”ძველი პუბლიკაციების კითხვისას მე-19 საუკუნის 1850-იან წლებთან დაკავშირებული რუსი ოფიცრის მონათხრობ გურული მებაჟის ერთ ასეთ ამბავს გადავაწყდი:
ოზურგეთელი გურული მებაჟედ დაუნიშნავთ, ამასაც მალევე თურქი კონტრაბანდისტი დაუჭერია. აღმოჩნდა, რომ თურქმა ქართული არ იცოდა, გურულმა კი თურქული. კონტრაბანდისტმა ჟესტების ენით ქრთამი შესთავაზა და ფურცელზე დაუწერა 10 ანუ ამდენ მანეთს მოგცემო ანიშნა, გურულს ქრთამი ეცოტავა გადმოატრიალა ეს ფურცელი და დააწერა 100 და დაუბრუნა ანუ ამდენია საჭიროო. თურქმა ამდენი ფული რა ამბავიაო და ყვირილი დაიწყო, რის შემდეგაც გურულმა თურქი “ნაობახტში” მიაბრძანა. სასამართლოზე თურქმა ზემოხსენებული ფურცელი წარადგინა და რუს მოსამართლეს ეს ამბავიც მოუყვა – 10 მანეთს ვაძლევდი, რომ გავეშვი მებაჟემ კი 100 მანეთი მომთხოვა მექრთამეა და ისიც დაიჭირეთო.
დაუძახა მოსამართლემ გურულს აჩვენა ეს ფურცელი, თურქის ნათვამიც უთხრა და აბა მიდი იმართლე თავიო! გურულს ბევრიც არ უფიქრია – თურქმა 10 მანათი ქრთამი კი შემომთავაზა, მარა მე რაფერ ვიზამდი მაგასო და დავუწერე 100-ი ანუ 100 მანათიც, რომ მომცე მაინც არ ვიზამ მაგ საქმესო!
მოსამართლეს სულ სიცილ-ხარხარით გაუშვია გურული.” – წერს ადვოკატი კახა ჩავლეშვილი სოციალურ ქსელში.