საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭოს (IFAB) ფეხბურთის წესებში ცვლილების შეტანა სურს იმისთვის, რათა მოედანზე შეურაცხყოფის მიყენებისგან მსაჯები დაიცვას. ამის შესახებ ინფორმაციას The Times ავრცელებს.
IFAB-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლუკას ბრუდმა განაცხადა, რომ ასოციაციაში განიხილავენ მოთამაშის 10-წუთიანი გაძევების შესაძლებლობას, მატჩის დროს არბიტრის გადაწყვეტილებასთან უთანხმოების ან მსაჯის შეურაცხყოფისთვის.
“მოთამაშეთა უწესობა ფეხბურთში სერიოზული პრობლემაა და ის IFAB-ისთვის მთავარი თემა იქნება უახლოეს წლებში. განვიხილავთ გზებს, რა შეიძლება გაკეთდეს ამის საწინააღდეგოდ არსებული წესებისა თუ დამატებითი საშუალებების გამოყენებით.
ზოგჯერ მოთამაშეებს არცთუ დიდად აღელვებთ ყვითელი ბარათის მიღების საფრთხე მაშინ, როდესაც მსაჯს რაღაც მიუღებელს ეუბნებიან. მაგრამ მათთვის გაცილებით დიდი მნიშვნელობის იქნება იმის ცოდნა, რომ ამის გამო 10 წუთის გატარება მოედნის გარეთ მოუწევთ. ამ იდეის მიმართ ინტერესი დიდია. ასევე განიხილება ვარიანტი, რომლის თანახმად, მხოლოდ კაპიტანს შეეძლება მსაჯისთვის მიმართვა. უკვე აუტანელია არბიტრთან აგრესიულად მიახლოებული მოთამაშეების ყურება. ხშირად ვხედავთ, განზრახ როგორ აედევნებიან მსაჯს, ან წინ ეღობებიან მას. თუკი მხოლოდ კაპიტანს ექნება მსაჯთან მიახლოების უფლება, მოგვიანებით ის თანაგუნდელებს უამბობს მომხდარის შესახებ. ეს კარგად მუშაობს სპორტის სხვა სახეობებში, მაგალთად, რაგბისა და კალათბურთში”, – ამბობს ბრუდი.
ორი კვირის შემდეგ ლონდონში IFAB-ის სამუშაო ჯგუფის კრება იგეგმება, სადაც პროფესიონალურ ფეხბურთში 10-წუთიანი გაძევების დანერგვის შესაძლებლობას განიხილავენ. აღნიშნული წესი 2019 წელს ინგლისის სამოყვარულო და ჭაბუკთა ფეხბურთში გამოსცადეს და მაშინ ის შეფასდა, როგორც წარმატებული.