დემოკრატიული სამყაროს პოლიტიკაში, გამჟღავნებული ტყუილი – წითელი ხაზია. პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც ტყუილში გამოიჭერენ, მომენტალურად ამთავრებს კარიერას, საზოგადოება სიცრუისთვის მას მკაცრად სჯის. მიზეზი მარტივია: როდესაც ადამიანის აღარ გჯერა, მითუმეტეს – როცა ხვდები, რომ მანაც იცის, რომ შენ ხვდები რომ ატყუებ და მაინც აგრძელებს, როგორ შეიძლება შენი და ქვეყნის მომავალი ანდო? უამრავი მაგალითი გვაქვს, როდესაც ევროპაში, ამერიკაში თუ დემოკრატიული სამყაროს სხვა ქვეყნებში, ცნობილი და ღვაწლმოსილი პოლიტიკოსები, ერთი შეხედვით მცირე მნიშვნელობის ტყუილის და ხშირად ნახევარ-სიმართლის გამოც კი ტოვებენ უმაღლეს თანამდებობებს და ასრულებენ პოლიტიკურ კარიერას. სამწუხაროდ, ვითარება რადიკალურად განსხვავებულია ჩვენთან. ტყუილი ყოველთვის იყო ქართული, თუ პოსტ-საბჭოთა სივრცის პოლიტიკის და ზოგადად ცხოვრების განუყოფელი და მეტ-ნაკლებად ასატანი ნაწილი, თუმცა ამ მასშტაბისა და სიხშირის ტყუილი და სიცრუე, რასაც ივანიშვილისა და მისი გუნდის წარმომადგენლებისგან წლებია ვისმენთ, უბრალოდ ისტორიას არ ახსოვს.
“ზოგი შეიძლება მოატყუო მუდმივად, ან ყველა ცოტა ხნით, მაგრამ ყველას, ყოველთვის ვერ მოატყუებ” – ეს ფრაზა ამერიკის მე-16 პრეზიდენტმა აბრაამ ლინკოლნმა, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში თქვა, მაშინ როდესაც არც რადიო იყო, არც ტელევიზორი, არც ინტერნეტი და მითუმეტეს არც სოციალური ქსელები და გადახვევის სერვისი.
ივანიშვილი, როგორც საუკუნის მატყუარა, რასაკვირველია ნიცშეს მსგავსად არც ლინკოლნს ეთანხმება ბოლომდე. მითუმეტეს, მილიარდერს არც ჭირდება ყველას მუდმივად მოტყუება. მისთვის საკმარისია ბევრი, ანუ უმრავლესობა მოატყუოს, ან ტყუილთან კომფორტულ თანაცხოვრებას შეაგუოს დიდი ხნით, რასაც დღემდე წარმატებით ახერხებდა და ამის ხარჯზე ინარჩუნებდა კიდეც ძალაუფლებას. თან ეს ხდება ციფრულ ეპოქაში, რომელიც წინა საუკუნისგან ძირითადად იმით განსხვავდება, რომ თუ მაშინ ვინმე ტყუილს იტყოდა, ამის შემხსენებელი ხშირად არავინ იყო, და თუ იყო, მათი მამხილებელი განცხადებები პროპაგანდის ნიაღვარში იკარგებოდა და დამაჯერებლობა აკლდებოდა. ციფრულ ეპოქაში კი პოლიტიკოსის ყველა განცხადება ინტერნეტში იძებნება და ნებისმიერისთვისაა ხელმისაწვდომი. კრიტიკული მედიაც უპირველესად სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ხალხს, ვისაც შეიძლება დავიწყებული ჰქონდეს, ან გამორჩეს ესა თუ ის ამბავი, ხშირ-ხშირად შევახსენოთ ფაქტები. აი, ასე მაგალითად:
ივანიშვილის ტყუილების ნაწყვეტები:
მათზე არ ვდარდობ, ვინც ამ გამრუდებული სარკეების პერსონაჟებად ყოფნა სარგებლის და სოციალური სტატუს-კვოს გამო ეკომფორტულებათ – “ტრუსკავეცებით” დაწყებული და რიგითი პარლამენტარით დამთავრებული, რომელიც ასინეთასავით იტყვის – “კი ბატონო მოგვატყუა, თან უკვე მერამდენედ, მაგრამ “ასეა საჭირო და მიტომო”… მათ არაფერი ეშველებათ.
იმათი მაფიქრებს და მადარდებს, ვინც ქვეყნის დასუსტების და დაცლის ხარჯზე გამდიდრების ვერტიკალში არაა განცხრომით დავანებული. როდესაც არაერთი შეხსენების მიუხედავად, ტყუილის მასშტაბები და სიხშირე ასეთ სიმაღლეებს აღწევს, ხოლო ხალხის ნაწილი, თუნდაც მხოლოდ პროპაგანდისტული არხების მაყურებელი, უბრალოდ კი არ ტყუვდება და ინელებს, არამედ მასზე დაყრდნობით, საარჩევნო ყუთთან უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს იღებს. უკვე ლამის სამეცნიერო ინტერესი მიჩნდება გავარკვიო, რა გვჭირს, რატომ არ ვბრაზდებით, რით ვერ აივსო ჩვენი მოთმინების ფიალა, როდესაც ივანიშვილი ასე ურცხვად და უნამუსოდ გვაჭმევს ტყუილის სალაფავს და ამაში ფასს არ იხდის, პირიქით ისეთ ეშხშია შესული, რომ ადამიანის ბუნებაზე წარმოებულ მის ექსპერიმენტს თავხედურად ხისტს, კიდევ უფრო მასშტაბურს და ცინიკურს ხდის.
თუმცა რაღა ექსპერიმენტი, ამერიკის ელჩის არ იყოს – ის რაც წლებია ჩვენთან ხდება – ოსტატურად გამეორებული კგბ-ს სახელმძღვანელო პრინციპებია. რუსულ სივრცეში კარგად აპრობირებული და მოდერნიზებული. სინამდვილის – ტყუილით, მოყვარეს – მტრით ჩანაცვლების ტექნოლოგია მოქმედებაშია.
ამ მოვლენასა და რუსი ხალხის ბუნების თავისებურებაზე კრიტიკული აზრის მქონე რუსს კლასიკოსს დავესესხოთ:
“ახლა კი ვიცი, რომ ის არის ხალხის მბრძანებელი… ვინც მეტს გაბედავს, სიმართლეც იმისკენ არის, ვინც მეტად აიგდებს ყველაფერს აბუჩად, კანონმდებელიც ის არის; ვისაც მეტის გაბედვა შეუძლია, ყველაზე მართალიც ის არის! ასე ყოფილა აქამდის, ასე იქნება ამას იქითაც!”
არ ვიცი ბატონ ბიძინას “დანაშაული და სასჯელი” წაკითხული აქვს თუ არა, მაგრამ ქართველი ხალხის “ბუნებით გარუსებული”, ყველა ტყუილის მიმღები და მომნელებელი ნაწილის თვისებებზე მის წარმოდგენას დოსტოევსკისავე სიტყვები მწარედ ერგება:
“რა მადანი აღმოუჩენიათ და სარგებლობენ კიდეც! იტირეს, იტირეს და შეეჩვივნენ… რა საზიზღარია ადამიანი, ყველაფერს ადვილად ეჩვევა!”
“მოგვატყუეთ, ბატონო ბიძინა, მოგვატყუეთ!” – ამათი ეგზალტირებული ხმაური შეიძლება დღეს ჭარბობდეს, მაგრამ ბიძინა რომ ქართველებთან მიმართებაში ძალიან ცდება, ამის დამტკიცების შანსი ჯერ კიდევ გვაქვს…