ახალგაზრდებო, უნდა იცოდეთ, რას ემსახურება თქვენი პროტესტი – მიხეილ ყაველაშვილი

„ქართული საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები, კრამერებიდან დაწყებული, კრამონებით დამთავრებული, ერთი და იგივე სახეები, ერთი და იმავე გზავნილებით, რომლებიც ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძვიან.“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ განაცხადა.

მისი თქმით, გლობალური ომის პარტიის მიზანია ქვეყანაში არეულობის გამოწვევა.

„ეს ხალხი აქტიურობას გააგრძელებს იქამდე, სანამ საზოგადოების ნაწილი მათ პროვოკაციებს აჰყვება. ამიტომ უნდა იყოს საზოგადოება ფრთხილად, რადგან მათი ვნებათაღელვის გამოყენება სურთ, რათა ხელისუფლება შეცვალონ, შემდეგ კი საქართველო ომში ჩართონ. იმიტომ ვერ მიიღო საქართველომ კანდიდატის სტატუსი, რომ ხელისუფლებამ ის ნაბიჯები არ გადადგა, რასაც მეორე ფრონტის გახსნის მიმართულებით აძალებდნენ. ამიტომ ცდილობენ ხალხისა და ხელისუფლების გამიჯვნას, ახალგაზრდების გამოყენებას.

ახალგაზრდებს მივმართავ – უნდა იცოდეთ, რას ემსახურება თქვენი პროტესტი. თუ ხედავთ, რომ ამით ქვეყანა დაზარალდება და აქ შეიძლება ისეთი პროცესები წარიმართოს, რომ ქვეყანა დაგვენგრეს მთლიანად, ამაზე დაფიქრება და სერიოზული მიდგომაა საჭირო. თუ საზოგადოება იქნება ფხიზლად, როგორც წინა შემოდგომაზე ჩაეფუშათ ყველა გეგმა, ასე მოხდება წელსაც“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share