ვალოდია გოგუაძე – საქართველოს ეროვნული გმირი და ჯავშნოსანი მატარებლის ლეგენდარული მეთაური

საქართველოს ეროვნულ გმირს და ჯავშნოსანი მატარებლის ლეგენდარულ მეთაურს ვალოდია გოგუაძეს ძნელად თუ ნახავდა ვინმე მისი განუყრელი იარაღის გარეშე, ვალოდიას თოფი მაშინდელ გურიაში მის პატრონზე ნაკლებად ცნობილი არ გახლდათ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ვალოდია გოგუაძის თოფ-ბორხეტს (ასე ეძახდნენ) დიდხანს ინახავდა მისი ოჯახი ჭანჭათში.
.
ამ თოფის ისტორიაზე წერს ზვიად გურული (კვირის პალიტრა) – “1908 წელს ავაზაკებმა ცნობილი ნავთის მრეწველი, მუსა ნაგიევი გაიტაცეს და ნათესავებს მილიონი მანეთი მოსთხოვეს! ბაქოში ხმა გავრცელდა, ქართველებმა მოიტაცესო და ამას ქართველების მიმართ იქაურების დიდი აგრესია გამოუწვევია. გოგუაძეს გადაუწყვეტია, ამ ხმების გასაქარწყლებლად თვითონ გაეთავისუფლებინა ტყვე და ეს გადაწყვეტილება პარტიის სამხედრო შტაბს გააცნო. ამბავი გამჟღავნდა და გამტაცებლებმა სახიფათო მტრის მოცილება გადაწყვიტეს: მისი ნაცნობი გადაიბირეს და ათქმევინეს – გურიიდან შენი მეზობელი წულაძეა ჩამოსული, მამაშენის წერილი უნდა გადმოგცესო. როგორც ყოველთვის, “ტანმა უგრძნო” გოგუაძეს და მარტო წავიდა დანიშნულ ადგილას – ამხანაგების მსხვერპლს მოერიდა. შესულა იქ და ხუთი შეიარაღებული ყაჩაღი დახვედრია! ყასიდად გაუძახია კარს უკან – მზად იყავითო (ვითომ ვინმე ახლდა), ყაჩაღებს კი უთხრა, – სახლი ჩემი ხალხით არის გარშემორტყმული და იარაღი დაყარეთო. ასე გაათავისუფლა ბაქოელი მოხუცი მილიონერი (უშვილო ყოფილა და ნათესავებს ერთი სული ჰქონიათ, როდის მოკლავდნენ ყაჩაღები, რომ მემკვიდრეობა დარჩენოდათ. ქართველების მიერ გატაცების ვერსიაც მათი შეთხზული ყოფილა).
.
ფულით დასაჩუქრებაზე უარი უთქვამს – მე ისიც მეყოფა, თათრებსა და ქართველებს სამარცხვინო ხოცვა-ჟლეტა რომ ავაშორეო. შეწუხებულ ნაგიევს ისიც უთქვამს, ამ მხეცებს თავს რად აკვლევინებ, შვეიცარიაში მივდივარ, იქ ბანკში შენს სახელზე ფულს შევიტან, ჩამოდი და იცხოვრე შენს გემოზეო. ცხადია, ამაზეც უარი თქვა გოგუაძემ.
.
ისევ გოგუაძეს მოვუსმინოთ: “ნაგიევმა საზღვარგარეთიდან საჩუქრად გამომიგზავნა ძვირფასი ავტომატ-იარაღები, მათ შორის თოფი “ბორხატი”, რომელსაც მე 1921 წლამდე ვატარებდი”. დავამატებთ, რომ ამ “ბორხატის” ტყვიამ არაერთი მკვლელი და ყაჩაღი, შემდეგ კი სამშობლოს მტერიც გაუყენა მოუსავლეთის გზას…”
.
გოგუაძე ატარებდა ბორჰარდ C-93 (Borchardt C-93 pistol with stock-holster) 1893 წლის მოდელი, რომელიც ითვლება მსოფლიოში პირველ წარმატებულ თვითდამტენ პისტოლეტად, მისი პატენტი ათზე მეტმა ქვეყანამ შეიძინა. იარაღი კატალოგებში მოხსენიებულია როგორც “პისტოლეტ-კარაბინი”. კარგმა ბალისტიკურმა მახასიათებლებმა, სიმძალვრემ, საიმედოობამ, ასევე მჭიდის ტევადობამ “პისტოლეტ-კარაბინს”, როგორც უნივერსალურ იარაღს დიდი პუპულარობა მოუტანა როგორც სამხედროებში, ისე მონადირეებსა და მოგზაურებში. პისტოლეტს ჰქონდა თავისი ორიგინალური ვაზნა კალიბრი 7.65×25mm Borchardt. 5,5 გრამიანი ტყვიით. მჭიდის მოცულობა 8 ვაზნა.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share