ჩუგოშვილის თქმით, პრეზიდენტის წარმომადგენლების მიზანი იყო, რომ საზოგადოებისთვის იმპიჩმენტის პროცესის აბსურდულობა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან მტკიცებულებების არარსებობა ეჩვენებინათ. ამის შესახებ მან ფორმულასთან ინტერვიუს დროს განაცხადა.
“ვფიქრობ, შევძელით მაქსიმუმის გაკეთება, რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო. ჩვენი მიზანი იყო, რომ გვეჩვენებინა აბსურდულობა, ერთის მხრივ, პროცესის, ანუ იმისა, თუ სამართლებრივი არგუმენტაცია, რომელიც მოაქვთ პარლამენტის წარმომადგენლებს თუ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს, რამდენად აბსურდულია და რასთან მივყავართ. მეორე, რეალური მიზეზი, რას ემსახურება ეს იმპიჩმენტი და მესამე, სრული არარსებობა მტკიცებულებებისა ამ საქმეში, ეს იყო ჩვენი ამოცანა და მგონი, ძალიან კარგად გამოჩნდა ეს ყველაფერი, მგონი სრულიად ცხადია ერთიც, მეორეც და მესამეც”, – ამბობს ჩუგოშვილი.
5 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა დაასრულა. პლენუმი სამი დღის განმავლობაში უსმენდა მხარეებს. სასამართლომ დასკვნა 2 კვირის ვადაში უნდა გამოაქვეყნოს.
სხდომებს არ დასწრებია პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მის ინტერესებს სასამართლოზე იცავდნენ თამარ ჩუგოშვილი – პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი და ქართული ოცნების ყოფილი წევრი, და მაია კოპალეიშვილი – საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს, პოლიტიკური პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს.
პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭიროა პარლამენტის 2/3, ანუ 100 დეპუტატის ხმა. ამ ეტაპისთვის ქართულ ოცნებას საჭირო მხარდაჭერა არ აქვს.
პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მიზეზად პარტიაში მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრება დაასახელეს, რითაც მან “უხეშად დაარღვია კონსტიტუცია”.
30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.
№1797 კონსტიტუციურ წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით.
კერძოდ, საუბარია სამ სამუშაო ვიზიტზე: 2023 წლის 31 აგვისტოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, 2023 წლის 1 სექტემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და 2023 წლის 6 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტთან.