იქონია თუ არა ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე გავლენა საქართველოში, მარტში გამართულმა აქციებმა – ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, თავდაპირველად ევროკავშირი მმართველ ხელისუფლებას 12 რეკომენდაციის სრულად შესრულებას სთხოვდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მარტის აქციების დროს ქართველი ხალხი ისტორიის სწორ მხარეს დადგა და მსოფლიოს საკუთარი ძლიერი ლტოლვა დაანახა, რომელიც ევროკავშირისკენ იყო მიმართული, ევროპელმა ლიდერებმა საკუთარი ხედვა შეცვალეს.
ყოფილი ომბუდსმენის თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება საზოგადოების დაუღალავი ბრძოლის გარდა, გეოპოლიტიკურმა მიზეზებმაც განაპირობა.
”რადგან მიღებულია უკვე გადაწყვეტილება ჩვენ შეგვიძლია, ვისაუბროთ ღიად გარკვეულ საკითხებზე, ვეღარ მოაკერებენ კუდებს ამ ყველაფერს. მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირმა გადაწყვეტილება ჩვენთან მიმართებით მარტის აქციების შემდგომ შეიცვალა, როდესაც მათ დაინახეს, რომ მოხდა ის, რაც მოხდა. მანამდე ცალსახა გზავნილები იყო, რომ თუ თქვენ რეკომენდაციებს არ შეასრულებთ სტატუსს ვერ მიიღებთ. ამ რეკომენდაციებს ხელისუფლება არ ასრულებდა. თუმცა, ევროკავშირმა თავის ამ მიდგომას, რომ თუ მეტწილად რეკომენდაცია არ იქნა შესრულებული, გადახედა მარტის აქციების შემდგომ და ასევე იმუშავა მთელმა რიგმა კომუნიკაციის ხაზმა, რომელიც მთავრობის მიღმა იყო”, – აღნიშნა ლომჯარიამ.