თეორიულად ცალკეული პოლიტიკოსის, აქტივისტის, ან თუნდაც ჟურნალისტის მოქმედებამ, შესაძლოა, დამაზიანებელი თუ მაპროვოცირებელი როლი ითამაშოს. ამაზე მსჯელობა ბუნებრივი იქნებოდა, თავად საპატრიარქო, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვოდ არათანმიმდევრულად რომ არ იქცეოდეს.
ლომისის მონასტერში რუსი სამხედროების “სტუმრობასთან” დაკავშირებული ამ ვიდეომასალის გავრცელებას განსაკუთრებული პოლიტიკური რეზონანსი სამწუხაროდ არ მოჰყოლია, რასაც ვერ ვიტყვით დავითგარეჯთან დაკავშირებულ არათუ ისტორიაზე, არამედ ისტორიებზე, როდესაც თავად ხელისუფლების მიერ მართული ჯგუფები არაერთხელ ჩავიდნენ გარეჯში, დროშებიც აფრიალეს და აზერბაიჯანის მხრიდან მართლაც რომ არასასიამოვნო და არასასურველი რეაქცია გამოიწვიეს. აი, მაშინ საპატრიარქოს მხრიდან მსგავსი რეაქცია ნამდვილად არ გვახსოვს. მათი ხმა არ გაგვიგია პრეზიდენტის მიერ დავითგარეჯშივე გაკეთებულ, ამ შემთხვევაში მართლაც რეზონანსულ შეფასებებსა და მოწოდებებზე.
სამწუხაროდ, დეკანოზ ჯაღმაიძის პირით გაცხადებული საპატრიარქოს ადმინისტრაციის პოზიცია, საუკეთესო შემთხვევაში, სხვა არაფერია, თუ საპატრიარქოს მიერ ინიციატივის ხელში აღების მცდელობა – დააზღვიოს საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე ქართული ეკლესია-მონსტრების ოკუპანტების მიერ მითვისების და ქართველი სასულიერო პირებისთვის რუსების მიერ ღვთისმსახურების აკრძალვის რეალური რისკები.
მიზანი თითქოს ლეგიტიმური და კეთილშობილურია, თუმცა, ფორმა და საშუალება იმდენად დამაზიანებელი, რომ მიზანი აშკარად ვეღარ ამართლებს საშუალებას. ამ ნაბიჯით, საპატრიარქო, ჩვენსავე მთავრობას და სახელმწიფო ინსტიტუტებს არამარტო ოკუპანტის მხრიდან ეკლესია-მონასტრების დაცვისა და ხელშეუვალობის გარანტად ვერ აღიქვამს, არამედ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, წარუმატებელ და შეუმდგარ მოცემულობად წარმოაჩენს. ასე რომ არ იყოს, ოკუპანტთან ლოკალურ დონეზე მოლაპარაკების და ხაზგასმული და ბევრისთვის გულისამრევი ლოიალობის გამოვლენის ნაცვლად, ის დასახმარებლად საქართველოს ხელისუფლებას და შესაბამის სტრუქტურებს მიმართავდა და მთელს იმედებს “სითბოსმფრქვეველი” რუსი სამხედროების კეთილ ნებაზე არ დაამყარებდა.
მეტიც, იმის ნაცვლად, რომ საპატრიარქო მთავრობის მიმართ გამოხატავდეს უკმაყოფილებას, აქტიურად იყენებდეს საერთაშორისო ტრიბუნას, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე რუსეთის არალეგიტიმური, პროვოკაციული და ხშირ შემთხვევაში ვანდალური ქმედებების დაგმობისკენ მოუწოდებდა მთელ ქრისტიანულ სამყაროს და ამ ფორმით ეცდებოდა, შეეკავებინა ამ შემთხვევაში – მცოცავი რელიგიური ოკუპაცია, მისი მთავარი გზავნილი “დროშების ფრიალზე” უარის თქმა, ვითარებასთან შეგუება და კაპიტულაციაა, რაც სრულ თანხვედრაში მოდის ქართული ოცნების დამპყრობლის მაამებლობის ხაზთან.
გარდა იმისა, რომ ისტორიაც და თანამედროვე გამოცდილებაც ნათლად გვაჩვენებს – ეს გზა არაფრის მომტანია – კრემლი დათმობას ყოველთვის სისუსტედ აღიქვამს, მიღწეულით არასდროს კმაყოფილდება და მეტს ითხოვს, რითაც ქვეყანას და მათ შორის ეკლესია-მონასტრებსაც კიდევ უფრო მეტი პრობლემები ექმნება, საპატრიარქოს ადმინისტრაციის მხრიდან ასეთი პოზიციონირება, როგორც პოლიტიკურად, ისე მორალურად გაუმართლებელია და ქართული სახელმწიფოსთვის უდიდესი ზიანის მომტანი.
ის, რომ თითქოს ოკუპანტი სამხედროები თბილად და სიყვარულით ექცევიან ქართველ სასულიერო პირებს, იმ გზავნილის გაგრძელებაა, რომლის ნარატივითაც რუსები “ჩვენიანები”, ანუ ჩვენსავით მართლმადიდებლები არიან, ქართველები უყვართ და რომ ჩვენს “ერთმორმწმუნე ძმებთან” ეს “დამპალი და გარყვნილი” ამერიკა გვაპირისპირებს.
თავისუფლებისთვის ბრძოლა ქართველისთვის ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისთვის ბრძოლას ნიშნავდა, იმ იდენტობის, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანულ მსოფლმხედველობასა და კულტურაზე დაფუძნდა. არადა დღეს გვყავს ხელისუფლება და მათი მხარდამჭერების აქტიური ჯგუფი, რომელიც ეროვნული იდენტობისა და ეკლესიის მცველის როლს პროპაგანდისტულ იარაღად მოიხმარს და ამას საპატრიარქოს ადმინისტრაციასთან ერთად იმის სრულიად საპირისპირო ფორმითა და შინაარსით აკეთებს, რის მაგალითსაც საუკუნეების მანძილზე გვაძლევდნენ წმინდანებად შერაცხული ქართველი პატრიარქები და მთლიანად საქართველოს ეკლესია, რომელიც ქრისტიანული მორალისა და ქართული სახელმწიფოს სადარაჯოზე იდგა, როგორც ჯვრით, ისე მახვილით.
თუ ვინმეს გონია, რომ საქართველოს სახელმწიფო დროშებზე ჯვრები პირველად 2004 წელს გაჩნდა, ძალიან ცდება. თეთრ ფონზე გამოსახული ეს სიმბოლო მუდმივად იყო და დღესაც არის, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის, ისე ქართული სახელმწიფო ჰერალდიკის მთავარი კომპონენტი. სიმბოლიკა ასახავს და ხშირად განსაზღვრავს კიდეც შინაარსს. ხოლო ის შინაარსი და ფორმა, რითაც დღეს საპატრიარქოს სახელით მოლაპარაკენი მოქმედებენ: კაპიტულანტური პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში, განცდა, რომ არც ქართული სახელმწიფო, არც ქვეყნის კანონიერი უფლებების გარანტორი შეიარაღებული ძალები და სხვა ინსტიტუტები აღარ არსებობს, რომელმაც ერიც და ბერიც, საზღვარიც და ეკლესია-მონასტერიც თანაბრად უნდა დაიცვას, მხოლოდ ერთ რამეზე მიგვანიშნებს: დეკანოზ ჯაღმაიძის მიერ დაწუნებული “დროშების ფრიალი” კი არა – საქართველოს ეროვნული, თუ საეკლესიო დროშებიდან ჯვრები ნელ-ნელა საერთოდ ქრება და მისგან მხოლოდ თეთრი ზეწარი რჩება, სიმბოლოდ იმისა, რომ “ერთმორწმუნე” რუსეთს “მშვიდობიანად” ვნებდებით.
რუსების ამოცანაც ეს არის – ქართველებთან მეგობრობა – ქართული სახელმწიფოებრიობის გარეშე!!! თუ ტაძრების შენარჩუნებისთვის ჩვენს სახელმწიფო იდენტობის სიმბოლოებზე ვიტყვით უარს, ხომ არ მიგვიყვანს ეს “ერთმორწმუნეობიდან” “ერთსახელმწიფოებრიობამდე?”