ტელევიზიები პარლამენტის წინააღმდეგ – საკონსტიტუციომ სარჩელი განსახილველად მიიღო

ტელევიზიები პარლამენტის წინააღმდეგ – საკონსტიტუციო სასამართლომ  არსებითად განსახილველად მიიღო – „შპს მთავარი არხის“, „შპს ტელეკომპანია პირველის“, „შპს ტელეკომპანია კავკასიის“ და „შპს ფორმულას“ სარჩელი.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ინფორმაციით, დაობენ, რომ „ბავშვის უფლებათა კოდექსში“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული რეგულაციები გაუმართლებლად ზღუდავს მათ გამოხატვის თავისუფლებას  და არ პასუხობს კანონის ხარისხის მოთხოვნებს.

GDI -ს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

კერძოდ, გასაჩივრებული ნორმები მაუწყებელს ავალდებულებს ბავშვისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისაგან არასრულწლოვნის დაცვას და უკრძალავს მსგავსი ინფორმაციის შემცველი პროგრამის გადაცემას. ამდენად, სადავო ნორმები მოსარჩელეებს ართმევს ან/და უზღუდავს შესაძლებლობას, მათთვის სასურველი საშუალებით/სასურველ დროს გაავრცელონ კონკრეტული შინაარსის მქონე ინფორმაცია. მოსარჩელეთა აზრით ბავშვთა უფლებების დაცვის მოტივით მიღებული რეგულაციები ბუნდოვანია, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ შინაარსობრივ რეგულირებას დაექვემდებაროს გამოხატვის თავისუფლებით დაცული ისეთი კონტენტიც, რომლის შეზღუდვასაც ბავშვთა უფლებების დაცვის ინტერესი ვერ გადაწონის.  ამასთან, სადავო ნორმათა ასეთი განუსაზღვრელობა ერთი მხრივ „მსუსხავი ეფექტის“ მატარებელია, მეორე მხრივ კი შეიცავს ცენზურის ნიშნებს.  იგი მაუწყებლებს აიძულებს, უწყვეტ კოორდინაციაში იყვნენ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან და, სანქციის შიშით, წინასწარ დააზუსტონ მათ მიერ გადაცემული პროგრამის ან პროგრამაში განთავსებული მასალის შინაარსი, ვინაიდან კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ნებისმიერ დროს აქვს მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების ბერკეტი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად მიიღო სარჩელის ძირითადი ნაწილი, თუმცა, ჩათვალა, რომ შემოქმედებითი თავისუფლების (კონსტიტუციის მე-20 მუხლი) დაცვის სფეროს ქვეშ არ ექცევა შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელება, არამედ ის დაცულია გამოხატვის თავისუფლებით. დამატებით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.

საყურადღებოა, რომ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ უკვე არაერთხელ გამოიყენა გასაჩივრებული ნორმები და პასუხისმგებლობა დააკისრა არაერთ ტელეკომპანიას სადავო ნორმების საფუძველზე. სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილოს სარჩელი, რათა არ გაიზარდოს კომისიის მხრიდან მედიისა და გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებლად ჩარევის რისკები.

GDI მედიის თავისუფლების საკითხებზე შემდგომ საქმიანობას, მათ შორის ამ სარჩელზე წარმომადგენლობას ახორციელებს ევროპული დემოკრატიის ფონდთან (EED) პარტნიორობითა და მხარდაჭერით პროექტის „„მედიის თავისუფლების დაცვა კანონმდებლობაში, ადმინისტრაციულ წარმოებასა და სასამართლო პრაქტიკაში რეგულაციების გაუმჯობესების გზით“  ფარგლებში” – ნათქვამია განცხადებაში

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share