შოვში, სტიქიის ზონაში სამაშველო-სამძებრო სამუშაოების მიმდინარეობისას გულის შეტევით მეორე ადამიანი – 50 წლის თემურ ხარჩილავა დაიღუპა. „კამარა მზადაა გაუწიოს უფასო დახმარება ყველას, რამდენსაც ფიზიკურად შევძლებთ“ – მაღალი სტრესის საქმის შესრულებისას ფსიქოლოგიური დახმარების აუცილებლობაზე სოციალურ ქსელში ფსიქსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი „კამარას“ ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე წერს:
„მაღალი სტრესის საქმის შესრულებისას ორი ადამიანის დაღუპვა ისედაც ცხადს ადასტურებს, რომ ფსიქოლოგიური მომზადება, ადგილზე დახმარების გაწევა აუცილებელია, რომ ასეთი ტრაგედიები მაქსიმალურად იყოს არიდებული. ასევე აუცილებელია სამუშაოს დასრულების შემდეგ დახმარება, რომ არ განვითარდეს პოსტ ტრავმული სტრესის აშლილობა. ჰაიტის მიწისძვრისას ჯერ კიდევ ნიუ იორკში ვიყავი. ნიუ იორკიდან სამი საათის ფრენაა, შესაბამისად მაშველების დიდი ნაწილი ამ ქალაქიდან გაფრინდა. NYU-ს საკონფერენციო დარბაზში ვესწრებოდი მთელი შტატის ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხელმძღვანელების და თანამშრომლების შეკრებას, რომლებიც მაშველების დაბრუნებამდე ემზადებოდნენ დახმარების გეგმის ასამუშავებლად. ჰოსპიტალების დირექტორებმა თავისუფალი საწოლების რაოდენობის შესახებ ანგარიშიც კი წარმოადგინეს, არათუ მობილიზდებოდა ამბულატორიული მზადყოფნის ყველა რესურსი. კვლავ ვადასტურებ, რომ კამარა მზადაა გაუწიოს უფასო დახმარება ყველას, რამდენსაც ფიზიკურად შევძლებთ. ზოგადად კი სახელმწიფო უნდა აორგანიზებდეს ყველა ამ ადამიანის დახმარების გეგმას და აერთიანებდეს სხვადასხვა სერვისის ძალებს და ანაწილებდეს ჯგუფებად“ – წერს ფანჯიკიძე.