პოლონეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის საგზური რუსეთის გათამაშებიდან მოხსნის გამო მოიპოვა, გუშინ კი საკუთარ მოედანზე შვედეთს 2:0 სძლია და მუნდიალზე გავიდა.
ხოჟუვის სტადიონზე გულშემატკივრები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და რუსეთს შეურაცხყოფას აყენებდნენ. ფანები სკანდირებდნენ: „Ruska kurwa!“ – „რუსი მეძავი“.
“Матч ТВ”-ის წამყვანმა ანტონ ანისიმოვმა გადაცემა “Есть тема”-ს ეთერში პოლონელებს მსოფლიოს ჩემპიონატზე წარუმატებლობა უსურვა: “მინდა პირადად და არა არხის სახელით ვთქვა, კონკრეტულად ჩემი სახელით. პოლონეთის ნაკრებს და მათ შორის ლევანდოვსკის ყატარში უდიდეს მარცხს ვუსურვებ. ბიჭებო, “წარმატება” თქვენ, თქვენ საზიზღარი ქმნილებები ხართ”.
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ პოლონეთს გამარჯვება მიულოცა: “ჩვენო ძმებო პოლონელებო! გულითადად გილოცავთ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლას! მუდამ გვემახსოვრება თქვენი თანაგრძნობა და მხარდაჭერა, რომ მილიონობით ჩვენი ქალი და ბავშვი საკუთარი ოჯახის წევრებივით მიიღეთ და ეხმარებით ყველაფრით, რაც კი შეგიძლიათ! ამის გამო თქვენს წინაშე მიწამდე ვიხრით ქედს.
ასევე ძლიერი და მტკიცე იყო თქვენი განცხადება, რომ აგრესორს არ ეთამაშებოდით. თქვენს მიერ გადადგმული ნაბიჯი მთელი მსოფლიოსთვის სამაგალითოა, თუ როგორ უნდა შევიკრათ ერთ მუშტად, როდესაც უგუნური და დაუნდობელი მხეცი შენს მიწაზე იარაღით მოდის! თუმცა, სიკეთე მუდამ ამარცხებს სიბოროტეს და თქვენი გამარჯვება ჩვენთვის სიმბოლური და შთამაგონებელია.
მოგესალმებით თქვენ, ძმებო და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ყატარში მუნდიალზე შემოგიერთდებით! დიდება პოლონეთს! დიდება უკრაინას!”