართ ისეთი აგრესიული არ არის, როგორც თბილისში, სადაც ერთდროულად ანტირუსული გრაფიტებიც მრავლადაა და რუსებიც.
ბათუმისგან განსხვავებით, თბილისში ზრდილობად მიიჩნევა, თუ რუსები საუბარს ინგლისურად წამოიწყებენ. „ბათუმში ასეთ რამეს ნაკლებად აქცევენ ყურადღებას, – ჰყვება ნიკიტა, ბალარუსი ტექნიკოსი, – თბილისში ჯერ უნდა შეეკითხო, რა ენაზე დაელაპარაკო, აქ ეგრევე რუსულად იწყებ. ამის გამო ცუდად არავინ მომქცევია. ერთი თვის შემდეგ ბათუმში უკვე აქაურად ვგრძნობდი თავს, ერთი ეგ არის, რომ ქართული არ ვიცი“.
ბათუმში ბევრი ქართველისთვის საკმაოდ კომფორტულია რუსულენოვან ჩამოსულებთან ურთიერთობა.
„ქალაქში ატმოსფერო შეიცვალა, – ამბობს ბათუმელი გიდი სალომე გორგილაძე, – ხანდახან რუსული და სხვა ენები უფრო გესმის, ვიდრე ქართული“. ის ბებიას იხსენებს, რომელმაც ბევრი ენა იცოდა, თავისუფლად – ქართული და რუსული, ასევე ცოტა სომხური, ბერძნული და თურქული, ეს ხალხი მისი მეზობლები იყვნენ. – „ბათუმი ყოველთვის კოსმოპოლიტური ქალაქი იყო. უცხო ხალხი ჩვენთვის უჩვეულო არ არის. შეიცვალა ის, რომ ახლა ისინი უმრავლესობაში არიან“.
ნაკადი რუსეთიდან
სალომე გორგილაძის ვარაუდით, ახლა ბათუმში, რომლის მოსახლეობა, სტატისტიკური მონაცემებით, 180 ათასია, 30 ათასამდე რუსეთის მოქალაქე უნდა ცხოვრობდეს.
ეროვნული ბანკის კვლევამ აჩვენა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა იმ რუსების წილი, რომლებიც ბათუმში უძრავ ქონებას ყიდულობენ. რუსებმა ბათუმში უფრო მეტი ქონება შეიძინეს, ვიდრე თბილისში. 2022 წლის ნოემბერში მათი 18 პროცენტი, ვინც ბათუმში უძრავი ქონება იყიდა, რუსეთის მოქალაქეები იყვნენ.
ბათუმი პოპულარული კურორტია, როგორც რუსებისთვის, ასევე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოქალაქეებისთვის. ოფიციალური მონაცემებით, წელს რუსი ტურისტების ოდენობა შარშანდელთან შედარებით მკვეთრად გაიზარდა. ამავე დროს, მათი რიცხვი საგრძნობლად სწრაფად იზრდება, ვიდრე ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტებისა.
სალომე გორგილაძე რუსი ტურისტების ბუმს ომის გამო დაწესებული სანქციებით ხსნის – ისინი სხვა ქვეყნებში წასვლას ვერ ახერხებენ. ეს, თავის მხრივ, აფრთხობს იმ ტურისტებს, რომლებსაც არ სურთ ამ რაოდენობის რუსებთან ერთად დაისვენონ მაშინ, როცა უკრაინაში ომი მძვინვარებს. მათ შორის არიან ქართველებიც, მათთვის ეს მგრძნობიარე საკითხია.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოები, სადაც ნაჩვენებია თუ „როგორ აიღეს რუსებმა ბათუმი“. თუმცა, ბათუმელები ამბობენ, რომ ადგილობრივების მიმართ წაყენებული საყვედურები უსამართლოა.
„თბილისშიც უამრავი რუსული ბიზნესია. იქ უფრო მეტი რუსია, ვიდრე ბათუმში. მაგრამ ჩვენ გვიტევენ, რუსები გიყვართო, – ამბობს სალომე გორგილაძე, – ბათუმში არც ყოფილან და გვაბრალებდნენ, თურქული ქალაქია, დავკარგეთ ბათუმიო. ახლაც იგივეს ამბობენ, ბათუმი დავკარგეთო“.
გორგილაძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა უმცირესობაში იყოს და ბევრს მართლაც მოსწონდეს რუსების ბუმი, რადგან ეს ეკონომიკას წაადგება. ის ამბობს, რომ ხელისუფლება რუსულ ბიზნესს არაფერს უპირისპირებს: „არ ჩანს, რომ ხელისუფლებას ამ პრობლემის მოგვარება სურდეს“.
მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები რუსეთში ეკონომიკურ შესაძლებლობებს ხედავენ და თურქეთს როგორც ისტორიულ მტერს ისე უყურებენ. ამ დროს ოპოზიციის მომხრეებს უფრო ანტირუსული განწყობა აქვთ. ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს უნდოდათ რუსებისთვის სავიზო რეჟიმი დაწესებულიყო და მათთვის სახელმწიფოს უძრავი ქონების შესყიდვა შეეზღუდა.
რუსეთის მოქალაქეების გამო გაჩენილი დაძაბულობა ივლისის ბოლოს კიდევ უფრო გამწვავდა, როცა ბათუმში რუსული საკრუიზო გემი შევიდა, რომლის ბორტზეც უკრაინაში ომის მხარდამჭერი არტისტებიც იყვნენ. პორტში გემს პროტესტით და კვერცხებით დახვდნენ.
ბათუმში მცხოვრები ბევრი რუსი ამბობს, რომ ეს ეპიზოდი მათ გამოცდილებას არ აღწერს. ბათუმში გემის გამოჩენა უფრო რუსეთის პროვოკაციად გამოიყურებოდა, იმ ქართველების რიცხვიც, რომელიც ამას აპროტესტებდა, შედარებით მცირე იყო, ამბობს ირკუტსკელი „კეიტ ვესნა“(ეს მისი ნიკია), რომელსაც ბათუმში მცხოვრები რუსულენოვნებისთვის ტელეგრამარხი აქვს.
მას ბათუმში ცხოვრების კარგი გამოცდილება აქვს, რასაც ვერ იტყვის საკუთარ ქვეყანაზე. ერთი შემთხვევაც გაიხსენა, ერთხელ მეგობრებთან ერთად ბათუმურ თავსხმა წვიმაში მოყვა და ქართველმა კაცმა შინ შეიყვანა. „ყველა ჩვენიანი, ვისაც საქართველოში ბიზნესი აქვს, ხვდება, რომ საქართველო ახლა ჩვენი ჭერია. ჩვენ სხვაგან თავშესაფარი არ გვაქვს“, – ამბობს ის.
ენის კანონს უგულებელყოფენ?
2015 წელს საქართველომ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, აბრებსა და რეკლამებზე სხვა ენებთან ერთად ქართულადაც უნდა იყოს ინფორმაცია.
2022 წელს მიღებული კანონი კი მეწარმეებს ავალდებულებს, მომსახურება კლიენტებს ქართულად შესთავაზონ. კანონი იქვე განმარტავს, რომ ენის არცოდნა ამ შემთხვევაში თავის გასამართლებლად ვერ გამოდგება.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი სერგო სანიკიძე რადიო თავისუფლების კითხვებზე პასუხობს, რომ სააგენტო ენასთან დაკავშირებულ დარღვევებს მოსახლეობის საჩივრების საფუძველზე განიხილავს, შემდეგ კი მუშაობს კომპანიებთან, რომ ისინი კანონს დაემორჩილონ. წინააღმდეგობის შემთხვევაში – ჯარიმდებიან.
ენის კანონი ბათუმში ხშირად ირღვევა და არა მხოლოდ რუსების მიერ, ქართულად შესაძლოა ვერც თურქულ რესტორანში დაგელაპარაკონ და ვერც ტაილანდურ სალონში.
ამბობენ, რომ სააგენტო კანონის დარღვევაზე მოკვლევას მხოლოდ რუსულ კომპანიებთან დაკავშირებით იწყებს. ამ ხმების თაობაზე სერგო სანიკიძე პასუხობს, რომ სააგენტო მომხმარებელთა უფლებებს ყველა შემთხვევაში თანაბრად იცავს, მიუხედავად იმისა, კლიენტს რა ენაზე მოემსახურებიან.
„თურქეთი სხვა შემთხვევაა, თურქეთი ჩვენი მეგობარია. სისხლი ჩვენს შორის მაშინ იყო, როცა ჯერ თურქეთიც არ არსებობდა. ამიტომ სულ სხვა სიტუაციაა. ეს რასიზმი არაა, რუსულ ბიზნესზე ასევე რომ ვართ ფოკუსირებულები, ეს ქვეყნის უსაფრთხოებაა“, – ამბობს ჟურნალისტი ირმა დიმიტრაძე.
რუსული ბიზნესის ზოგი წარმომადგენელი კი ფიქრობს, რომ კანონი უაზროა. ალექსეი ანტონენკო საქართველოში 2015 წლიდან ცხოვრობს. ომის დაწყებიდან მალევე ბათუმში ბარი გახსნა, ქართველი ბარმენი კი მხოლოდ ერთი კვირის წინ დაიქირავა.
არც ქართული მენიუ აქვს, რადგან კერძები ხშირად იცვლება და მათ ჩამოსაწერად სულ სხვისი დახმარება სჭირდება. ბარის აბრაც ინგლისურად გამოაკრა, თავადვე აღიარებს, რომ ეს კანონის დარღვევაა, მაგრამ ქართველებმა ინგლისური ისედაც იციანო. მიიჩნევს, რომ რეგულაციები უაზრობაა და ამბობს: „ბაზარი თავად გადაწყვეტს“.
ერთმა ბარმენმა კი რუსული ბარიდან ასეთი რამ თქვა: „არის კანონი და არის რეალობა“.
რადიო თავისუფლება