“კიც მინდა გაკეთება და არც მინდა”-რას ფიქრობენ გურულები ვაქცინაციაზე

ვაქცინაციას, რომელიც ფაქტობრივად ერთადერთი გამოსავალია იმ უხილავი მტრის დასამარცხებლად, რომელმაც ბოლო ერთ წელიწადში მთლიანად შეცვალა ჩვენი ცხოვრება, საქართველოს მოსახლეობაში უფრო შიშებს იწვევს, ვიდრე იმის სურვილს, რომ ცხოვრება რაც შეიძლება დროულად დაუბრუნდეს ჩვეულ რიტმს.

ბევრი ამას მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში შინაგანი კულტურის ნაკლებობით, პრობლემისადმი არასერიოზული დამოკიდებულებით ან სულაც არაინფორმირებულობით ხსნის. ბევრისთვის კი, ეს ერთადერთი გამოსავალია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
რას ფიქრობენ გურულები ვაქცინაციაზე-ამაზე ჩოხატაურის მოსახლეობის ნაწილის აზრი და დამოკიდებულება ასეთია:

“თუ მორჩება ახალგაზრდობას მერე გევიკეთებდი. რა დროის ჩემი გაკეთებაა? ჩემმა შვილებმა გეიკეთოს”

“იმედი მაქვს რომ მომიხდება და ვაპირებ აცრას”.

“აუცილებლად გავიკეთებ. ეგება გვეშველოს რამე, არ დავწყდეთ.”

“ვინც უკვე გაიკეთა, დავაკვირდები ახლა რომ იქნებიან ჯანმრთელად, მერე მეც გავიკეთებ. ხალხი ელოდება ამ ვაქცინას. იმედით არიან, რომ გაიკეთებენ ვაქცინას და კორონა ვირუსი არ დაემართებათ”.

” კი ავიცრებოდი აუცულებლად კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, იმიტომ, რომ ვაქცინაცია არის კაცობრიობის დიდი მონაპოვარი”.

“რა თქმა უნდა გავიკეთებდი. ხალხი არ არის სწორად ინფორმირებული. ვიღაცას გონია, რომ-“გავიკეთებ ვაქცინას და ერთი თვის ან ერთი წლის მერე მოვკვდები. გამორიცხულია, ამას მთელი მსოფლიო უყურებს. ყველამ უნდა აიცრას, რომ ეს ვირუსი მოგვშორდეს”.

“რატომ არ გავიკეთებ? ყველამ უნდა გაიკეთოს, მთავრობის წევრებ,აც და უბრალო მოქალაქეებმაც. დაზღვეულები ვიქნებით ჯანმრთელობის მხრივ”.

“კი გავიკეთებ, რატომაც არაა თუ არაა საშიში. ამბობენ რაღაც ჩიპია ჩასმულიო, მარა მაინც გავიკეთებ, რა მოხდა მერე. ჯანმრთელი ვიქნები”.

“კი მეშინია. კიც მინდა გაკეთება და არც მინდა”.

“დააგვიანდათ შემოტანა მარა, ჩემი აზრით ყველამ უნდა გაიკეთოს”.

“ბევრი ამბობს არ გავიკეთებო, ვითომ გამოიწვევს რაღაც დეფექტსო, მარა მე კი გავიკეთებდი. იმიტომ, რომ შიშები მაქვს ეს კორონა არ დამემართოს”.

“ამდე რომ მოვედით ამ ვაქცინის დამსახურებაა. მთავრობაც უნდა აიცრას, უფრო ნდობა ექნება ხალხში”.

“პირველ რიგში მთავრობის წევრები უნდა აიცრან, ხალხს შიშის ფაქტორი მოეხსნება და აიცრებიან”.

“ვფიქრობდი პირველად რომ გამეკეთებინა, მაგრამ ახლა რომ საეჭვოდ შემოიტანეს, არ ვენდობი. ჯანდაცვის სამინისტროს საერთოდ არ ვენდობი, სულ ტყუილი, ტყუილი”..
“არ ავიცრები. პამიკაა ხალხში რომ ეს ვაქცინა არაა კაიო და შემეშინდა. მთავრობის წევრებმა შეიძლება კაი ვაქცინა გეიკეთონ და ხალხს გაუკეთონ ცუდი”.
“ხალხს ეშინია. განა არ გაიკეთებენ? მარა, აგერ ვიღაცა მოკვდა, ვიღაცა ცუდად გახდა და შეშინდა ხალხი”.
“არა, შეიძლება იყოს კაი მარა, მე არ გავიკეთებდი და არც არავის ვურჩევ. შეიძლება უფრო მეტი დაავადება ავიკიდო მაგით. ბევრს ეშინია”.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share