საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა ამბობს, რომ იმპიჩმენტთან დაკავშირებით მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება “ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა სამართლებრივად”.
ჟურნალისტებთან საუბრისას ის ირწმუნება, რომ “არავის ზეწოლა არ სჭირდებათ” და გადაწყვეტილებას მხოლოდ კონსტიტუციურობის მიხედვით იღებენ.
“გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება სამართლებრივად. თუ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მივიღებდით ან ემოციურად იქნებოდა ჩვენი გადაწყვეტილება დატვირთული, ასეთ შემთხვევაში, შეიძლებოდა, სხვაგვარი გადაწყვეტილება მიგვეღო.
გადაწყვეტილება იქნა მიღებული ექვსი სამის წინააღმდეგ. ეს არის სრულიად დემოკრატიული და ეს ნიშნავს იმას, რომ მოსამართლეები არ არიან შეზღუდული თავიანთი აზრის გამოხატვაში, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ხდება ასე. ეს გადაწყვეტილება სტრუქტურულად და შინაარსობრივად კარგად ჩამოყალიბებულია. იქ არის ყველა არგუმენტი, ყველანაირი პოზიცია, რომელიც ამ გადაწყვეტილების მიღების კონსტიტუციურობას ასაბუთებს. ჩვენ არ გვჭირდება არავის ზეწოლა, არ ვითვალისწინებთ არავის აზრს – მხოლოდ და მხოლოდ გადაწყვეტილებას ვიღებთ იმის მიხედვით, კონსტიტუციურია თუ არა”- თქვა ტურავამ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.
სასამართლოს 9 წევრიდან განსხვავებული პოზიცია 3-მა დააფიქსირა – ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.
პროცესი ახლა პარლამენტში გადავა, სადაც კენჭს უყრიან ზურაბიშვილის იმპიჩმენტს. პრეზიდენტის გადაყენებას 100 ხმა სჭირდება.
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა 5 ოქტომბერს დაასრულა. პლენუმი სამი დღის განმავლობაში უსმენდა მხარეებს.
სხდომებს არ დასწრებია პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მის ინტერესებს სასამართლოზე იცავდნენ თამარ ჩუგოშვილი – პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი და ქართული ოცნების ყოფილი წევრი, და მაია კოპალეიშვილი – საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.
წარდგინების ავტორების მხრიდან სხდომაზე მომხსენებლები იყვნენ ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.
პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მიზეზად პარტიაში მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრება დაასახელეს, რითაც მან “უხეშად დაარღვია კონსტიტუცია”.
30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.
№1797 კონსტიტუციურ წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით.
კერძოდ, საუბარია სამ სამუშაო ვიზიტზე: 2023 წლის 31 აგვისტოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, 2023 წლის 1 სექტემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და 2023 წლის 6 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტთან.