„ძვირფასო” რუსულ ენაზე მოლაპარაკეებო. შეწყვიტეთ ხმაური, ილაპარაკეთ უფრო ხმადაბლა. ერთადერთი ადგილი, სადაც თქვენს ხმაურს მივესალმებით, თქვენი ქვეყანაა. იქ შეგიძლიათ ხმამაღლა გამოხატოთ პროტესტი თქვენი სისხლიანი იმპერიის მიმართ”, – ინგლისურ ენაზე დაწერილი ამ შინაარსის წარწერა, 2023 წლის ნოემბრის ბოლოს, თბილისში, მთაწმინდაზე გადავიღეთ, ფუნიკულიორზე ამავალი საბაგიროს სიახლოვეს. ამ წარწერიდან რამდენიმე მეტრში, ქუჩის მეორე მხარეს ეწერა “F*CK RUSSIA”. ახლა ეს წარწერა გადაღებილია და მის ქვემოთ წერია – “არა ნაციზმი მთაწმინდაზე!”.
თბილისის ქუჩებში ანტირუსული წარწერები უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე გამოჩნდა – რუსეთის მოქალაქეების მიგრაციას კი თან მოჰყვა ამ წარწერების გადაკეთების, ინტერპრეტაციისა და წაშლის დაუსრულებელი ისტორია.
დღეს თბილისის ცენტრალური და ტურისტულად აქტიური უბნების შენობები და სამშენებლო ღობეები თითქმის მთლიანად არის დაფარული უკრაინის, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით. რამდენიმე ადგილას ისრაელის მხარდამჭერ წარწერებსაც იპოვით.
გადასასვლელებზე, ღობეებზე, კედლებზე, ბანერებზე, რკინის ჟალუზებზე მიხატული მინაწერები ითხოვენ რუსეთის ფედერაციის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებას, რუსეთის მოქალაქეებისთვის კი ვიზების შემოღებას და მათ გამუდმებით ახსენებენ, რომ ეს არ არის ადგილი, სადაც ისინი არასასურველი სტუმრები არიან. იქვე ნატრობენ სიკვდილს უკრაინის მტრებისთვის და საერთაშორისო ტრიბუნალს ვლადიმირ პუტინისთვის. ახსენებენ, რომ „რუსეთი კლავს“ და სჯერათ გმირების ხსოვნის უკვდავების.
წარწერების დიდი ნაწილი სპონტანურია და სხვადასხვა ხელწერით შესრულებული, ნაწილს კი ეტყობა, რომ დაგეგმილი კამპანიის ნაწილია და აკურატულად თბილისის სხვადასხვა უბანშია დატოვებული.
“გვინდა, რომ გამოვაღვიძოთ ის თანამოქალაქეები, რომლებიც თვლიან, რომ მათ აქტივობას არანაირი აზრი არ აქვთ და, მეორე მხრივ, აქ ჩამოსულ რუსეთის მოქალაქეებს ვაჩვენოთ ჩვენი დამოკიდებულება.
სანამ ჩვენი ქვეყნის ნაწილი არის ოკუპირებული, რუსეთი არის ჩვენი მტერი, რომელიც დღესაც კლავს ჩვენს მოქალაქეებს. შესაბამისად, იქიდან ჩამოსული ადამიანებიც ითვლებიან ჩვენს მტრებად და არავის არ უხარია მათი აქ ჩამოსვლა”, – ეუბნება რადიო თავისუფლებას ცოტნე ჯაფარიძე, მეღვინე და ერთ-ერთი ტურისტული სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც ქუჩის აქტივიზმი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ წამოიწყო.
ის და მისი თანამოაზრეები, სხვადასხვა პროფესიისა და ინტერესების მქონე თბილისელები, უკვე რამდენიმე თვეა ანტირუსული წარწერების გარდა თბილისის ქუჩებში იმ ქართველი გმირების სტენსილებსაც ხატავენ, ვინც სხვადასხვა დროს ემსხვერპლა რუსეთთან ბრძოლას: ქაქუცა ჩოლოყაშვილი, მარო მაყაშვილი, გიორგი ანწუხელიძე, ზაქარია შუბითიძე.
თორნიკე იმისაც აკვირდება, როგორ იცვლება ქუჩაში მათი დატოვებული წარწერები – ზოგიერთს მერიის კეთილმოწყობის სამსახური სრულად ათეთრებს, ზოგ წარწერას ისე დღაბნიან, რომ შეუძლებელი იყოს გეომეტრიული გამოსახულებების ქვეშ შინაარსის გარჩევა. ნაწილს კი კომენტარებს უწერენ მოწოდებების სიძულვილის სიყვარულით ჩანაცვლების შესახებ.
“არა ნაციზმს”, “ზიზღს ნუ თესავ”, “სიკეთე”, “სიყვარული”, “მშვიდობა” და გულის ფორმის გრაფიკული გამოსახულებები ბევრ ადგილას გაჩნდა ანტირუსული წარწერების სიახლოვეს.
რამდენიმე დღის წინ ვერის პარკთან, ერთ-ერთ კედელზე გრაფიტი გადაახატეს ანწუხელიძის სტენსილსაც.
ვინ შლის წარწერებს ქუჩაში?
როგორც წესი, ყველას, ვინც ქუჩაში წერს ან ხატავს, ან სხვის ნაწერს და ნახატს შლის, სურს, რომ ანონიმად დარჩეს. შესაბამისად, იმის გადაჭრით თქმა, ვინ შლის ამჯერად ანტირუსულ წარწერებს, რთული სათქმელია.
“ამ წარწერების წაშლა, ინტერპრეტაცია, გაგრძელება ან სხვა ტექსტებით ჩანაცვლება ერთგვარი დიალოგია”, – გვეუბნება სოციოლოგი ქეთი სართანია. ის წლებია ქუჩის ტექსტებს ყურადღებით აკვირდება და აგროვებს პლატფორმაზე “ქუჩის სენტიმენტები”. ის აღნიშნავს, რომ პოლიტიკური ტექსტები არაპოლიტიკურისგან განსხვავებული “ცხოვრებით ცხოვრობენ”. პირველ შემთხვევაში უფრო ხშირია მათი წაშლა ან ახლით ჩანაცვლება, სენტიმენტალურ, ემოციურ ტექსტებს კი, როგორც წესი, ინტერპრეტაციას უკეთებენ ან აგრძელებენ.
“ვერაზე ჩავატარეთ ეგეთი ექსპერტიმენტი: რამდენიმე ადგილას დავწერეთ ანტირუსული და ანტისახელისუფლებო წარწერები ქართულ და ინგლისურ ენებზე და ჰოი, საოცრებავ! გადაღებეს მხოლოდ ინგლისურად დაწერილი წარწერები, ქართულად დაწერილი ვერ გაიგეს. ვინმე ქართველი რომ ყოფილიყო, ორივეს აუცილებლად გადაშლიდა. ეს გვაფიქრებინებს, რომ აქ მცხოვრები რუსები არიან, ვინც ამ ტექსტებს შლის, ერთი ხელწერაა იმ ადამიანების, რომლებიც დიდი ალბათობით google translate-ით თარგმნის იმ ტექსტებს, რასაც მერე წერს ქუჩაში. მართლწერისას რამდენიმეგან ისეთი შეცდომაა დაშვებული, რომ გამორიცხულია ქართულენოვანის დაწერილი იყოს”, – გვიზიარებს თავის დაკვირვებას ცოტნე.
მან და მისმა მეგობრებმა ქუჩაში დამონტაჟებული კერძო ვიდეოკამერების ჩანაწერებში, როგორც ამბობენ, „დაიჭირეს“ ის ადამიანი, ვინც ვერაზე მათ ტექსტებს შლიდა და გეომეტრიული ნახაზებით ფარავდა.
„ეს იყო სახედაფარული კაცი კაპიუშონით, რომელიც დილის 6 საათისთვის გამოდის საღებავებით ქუჩაში“, – ამბობს ცოტნე, რომელმაც ამ ადამიანის ვინაობა არ იცის.
რუსული მიგრაციული ტალღის საწყის ეტაპზევე თვალშისაცემი ტენდენცია იყო კედლებზე “F*CK RUSSIA”-ს ჩანაცვლება “F*ck putin”-ით. ამ შესწორების გზავნილი იყო, რომ რუსეთი უფრო მეტია, ვიდრე პუტინი და პუტინის სიძულვილი რუსეთის სიძულვილში არ უნდა გადაიზარდოს.
ძნელია იმის მტკიცება, რომ ამ გზავნილებს რუსეთის მოქალაქეები ტოვებდნენ, მაგრამ საკუთარი ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილთა ნაწილი, ვინც საქართველოში უფრო დაცული სივრცის ძებნისას აღმოჩნდნენ, დაუფარავად ცდილობენ მასპინძლების იმაში დარწმუნებას, რომ რუსეთის ხელისუფლებისა და რუსი ხალხის ინტერესი ძირითადად ერთმანეთს არ ემთხვევა, მათ შორის, უკრაინის ომის საკითხშიც.
საქართველოში მცხოვრები ან ტურისტულად ჩამოსული რუსეთის მოქალაქეები სოციალურ ქსელებშიც ხშირად აღნიშნავენ, რომ ანტირუსული წარწერები ქუჩებში ქართველების ნაციონალიზმისა და ქსენოფობიის გამოხატულებაა, რაც მათ დისკომფორტს უქმნით.
უკრაინის და ევროკავშირის დროშებს საქართველოს დროშებით ფარავს პრორუსული გაერთიანება “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერი აქტივისტი ხატია ჯანაშია.
მან 24 ნოემბერს ფეისბუკზე დაწერა, რომ ის და მისი თანამოაზრე რესპუბლიკის მოედანზე დროშების გადაღებვის გამო 1000 ლარით დააჯარიმა მერიის სამსახურმა.
ის “საზიზღრად” მიიჩნევს საქართველოს ევროპული მისწრაფებების საილუსტრაციოდ გაკეთებულ წარწერებს და “გულის ამრევს” უწოდებს სხვა აქტივისტების ნახატებს ქუჩაში. თავად ჯანაშია და ის ჰომოფობიური ჯგუფი, რომელსაც ის გულშემატკივრობს, თბილისის ქუჩებს ისევე იყენებს გზავნილების გასავრცელებლად, როგორც სხვა აქტივისტები. 2023 წლის ზაფხულში, ლისის ტბაზე დაგეგმილი “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგო მსვლელობის ანონსი მათ თბილისის ქუჩებში არაერთ ადგილას ჰქონდათ გაკეთებული.
“ალტ-ინფოსა” და “კონსერვატიული მოძრაობის” წარწერები, როგორც წესი, ძალადობრივ მოწოდებებს შეიცავს.
წარწერებს ზოგჯერ იმ სახლების ბინადრებიც შლიან, ვისი კედელი ან ღობეც “ბრძოლის ველად” იქცევა. ასე მაგალითად, პეტრიაშვილის ქუჩაზე ამ სახლის კედელი თითქმის ორი წლის განმავლობაში იყო საპროტესტო მოედანი – 2023 წლის ზაფხულში იგი სრულად გადაღებეს.
ზოგჯერ “ბრძოლის ველი” რომელიმე მაღაზიის ან ორგანიზაციის შენობა ხდება. ეს დაემართა საბავშვო სათამაშოების შენობას ვაკეში, მრგვალ ბაღთან, რომელიც არაერთხელ გადაღებვის მიუხედავად, კვლავ რჩება პოლიტიკური ტექსტების განთავსების ადგილად.
“შინ ევროპისკენ“ – ეს წარწერები გაჩნდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში თბილისში არაერთ ადგილას. ეს იყო ერთგვარი გამოძახილი ამავე სახელით გამართული აქციებისა, რომელთა მიზანი იმის ჩვენება იყო, რომ საქართველოს, როგორც ევროპული ღირებულებების მქონე ქვეყნის ადგილი ევროპაშია. ეს წარწერებიც ცენზურის ქვეშ მოექცა.
ტექსტების შეცვლის შემდეგ სიტყვას “შინ” ზოგან აზია მიუწერეს, ზოგან კი – აფრიკა. ამ სლოგანის აბუჩად აგდებით დააკნინეს საქართველოს დასავლური მისწრაფება.
რატომ არის მნიშვნელოვანი კონტროლი ქუჩაზე?
“თუ განწყობების გამოხატვა არის მიზანი, ეს მიზანი ნამდვილად მიღწეულია, მაგრამ შედეგის თვალსაზრისით მარტო ამ წარწერების გაკეთება დიდს არაფერს მოიტანს… ქუჩის წარწერების მიღმა მუშაობა, შრომა, პოლიტიკაზე ფიქრი და სიტუაციის სხვადასხვა პერსპექტივიდან დანახვა, მეტი ანალიზი უნდა გაგრძელდეს, თუმცა ამ თემებს ზოგადად ახლავს თან გარკვეული ზედაპირულობა და ეს წარწერებიც ამ დამოკიდებულების ანარეკლია”, – ეუბნება რადიო თავისუფლებას ქეთი სართანია.
ცოტნე ჯაფარიძე თვლის, რომ წარწერები და სტენსილები ქუჩაში მხოლოდ ილუსტრაციაა, რეალურად კი მოსახლეობის უმეტესობა რომ ერთგულია დასავლური კურსის, უკმაყოფილო რუსეთის მოქალაქეების სტიქიური მიგრაციით და მხარს უჭერს უკრაინას, ამას საზოგადოებრივი აზრის კვლევებიც აჩვენებს და ბოლო წლების ხალხმრავალი გამოსვლებიც.
კიდევ ერთი მიზანი, რაც შეიძლება ამ ტექსტებს და ნახატებს ჰქონდეთ, ქეთი სართანიას თქმით, არის ახალი და მნიშვნელოვანი ამბების მასობრივად გავრცელება და ერთგვარი მიკროძეგლების დადგმა იმ ადამიანებისთვის, ვისაც საზოგადოება გმირად მიიჩნევს, ვისი ცხოვრებით ან საქმიანობითაც აღფრთოვანებულია.
ამგვარ მიკროძეგლებად მიიჩნევს ქეთი უკრაინაში დაღუპული ჯამბულატ ხოფერიას მამის სიტყვებს: “ვიბრძვით, ვკვდებით, რომ იცოცხლოს საქართველომ” და გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან სოფელ კირბალის ლომისის ეკლესიასთან მოკლული თამაზ გინტურის სიტყვებს: “ლომისა შენ ძალად ვენაცვალე, შენი ამჭედის დედას შევ*ეცი”, რომელიც თბილისის ქუჩებში ბევრ ადგილას გაჩნდა. ქეთის აზრით, ეს ქართული წარწერები თვისობრივად ახალია თბილისის ქუჩებისთვის.
“ეს პატრიოტული წარწერები დროშებით, გარდა იმისა, რომ „ნიუსივით“ იწერება კედლებზე იმისთვის, რომ ყველამ გაიგოს რა მოხდა, ისტორიის გაგებაც აქვს იმ თვალსაზრისით, რომ უფრო დიდი ნარატივის ნაწილია, ვიდრე უბრალოდ ახალი ამბავი, რომელიც გუშინ მოხდა და დღეს კედელზე დაწერეს. ეს დიდი ნარატივი არის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ კონტექსტში ქართულ ენაზე გაკეთებული ეს წარწერები თითქოს ხაზგასმაა იმის, რომ ჩვენ ჩვენი სახელმწიფოებრიობის გარდა, საკუთარი ენაც გვაქვს, რომელსაც ვიყენებთ ამ პატრიოტული ტექსტებისთვის”, – ამბობს ქეთი.
ქუჩის წარწერები ერთდროულად არის მოსახლეობის განწყობების სარკეც და არქივიც. თბილისის ქუჩებში უკრაინის ომამდეც არაერთხელ „გამოუქვეყნებიათ“ საინფორმაციო თუ საპროტესტო წარწერები – იქნებოდა ეს 15 წლის ლუკა სირაძის სიკვდილი, 20 ივნისს, “გავრილოვის ღამეს” დარბეული აქცია, “პანორამა თბილისის” პროექტით უკმაყოფილება თუ გუდიაშვილის ბაღის პროტესტი.
ქუჩაში ცენზურის მცდელობებიც არ არის ახალი – ხელისუფლება სხვადასხვა დროს ამ წარწერებსაც ებრძოდა. ოპერის მიწისქვეშა გადასასვლელში ქართლის დედა, რომელსაც სპეცრაზმელის ტყვია ხვდება, რამდენჯერმე გადაღებეს, აქტივისტები კი, ვინც წარწერებს აკეთებდნენ სამშენებლო ღობეებზე, დიდი ჯარიმებით დასაჯეს.
ქუჩის წარწერები რიგითი ადამიანების ემოციებსაც ინახავს, მათ სიყვარულებს, ოცნებებს, იმედგაცრუებებს, სოციალურ პრობლემებსა თუ კეთილ სურვილებს. ეს წარწერები ხშირად იქცევა ხოლმე დიალოგად.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ თითქოს ყველა სხვა საკითხი ომმა გადაფარა, თუმცა ქეთი ამბობს, რომ ეს მხოლოდ ცენტრალურ უბნებზე შეიძლება ითქვას, დედაქალაქის გარეუბნებში კვლავ იწერება სენტიმენტალური ტექსტები.
რადიო თავისუფლება