“ჩვენს ქალაქში დიდი ფეხბურთი ბრუნდება!” – ასე გამოეხმაურა ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე, ოზურგეთის “მერცხალის” მეხუთე ლიგიდან მეოთხე ლიგაში გადასვლას.
ხუმრობა საქმე ხომ არაა. თუ აქამდე, მეხუთე ლიგაში ოზურგეთის “მერცხალი” ოდენ ჩიბათის “ჩიბათსა” და გონიოს კლუბებს ეთამაშებოდა, გაისად, ანუ დღეის ამას იქეთ, მეოთხე ლიგაში ოზურგეთში სახელოვანი “ჩხერიმელა” ჩამოვა ხარაგაულიდან და “სქური” წალენჯიხადან! ეს თუ არა, მაშ რა უნდა იყოს სამხრეთელ გურულთა “დიდ ფეხბურთში” დაბრუნება?
“ჩვენს ქალაქში დიდი ფეხბურთი ბრუნდება! ოზურგეთის “მერცხალმა” საქართველოს ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ჩემპიონობა გაინაღდა და მე-4 ლიგაში გადასვლის უპირობო კანდიდატია!
საფეხბურთო კლუბი „მერცხალი“ 13 გუნდს შორის, რეგიონული ლიგის „გ“ ჯგუფში 62 ქულით ლიდერობს (20 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება, ბ/შ 103:18) და პირველ ადგილზეა.
საქართველოს ჩემპიონატის მეხუთე ლიგის დასრულებამდე ერთი თამაში დარჩა, სადაც „მერცხალი“ 26-ე ტურში ქუთაისის „მართვეს“ დაუპირისპირდება. მატჩი 22 ნოემბერს, 14:00 საათზე, მერცხალის სტადიონზე გაიმართება” წერს ავთანდილ თალაკვაძე ფეისბუკის საკუთარ, ოფიციალურ გვერდზე.
მერის უვიცობა იქეთ იყოს და “გურიის მოამბე” ულოცავს “მერცხალს” რეგიონალლიგაში გამარჯვებასა და მეოთხე ლიგის საგზურს..