აფხაზებთან საჭიროა საქმიანი და პრაგმატული ტონი, ყველანაირი ფერების ან მუქარის გარეშე ამის შესახებ ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს:
”როგორი უნდა იყოს ურთიერთობის ენა აფხაზებთან?
ძმობის და დობის მტკიცებით თუ იარაღის ჟღარუნით?
მე ვფიქრობ, არც ერთი და არც მეორე.
საქმე იმაშია, რომ აფხაზეთში მცხოვრებთ დანარჩენი საქართველო უფრო მეტად სჭირდებათ, ვიდრე პირიქით.
რუსეთი ანადგურებს აფხაზებს ყოველდღიურად და მათი გადარჩენის და ხსნის პერსპექტივა მხოლოდ დანარჩენ საქართველოსთან ერთიან სივრცეშია.
აღარაფერს ვამბობ წარმატებასა და აფხაზების მომავალი თაობების მომავალზე, რომელთა ერთადერთი სარეალიზაციო სივრცე მაქსიმუმ კრასნოდარია, მასინ როცა დანარჩენ საქართველოსთან ერთიანობით აფხაზებისთვის გაიხსნება კარი მთელ მსოფლიოსთან, ბევრად უფრო სრულფასოვნად ვიდრე ამჟამად თუნდაც თეორიულ ვერსიაში აქვთ.
ძალზე ბევრი პლასტია იმის მარტივად დასანტკიცებლად, თუ რატომ და როგორ სჭირდებათ აფხაზებს დანარჩენი საქართველო თავიანთი იდენტობის შესანარჩუნებლად, მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და მომავალი თაობების პერსპექტივისათვის.
აფხაზებთან საჭიროა საქმიანი და პრაგმატული ტონი, ყველანაირი ფერების ან მუქარის გარეშე.
დროულად მიხვდებიან აფხაზები , რომ დანარჩენი საქართველო პირველ რიგში მათ სჭირდებათ და ექნებათ გადარჩენის, გამრავლების და განვითარების პერსპექტივა, ვერ მიხვდებიან და რუსეთი მათ რამდენიმე წელიწადში საბოლოოდ გაანადგურებს” – წერს არჩილ გამზარდია.