პროკურატურამ მელაშვილი-ილიჩოვას გათავისუფლების თხოვნით სასამართლოს მიმართა

დავით გარეჯის საქმეში ბრალდებულ ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მიმართა. ამის შესახებ განცხადება საქმის პროკურორმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

ორივე ბრალდებული საქმის არსებითი განხილვის დასრულებას და საბოლოო განაჩენის გამოცხადებას თავისუფლებაზე დაელოდება.

პროკურატურაში მიიჩნევენ, რომ ამ ეტაპზე აღარ არსებობს მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, ვინაიდან ბრალდების მხარის თქმით, მათ საქმეში ყველა მტკიცებულება უკვე მოპოვებული აქვთ.

შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ხელმძღვანელი, ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი, ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა.

გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს, რის გამოც შეიქმნა საფრთხე, რომ საქართველოს ისტორიული ტერიტორია აზერბაიჯანის მხარეს აღმოჩენილიყო.

დავით გარეჯის საქმეზე გამოძიება 17 აგვისტოს დაიწყო, ის სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს და სასჯელის ზომად ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share