როგორ შევა ისტორიაში 2023 წელი – წლის შეჯამება და მთავარი მოვლენები

2023 წელი განსაკუთრებით დატვირთული აღმოჩნდა მოვლენებით, რომლებიც მომავალში საქართველოს, ჩვენი რეგიონისა და ზოგადად მსოფლიოსათვის შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს. თუმცა, წლის შეჯამებისას „რეზონანსთან“ საუბრისას ანალიტიკოსები ორ მათგანს ანიჭებენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას – საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასა და რუსეთი უკრაინის ომს.

გარდა ამისა, იყო ბევრი სხვა რამ, რაც მომავალში სწორედ 2023 წელთან იქნება ასოცირებული, რამაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ან ემოციური გავლენა მოახდინა ქვეყანაზე.

პირველ რიგში ალბათ ეს იყო შოვის უმძიმესი ტრაგედია, რომელსაც 32 ადამიანი ემსხვერპლა.

პოლიტიკური თვალსაზრისით დასამახსოვრებელი იყო პრეზიდენტის იმპიჩმენტის პირველი პროცედურა საქართველოს ისტორიაში და ზოგადად, პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის ვითარების უკიდურესი გამწვავება.

გარდა ამისა, მნიშნელოვან პოლიტიკურ მოვლენად შეიძლება განვიხილოთ ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალური“ მოძრაობის პრაქტიკულად ორად გაყოფა, რამაც შესაძლოა მნიშნელოვნად შეცვალოს ძალთა ბალანსი პოლიტიკურ ველზე.

რეგიონალური და გლობალური თვალსაზრისით კი ცალკე აღნიშვნის ღირსია ახლო აღმოსავლეთში დაწყებული ისრაელი-„ჰამასის“ ომი და ყარაბაღის კონფლიქტის პრაქტიკულად საბოლოოდ დასრულება აზერბაიჯანის სასარგებლოს, სექტემბერში მომხდარი ერთდღიანი შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი  

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ სტატუსი მიღება ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელვანი მოვლენაა. ეს იყო ქართველი ხალხის და ჩვენი წინაპრების აუხდენელი ოცნება, რომელსაც ფრთები 2023 წელს შეესხა. შესაბამისად, ამით მომავალ ხელისუფლებასაც, რომელიც ქვეყნის სათვეში მოვა,  წინ გადადგმული ნაბიჯი დახვდება.

„ჩვენ რომ სტატუსი არ მიგვეღო, ეს ქვეყნისთვის ძალიან მძიმედ შესაძლოა შემოტრიალებულიყო. თუკი ამ შანს ხელიდან გავუშვებდით, კაცმა არ იცის ეს შესაძლებლობა კიდევ როდის მოგვეცემოდა. ამიტომ საქართველო ამ მძიმე სიტუაციაში  გაძვრა და ეს არის ქართველი ხალხის დიდი მონაპოვარი, რომელიც ასე დაუმსახურებლად არ მიუღია. ხვალ და ზეგ ხელისუფლება თუ შეიცვლება, ეს სტატუსი ხომ უკვე ხელში გვიჭირავს. ახალ მოსულ ხელისუფლებას აღარ ექნება საფიქრალი იმაზე, თუ როგორ მიიღოს. მას  უკვე ეცოდინება ის 9 პუნქტი, რაც უნდა შეასრულოს და მოლაპარაკებების ფანჯარა უნდა გაიხსნას. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ჯერ არ უნდა მოეცათ და „ოცნება“ ამას არ იმსახურებდა, ძალიან არასწორია. ეს მისცეს ქართველ ხალხს და სახელმწიფოს, რომელიც ამას იმსახურებდა“, – ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.

ანალიტიკოსი გია აბაშიძეც ასევე მიიჩნევს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება 2023 წლის მთავარი მოვლენა იყო. მისი აზრით, ეს სტატუსი დაიმსახურა, როგორც ქართველმა ხალხმა, ასევე მის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ, რომელმაც ხალხის ნება შეასრულა და ოპოზიციის დესტრუქციის მიუხედავად, ყველაფერი გააკეთა, სტატუსის მისაღებად.

„ძალიან სასაცილოა საუბარი იმაზე, რომ სტატუსი მისცეს მხოლოდ ხალხს და ამისთვის ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია. არადა პირიქით, ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სტატუსი არ მოეცათ. პირდაპირ და ღიად ესაუბრებოდნენ ევროპარლამენტარებს, რომ დადებითი პასუხი არ ყოფილიყო. ამიტომ ეს არის ქვეყნის ყველაზე დიდი და ისტორიული მოვლენა, რომელსაც ფრთები „ოცნებამ“ შეასხა და ეს მონაპოვარი ქართველ ხალხთან ერთად დაიმსახურა. ახლა კი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებება დაიწყოს“, -ამბობს აბაშიძე.

არშემდგარი იმპიჩმენტი

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი რომ არ შედგებოდა, ეს ისედაც ცხადი იყო, რადგან „ოცნება“ მის გადაყენებას რეალურად აპირებდა.

„პრეზიდენტის იმპიჩმენტი უბრალოდ იყო პოლიტიკური სვლა, რომელიც ზურაბიშვილის ე.წ. დასჯისთვის სჭირდებოდათ. ხელისუფლებას სურდა, რომ ის კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტად წარმოეჩინა, რაც წარმატებითაც მოახერხა. ამით საკონსტიტუციო სასამართლოს ის დამოუკიდებლობის ხარისხიც დაუკარგა, რაც ჰქონდა.

„მათ სურდათ პრეზიდენტის დაზიანება, რადგან ნახეს, რომ მას დასავლეთში ვოიაჟებმა საკმაოდ მაღალი რეიტინგი მოუტანა. ამიტომ მისი მივლინებების კი არ ეშინოდათ, არამედ იმის, რომ პრეზიდენტის რეიტინგი არ გაზრდილიყო. მას სერიოზულ კონკურენტად აღიქვამენ და ეშინიათ, 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს. ამიტომაც ეცადნენ მისი ამ ფორმით  დაზიანება, თორემ იმპიჩმენტი ბოლომდე არც იყო ჩაფიქრებული.  პოლიტიკურად თავად „ოცნებასაც“ არ სურდა ეს.

„მე ველი, რომ პრეზდენტის და  ხელისუფლების ურთიერთობა კიდევ უფრო  დაიძაბება, რადგან, თუ  ზურაბიშვილს პოლიტიკური მომავალი საქართველოში კვლავ ესახება, ის კიდევ უფრო  უნდა გააქტიურდეს“, -ამბობს ძაბირაძე.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი“რეზონანსთან“ ამბობს, რომ პრეზიდენტს ზურაბიშვილის იმპიჩმენტი ჩავარდა მხოლოდ იმიტომ, რომ რადიკალური ოპოზიცია მას სამომავლო მოკავშირედ აღიქვამს დ მისგან გარკევული ნაბიჯებს ელიან.

„ზურბიშვილს პასუხი უნდა გასცემოდა იმ თავგასულობაზე, რასაც ის კონსტიტუციის დარღვევით აკეთებდა. ხელისუფლებას ერთადერთი ბერკეტი ამისთვის ჰქონდა ის, რომ მისი იმპიჩმენტის საკითხი დაეყენებინა და სამართლებრივად დაემტკიცებინა, რომ ის კანონს არღვევდა. სხვა მხრივ, ალბათ არც იყო მოლოდნი, რომ იმპიჩმენტი მოხდებოდა, რადგან ოპოზიცია ზურაბიშვილისგან ელის მიხეილ სააკაშვილის თუნდაც რამდენიმე საათით შეწყალებას. ასევე იმას, რომ ის 2024 წლის არჩევნებისთვის გადადგება, ან პრეზიდენტის რანგში ამ არჩევნებს გაყალბებულად გამოაცხადებს. ამიტომ, სამწუხაროდ, ველი, რომ მისი ქმედება და განცხადებები კიდევ უფრო  რადიკალური გახდება“, – ამბობს აბაშიძე.

ენმ-ის გაყოფა

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ფიქრობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ რა პროცესებიც არ უნდა განვითარდეს, მას თავისი ამომრჩეველი მაინც ჰყავს. ნიკა მელიას გამოყოფა პარტიას ზარალს კი მიაყენებს, მაგრამ ორივე ჯგუფი 5%-იან ბარიერს მაინც გადალახავს.

„ენმ-ის სიტუაცია, რა თქმა უნდა, აღარ არის ისეთი, როგორიც აქამდე იყო და ეს კვლევებითაც ჩანს. მათ რეიტინგი დაკლებული აქვთ, მაგრამ მუდმივი ამომრჩეველი მაინც ჰყავთ. რაც შეეხება იმას, გაჰყობს თუ არა მელია და მისი ჯგუფი ამომრჩევლის  ხმებს, რა თქმა უნდა, ასე იქნება და მეტწილად ეს იმაზეა დამოკიდებული, მელია რა სახის პარტიას და რა გუნდით შექმნის, რა განაცხადს გააკეთებს.

„აქ ორივე ჯგუფისთვის მაინც მნიშვნელოვანი მიხეილ სააკაშვილია და ორივე მათგანი მისთვის ერთგულების დამტკიცებას შეეცდება. ეს დაპირისპირება მაინც  მგონია, რომ თავის შედეგს გამოიღებს, თუმცა მელიამ უნდა იჩქაროს და მგონია, რომ ცოტა აგვიანებს“, – ამბობს ძაბირაძე.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ „ნაცმოძრაობაში“ დაწყებული პოლიტიკური ეროზია იმდენად მძიმეა, რომ ის მის გაგრძელებას პროგნოზირებს.

„დიდი ალბათობით ძებნილი ოლიგარქი დავით კეზერაშვილი მიხვდება, რომ მისი მონა-მორჩილი  დე ფაქტო მმართველი ლევან ხაბეიშვილი პარტიისთვის სამარცხვინი თავმჯდომარეა, იწვევს უფრო მეტ რყევებს და შესაძლოა ის მეორე, შედარებით განათლებული თავმჯდომარით ჩაანაცვლოს. რაც შეეხება მელიას ფლანგს, მაქსიმალურად ეცდება, რომ არ დისტანცირდეს სააკაშვილისგან, რადგან პოლიტიკურ ბრენდს ის წარმოადგენს და მისი ამომრჩეველიც სააკაშვილის მხარდამჭერი იქნება. ამიტომ ის ეცდება ისაუბროს პარტიის ფორმალურ მმართველებზე – კეზერაშვილსა და მერაბიშვილზე, მაგრამ არა სააკაშვილზე, რომელიც ამომრჩევლის  მოზიდვის  მთავარი წაყროა.

„თუმცა ველი, რომ დაპირისპირება მხოლოდ  ამით არ დასრულდება და შესაძლოა ძველმა პოლიტიკოსებმა მელიას მხარეს  გადაინაცვლოს. ასევე მნიშვნელოვანია ნიკა გვარამიას ფაქტორიც, რომელიც ჯერჯერობით მოვლენების განვითარებას ელის და პროცესს აკვირდება“, – ამბობს აბაშიძე.

შოვის ტრაგედია 

ძაბირაძე ასევე შოვის ტრაგედიის ირგვლივ განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებსაც აფასებს და ამბობს, რომ ამ მხრივ ოპოზიცია ძალიან შეცდა, რადგან იმ თემიდან შეეცადა პოლიტიკური ქულების მიღებას, რომლიდანაც ვერ მიიღებდა.

„სამწუხაროდ, შოვის სტიქია ქვეყნისთვის ძალიან მძიმე და ტრაგიკული ამბავი იყო. თუმცა, ასეთი ტრაგედიები სხვა ქეყნებშიც ხდება. ამის მხოლოდ „ოცნების“ ხელისუფლებაზე გადაბრალება და იმის მტკიცება, რომ ისინი იყვნენ დამნაშავეები, მცდარი იყო, მითუმეტეს როცა ამაზე „ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობს, რომელიც ამ დარგის განადგურებაში  პირველი ბრალდებულია.

„საზოგადოება ამას მთლად ხელისუფლების პასუხისმგებლობად ვერ აღიქვამდა და ოპოზიციის განცხადებები პირიქით, გამაღიზიანებელი აღმოჩნდა. საუბრობდნენ იმაზე, რომ იქ სისტემები უნდა დაემონტაჟებინათ. მაშინ ისმის კითხვა – თავად „ნაციონალებმა“ რატომ არ დააყენეს, როცა ხელისუფლებაში იყვნენ? ეს პრობლემა დღეს და გუშინ არ დამდგარა, ამიტომ წაგებულ თამაშს თამაშობდნენ, რამაც შედეგი ვერ გამოიღო“, – ამბობს ძაბირაძე.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან“ ფიქრობს, რომ შოვის სტიქია ქვეყნისთვის უდიდესი ტრაგედია იყო და სამწუხაროდ, პოლიტიკოსებმა მისგან ქულების დაწერა სცადეს, რასაც საზოგადოებიდან მხარდაჭერა არ მოჰყვა.

„ოპოზიცია უსირცხვილოდ შეეცადა ამხელა ტრაგედიის პოლიტიზირებას და ამით ქულების დაწერას, თუმცა ყველაფერი წყალში ჩაეყარათ. თუმცა, საზოგადოების რეაქცია ადეკვატური იყო, რადგან  მსგავსი რამ ყველგან ხდება“, – ამბობს აბაშიძე.

რუსეთ-უკრაინის ომი, ისრაელი-„ჰამასის“ დაპირისპირება და ყარაბაღის კონფლიქტი

ანალიტიკოსი ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ჩვენ რეგიონში მიმდინარე მოვლენებიდან 2023 წელს ყველა მნიშვნელოვანია, თუმცა უკრაინა-რუსეთის ომი და ჩავარდნილი კონტრშეტევა გავლენას მთელს რეგიონზე და მსოფლიოზე ახდენს. ძაბირაძე ფიქრობს, რომ ისრაელისა და ყარაბაღის მოვლენებიც მნიშვნელოვან წილად უკრაინა-რუსეთის  ომთან არის დაკავშირებული.

„რა თქმა უნდა, ყველა ეს კონფლიქტი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უკრაინა-რუსეთის ომი 2023 წელსაც მაინც ყველაზე დიდი მოვლენაა, მითუმეტეს უკრაინელთა ჩავარდნილი კონტრშეტევის ფონზე. არსებობდა დიდი მოლოდინი, რომ ომში გარდატეხვა იქნებოდა, თუმცა, რიგი მიზეზების გამო, ეს არ მოხდა.

„ისარელის კონფლიქტიც და ყარაბახის ომიც უკრაინის ომის ჯაჭვური რეაქციაა. ამ ორივე დაპირისპირებაში რუსეთის ხელი ურევია. თუკი რუსეთმა შეძლო და უკრაინის ომში გაიმარჯვა, მაშინ ყარაბახის თემაც ისევ გააქტიურდება და ისარელის ომიც კიდევ უფრო  ფეთქებადსაშიში გახდება. ამიტომ ამ წლის მთავარ მოვლენად მე მაინც უკრაინის ომს განვიხილავ“, -ამბობს ძაბირაძე.

აბაშიძეც, გლობალური თვალსაზრისით, წლის ყველაზე მნიშვნელოვნ მოვლენად ასევე უკრაინა-რუსეთის ომს მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ეს ომი ჩიხში შევიდა და, სამწუხაროდ, უკრაინის მიმართ მხარდაჭერაც დასავლეთში აღარ არის იმდენად ძლიერი, როგორც ეს წინა წელს იყო. ამიტომ რთულია იმაზე საუბარი, როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს.

„სამწუხაროდ, ეს ომი ჩიხში შევიდა და ძალიან რთულია იამზე საუაბრი რა იქნება მომავალში. არსებობს დიდი ალბათობა, რომ რუსეთმა უკრაინის მოლაპარაკების მაგიდასთან დასმა შეძლოს და აიძულოს დაითანხმოს იმ პირობებზე, რომელიც მისთვის მიუღებელია.

„ეს ალბათობა კიდევ უფრო იზრდება მას შემდეგ, რაც ისრაელში კონფლიქტი გამწვავდა. აშშ-ისა და დასავლეთის მთელი ყუარდღება ამ კონფლიქტზე გადავიდა. ასევე ვნახეთ კონგრესის გადაწყვეტილება, რომელმაც უკრაინისთვის გამოყოფილი 61 მილიარდი დაბლოკა. ამიტომ არსებობს რისკი, რომ უკრაინას დასავლეთმა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა აიძულოს. მითუმეტეს 2024 წელს ამერიკაში არჩევნებია და ამერიკელებს ახლა აღარავისთვის სცხელათ.

„რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთს, ყველაზე საშიში და  ფეთქებადი სიტუაციაა, რადგან აქ დიდი მოთამაშეები არიან ჩართული. ამ კონფლიქტით დაინტერესებულია როგორც ირანი, ასევე თურქეთი. აშშ კი ცდილობს ამ კონფლიქტის მოლაპარაკების გზით დარეგულირებას“, -ამბობს აბაშიძე.

რეზონანსი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share