საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია. ამის შესახებ სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია.
9 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგიის გადაწყვეტილება ახლა უკვე პარლამენტში გადაიგზავნება, სადაც დეპუტატები პრეზიდენტის იმპიჩმენტზე იმსჯელებენ. პრეზიდენტის თანამდებობიდან გადასაყენებლად “ოცნებას” 100 დეპუტატის ხმა დასჭირდება, ამ დროისთვის კი მმართველ პარტიას 88 ხმა აქვს.
საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერს. ენმ-ის ფრაქცია კი კენჭისყრის დღეს, საერთოდ არ აპირებს სასესიო დარბაზში შესვლას.
დაარღვია თუ არა კონსტიტუცია სალომე ზურაბიშვილმა – საკონსტიტუციო სასამართლო ამ საკითხზე პოზიციებს 3 დღის განმავლობაში ისმენდა – პრეზიდენტისა და “ქართული ოცნების” წარმომადგენლები იხსენებდნენ ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტებს, რა დროსაც ის საქართველოს ევროპული კურსის მხარდასაჭერად გერმანიის, საფრანგეთისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს შეხვდა.
“ოცნებას” 4 დეპუტატი – ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი წარმოადგენდა, პრეზიდენტს კი იურისტი თამარ ჩუგოშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი. სხდომაზე დასასწრებად ბათუმში არ ჩასულა სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 1-ელ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ “ქართული ოცნება” პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პრიცესს იწყებს. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ზურაბიშვილი მთავრობის უარის მიუხედავად, მაინც გაემგზავრა ევროპაში, რითაც “უხეშად დაარღვია კონსტიტუცია.”