თბილისი – ტულუზა, ტულუზა – თბილისი – ორი ჩარტერული რეისი რაგბის კავშირის დაკვეთით. ნარჩევი საზოგადოება, როგორც თვითონ უწოდებს თავის თავს ჩარტერის მგზავრთა ნაწილი, 13 იანვარს საფრანგეთში, ქალაქ კასტრში სარაგბო კლუბ “შავ ლომს” გულშემატკივრობდნენ.
მორაგბეებს ტრიბუნიდან მხარდაჭერა სჭირდებოდათ, მაგრამ ჩნდება კითხვა – იყო თუ არა საჭირო 2 ჩარტერული რეისის დაქირავება, მაშინ როდესაც ჩარტერით საქართველოს ნაკრებიც კი არ დაფრინავს მნიშვნელოვან მატჩებზე.
ვცადეთ დაკავშირება იმ ადამიანებთან,რომლებმაც დადასტურებულად ვიცით რომ თბილისი-ტულუზა, ტულუზა თბილისის მიმართულებით ჩარტერული რეისით იმგზავრეს. მათ შორის იყო დავით კაჭარავაც.
დავურეკეთ როინ ლორთქიფანიძესაც. ის ხელვაჩაურში ახალი სარაგბო კლუბის პრეზიდენტია. ქართულ ოცნებასთან დაახლოებულმა პირმა არ იცის რა დაუჯდა საფრანგეთში მგზავრობა.
როინ ლორთქიფანიძეს ზუსტი პასუხი არც იმაზე აქვს რა გათამაშება იყო 20 იანვარს მიხეილ მესხის სტადიონზე შავ ლომსა კლერმონს შორის გამართული მატჩის შემდეგ, სადაც ლორთქიფანიძემ რაგბის კავშირის მიერ დაწესებული პრიზი, ავტომობილი მოიგო.
რაგბის კავშირში ოფიციალური წერილი გავაგზავნეთ. ვიკითხეთ მხოლოდ ჩარტერულ რეისებში გადახდილი და გაყიდული ბილეთებიდან დაბრუნებული თანხის რაოდენობა. გვითხრეს, რომ კოდექსით გათვალისწინებულ ვადებში გვიპასუხებდნენ და მანამდე, ანუ მაქსიმუმ 10 სამუშაო დღის განმავლობაში რეპორტაჟი არ მოგვემზადებინა. ჩვენი თხოვნის მიუხედავად, 2 დღის მანძილზე ვერ მოასწრეს 2 ციფრი მოეწერათ. ოფიციალური პასუხის მიღებისთანავე დოკუმენტს გავასაჯაროებთ.
ჩარტერული რეისების დანიშვნა რაგბის კავშირმა კომპანია “ჯორჯიან ვინგს” შეუკვეთა. ფრენები 11 და 12 იანვარს შესრულდა.
ჩვენი ინფორმაციით, ამ ჩარტერული რეისის მგზავრები იყვნენ რაგბის კავშირის პრეზიდენტის ბიძაშვილი თამარ გიორგობიანი,რომელიც კავშირის ეიჩარის თანამდებობას იკავებს. სოსო ტყემალაძის მეორე ბიძაშვილი მალხაზ ტყემალაძე, რომელიც ასევე რაგბის კავშირის თანამშრომელია. მამიდაშვილი აკაკი დავითულიანი. დაქირავებულ ხომალდზე მოხვდნენ ტყემალაძის სხვა ახლობლები და ნათლიმირონებიც. ჩარტერული რეისის მგზავრებს შორის იყვნენ პარლამენტის დეპუტატებიც. გივი ჭიჭინაძე, რომელიც ხალხის ძალის რიგებში ყოფნის გარდა რაგბის კავშირის გამგეობის წევრია და ასევე ქართულ ოცნებას ფორმალურად გამიჯნული სოზარ სუბარიც.
ჩარტერული რეისის მგზავრებს შორის არ ყოფილან მხოლოდ ქართული ოცნებისა და რაგბის კავშირის ხელმძღვანელის უპირობო მხარდამჭერები. სიაში მოხვდნენ ისინიც, ვისი გვერდში დგომაც სოსო ტყემალაძეს პოზიციების გასამყარებლად სჭირდება. მითუმეტეს ახლა,როდესაც ბევრი ამბობს რომ მისი კავშირები ქართულ ოცნებასთან შესუსტებულია. ის ბოლო რამდენიმე თვეა აღარც პრემიერ ღარიბაშვილის მრჩევლის თანამდებობას იკავებს და როგორც წყარო გვიმტკიცებს , ვეღარც სუსის უფროსთან ლილუაშვილთან აქვს მეგობრული ურთიერთობა.