აშშ-მა სანქციები დაუწესა ოთარ ფარცხალაძეს, საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს. წლების წინ მას ბიძინა ივანიშვილი უწოდებდა „კაცურ, ვაჟკაცურ კაცს“. ვაშინგტონი დღეს მას უწოდებს „ქართველ-რუს ოლიგარქს“, რომელსაც რუსეთის ФСБ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად იყენებდა.
„ქართული ოცნება“ ახლა ფარცხალაძეს ემიჯნება და ამბობს, რომ იგი „კერძო პირია“, რომელიც 10 წლის წინ ჩამოშორდა ხელისუფლებას; უსაფრთხოების სამსახური პირობას დებს, რომ „საკითხს შეისწავლის“. ჯერჯერობით მას მხოლოდ რუსი მაღალჩინოსნები, გრიგორი კარასინი და ლეონიდ კალაშნიკოვი იცავენ და ვაშინგტონს „დისკრიმინაციაში“ ადანაშაულებენ.
თავად ფარცხალაძე სანქციებს უწოდებს „ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებას“ და ამტკიცებს, რომ ეს გადაწყვეტილება „მხოლოდ ვარაუდებზე დაყრდნობით არის მიღებული“.
რა ხდებოდა იმ 10 წლის განმავლობაში, რომელიც 14 სექტემბერს აშშ-ის სანქციებით „დაგვირგვინდა“?
მთავარი პროკურორი 39 დღით
ოთარ ფარცხალაძემ კარიერის მწვერვალს 37 წლის ასაკში, 2013 წელს მიაღწია და საქართველოს გენერალური პროკურორი გახდა – მხოლოდ 39 დღით – 21 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე.
იგი იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა წარუდგინა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც პოსტზე შეუფერხებლად დაამტკიცა. ფარცხალაძემ არჩილ კბილაშვილი ჩაანაცვლა.
დანიშვნიდან სულ რაღაც 5 კვირაში კი გახმაურებული საქმეების გამო, გადადგომა მოუწია.
- მედიაში გავრცელებული ცნობებით, ფარცხალაძე 15 წლის შევიდა და 19 წლისამ დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი, რაც არარეალისტურად გამოიყურებოდა. თანაგუნდელებმა ეს იმით ახსნეს, რომ იგი სკოლაში „გადაახტუნეს“;
- „ნაციონალური მოძრაობის“ გავრცელებული ინფორმაციით, 2001 წელს ის გერმანიაში გაასამართლეს „ყაჩაღური ქურდობისთვის“ და 15 თვით პატიმრობა მიუსაჯეს;
- ფარცხალაძემ თქვა, რომ „ინციდენტი შეემთხვა“ გერმანიის პოლიციასთან და ეს იმით ახსნა, რომ პოლიციელს ის სხვაში აერია, რასაც კონფლიქტი მოჰყვა;
- მოგვიანებით, 2014 წლის იანვარში, თეა წულუკიანმა ფარცხალაძის ნასამართლობის გამოაშკარავება „უსიამოვნო სიურპრიზად“ შეაფასა და თქვა, რომ ფარცხალაძე ისე წარუდგინა პრემიერს, რომ იქამდე არ იცნობდა. მორალური უფლება არ ჰქონდა, ამ თანამდებობაზე ემუშავაო, თქვა ბოლოს;
- ფარცხალაძის სახელი ფიგურირებდა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, იმ დროისთვის პატიმრობაში მყოფი, ვანო მერაბიშვილის საკნიდან უკანონოდ გაყვანის ამბავშიც.
ფარცხალაძე 30 დეკემბერს გადადგა და მისი ხელისუფლებაში ფორმალურად ყოფნის პერიოდი ამით დასრულდა.
„ქართველი-რუსი ოლიგარქი“
გენერალური პროკურორის პოსტზე გაელვების შემდეგ მისი სახელი ელიტური კორუფციის სავარაუდო სქემებსა თუ სკანდალებს დაუკავშირდა, თუმცა საქართველოს სასამართლო სისტემაში ბრალდებები ვერ დაუმტკიცეს. ასე იყო, მაგალითად:
- კორუფციაზე ზედამხედველი ორგანოს უფროსის, გენერალური აუდიტორის ცემის საქმეში;
- სპორტის ყოფილი მინისტრის „სარდაფში ცემის“ საქმეში.
არც თანამდებობაზე ყოფნის 39 დღის და არც შემდეგ, მრავალი წლის განმავლობაში, ფარცხალაძის ხმა არავის ჰქონდა გაგონილი – მასზე საუბრობდნენ, ის დუმდა. პირველად საჯაროდ ილია II-ის აღსაყდრების წლისთავზე გამოჩნდა – „ოცნების“ კიდევ ერთ ოდიოზურ მინისტრთან, ალექსანდრე ჭიკაიძესთან ერთად.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, რაც იქამდე ქართულ ჟურნალისტურ გამოძიებებშიც ჩანდა, ფარცხალაძეს რუსეთის მოქალაქეობა აქვს მიღებული და, როგორც ჩანს, ორივე ქვეყნის პოლიტიკურ და უსაფრთხოების სამსახურების ელიტებთან აქვს ურთიერთობა.
ვაშინგტონის მიერ „ქართველი-რუსი ოლიგარქის“ სანქციების სიაში მოხვედრის დასაბუთება, სულ მცირე, აჩვენებს, რომ საქართველოს უსაფრთხოების სისტემა მოწყვლადია რუსეთის უშიშროების სამსახურებისადმი.
ფარცხალაძე საქართველოზე რუსეთის მანკიერი გავლენების პასუხად დაასანქცირეს. მისი საქართველოში კავშირები კი ასეთია:
- მოქმედი გენერალური პროკურორი ფარცხალაძის მეგობარია და წლების განმავლობაში მუშაობდნენ ერთად;
- ბერა ივანიშვილი ფარცხალაძის შვილიშვილის ნათლიაა, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი კი – ახლო მეგობარი.
რუსეთის დუმის დსთ-ს საკითხებისა და ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლეონიდ კალაშნიკოვის თქმით, ფარცხალაძე მონაწილეობდა მოლაპარაკებებში რუსეთ-საქართველოს პირდაპირი ფრენების აღსადგენად. შეერთებულმა შტატებმა შეშფოთება გამოხატა, როდესაც რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა აღდგა.
„სახიფათო კავშირები“
ფარცხალაძე, მედიაში გავრცელებული ცნობებით, არის ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ახლო მეგობარი.
2018 წელს, როდესაც ფარცხალაძე-მამაცაშვილის მეგობრობაზე ჰკითხეს, მილიარდერმა ექსპრემიერმა თქვა, რომ „მამაცაშვილი წესიერი კაცია“, „უმწიკვლო ადამიანი“ და „თუ უჩა მეგობრობს ფარცხალაძესთან, ეს არავითარი საბუთი არ არის ჩემთვის“.
2016 წელს ბიძინა ივანიშვილს დადასტურებული აქვს, რომ მისი ვაჟი, ბერა ივანიშვილი, ფარცხალაძის შვილიშვილის ნათლიაა. „ფარცხალაძე არ არის [ჩემი მეგობარი]. ხშირად ვერ ვხვდებით. ჩემი ბერა გახლავთ მაგის შვილიშვილის ნათლია, როგორც მე ვიცი“, – მედიის ცნობით, თქვა ივანიშვილმა 2016 წლის 20 ივნისს.
ფარცხალაძის მეგობარია მოქმედი მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე.
პროკურორობამდე ფარცხალაძე შსს-სა და საგამოძიებო უწყებებში მუშაობდა. 2013 წლამდე იყო ფინანსური პოლიციის უფროსი, მანამდე – უფროსის მოადგილე, კიდევ უფრო ადრე კი – ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი. პროკურატურაშიც და ფინანსურ პოლიციაშიც მისი მოადგილე ირაკლი შოთაძე იყო, – რომელიც დღეს თავად არის მთავარი პროკურორი.
გენერალურ პროკურორად შოთაძე ჯერ 2015-18 წლებში მუშაობდა, შემდეგ თბილისში, ვერაზე, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის გამო გადადგომა მოუწია, 2020 წელს კი პოსტზე დაბრუნდა და დღესაც ამ თანამდებობაზეა.
2015 წელს პარლამენტარებთან საუბრისას შოთაძემ თქვა: „ოთარი ჩემი მეგობარია და, შესაბამისად, შეფასებისგან თავს შევიკავებ“. იქვე უარყო მედიაში გავრცელებული ცნობები, რომ იგი „ფარცხალაძის კადრი“ იყო.
რატომ დაუწესა აშშ-მა მას სანქციები?
14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რამდენიმე ათეულ იურიდიულ და ფიზიკურ პირს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რათა ხელი შეუშალოს უკრაინაში ომის გასაგრძელებლად რუსეთის პრეზიდენტის წვდომას ტექნოლოგიებსა და ფინანსურ არხებზე. სანქციების ამ სიაში მოხვდა ოთარ ფარცხალაძეც.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ფარცხალაძეს სანქციები უწესდება „საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ“. უწყების თანახმად, ფარცხალაძე რუსეთის ფედერაციის ეკონომიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობისთვის მოხვდა სიაში. კერძოდ:
- ფლობს საკონსულტაციო კომპანიებში, შპს MOSCOW BUSINESS BROKERAGE-სა და შპს INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION-ში, 50-პროცენტიან წილს ალექსანდრ ონიშჩენკოსთან ერთად;
- ალექსანდრ ონიშჩენკო არის რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ-ს) ოფიცერი.
დოკუმენტის თანახმადვე, სავარაუდოდ, სწორედ ონიშჩენკო დაეხმარა ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ფარცხალაძეს „სრულად აქვს მიღებული რუსული იდენტობა და რეგულარულად ჩადის ხოლმე რუსეთში“.
დოკუმენტში წერია, რომ ონიშჩენკო და უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს „ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეო გავლენის მოსახდენად იყენებენ“.
დოკუმენტის თანახმადვე, ფარცხალაძემ პირადი სარგებელი მიიღო ონიშჩენკოსა და ФСБ-სთან კავშირით.
სუს-ი „საკითხს სწავლობს“
უშუალოდ როგორი იყო ეს გავლენა, სახელმწიფო დეპარტამენტი არ აზუსტებს.
შეერთებული შტატების ამ გადაწყვეტილების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სანქციები, რაშიც ფარცხალაძე მოყვა, „დაკავშირებულია რუსეთის დასანქცირებასთან“ და „შესაბამისი უწყებები ამ საკითხს შეისწავლიან“:
მეორე დღეს სუს-მა განაცხადა, რომ „მიმდინარეობს საკითხის შესწავლა“.
რას ამბობენ მოსკოვში?
რუსეთის დუმის დსთ-ს ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ლეონიდ კალაშნიკოვმა თქვა, რომ „ფარცხალაძე არასდროს არ ყოფილა ФСБ-ს აგენტი“, თუმცა იქვე დასძინა, რომ:
„ის [ფარცხალაძე] აქტიურად მუშაობს ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და სხვა კავშირებზე რუსეთთან“, – განაცხადა მან 15 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში. თარგმანი „ფორმულას“ ეკუთვნის.
კალაშნიკოვის თქმით, მან ფარცხალაძე პირადად დაპატიჟა თავის ორგანიზებულ ღონისძიებაზე, „როდესაც ვცდილობდით რუსეთთან პირდაპირი ფრენის გახსნას და სავიზო რეჟიმის გაუქმებას“ და „ის აქტიურად იყო ჩართული სხვა ქართველებთან ერთად ამ პროცესში“.
ფარცხალაძის ამბავზე ქართულ მედიასთან გააკეთა კომენტარი გრიგორი კარასინმაც, რუსეთის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, და თქვა, რომ მართალია, მას არ იცნობს, მაგრამ „ამ სანქციებს აქვს დისკრიმინაციული ხასიათი, არასამართლიანი და არაპატიოსანი მიდგომაა“.