“შეწყდეს ბიუჯეტის ფლანგვა და გაუქმდეს ვიზიტი ბერლინალეზე!” – ამ მოთხოვნით შეიქმნა პეტიცია, რომელსაც Facebook-ზე პლატფორმა კულტურა დემოკრატიისთვის ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ეროვნული კინოცენტრი არამიზნობრივად ხარჯავს სახელმწიფო ბიუჯეტს, მას ანაწილებს ნეპოტიზმის ნიშნით და ეს დანახარჯი კავშირში არაა კინოინდუსტრიის საჭიროებასთან. ასევე, აღნიშნულია, რომ ეს კავშირში არაა არც იმ საზოგადოების ინტერესებთან, რომელსაც ეკუთვნის ბიუჯეტი, რომელსაც 34-კაციანი დელეგაცია ბერლინში დახარჯავს.
პეტიციის ავტორები მოითხოვენ, რომ გაუქმდეს დაგეგმილი ვიზიტი ბერლინში და შეწყდეს სახელმწიფოს ბიუჯეტით მმართველი პარტიის მომხრეებისა და პროპაგანდისტების დაფინანსება.
“დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მომხდარა საბჭოთა კულტურის მართვის მოდელის გადააზრება, მაგრამ სხვადასხვა დარგში განხორციელდა წერტილოვანი რეფორმები. ასეთი რეფორმა შეეხო სახელმწიფო პოლიტიკას კინოინდუსტრიაში. ცვლილების გამოხატულება გახლდათ 2001 წელს საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დაფუძნება.
თანამედროვე პროფესიული მიდგომების განვითარებისა და სფეროში მეტი დემოკრატიის დანერგვისთვის ჩამოყალიბებული საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, 2023 წლამდე წარმოადგენდა ინსტიტუციას, რომელიც აერთიანებდა ქართულ კინემატოგრაფში არსებულ ცოდნას და გამოცდილებას. თუმცა მინისტრ წულუკიანის გადაწყვეტილებით განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, ინსტიტუციის მმართველი პოზიციები დაიკავეს არაპროფესიონალმა და გამოუცდელმა კადრებმა. მათ საზოგადოება ძირითადად იცნობს როგორც მმართველი პარტიის მომხრეებსა და თანამშრომლებს.
აღნიშნული რეორგანიზაცია კულტურის სფეროში ინსტიტუციური დამოუკიდებლობის შეზღუდვის პროცესის ნაწილია. ამ პროცესში დაზიანდა დემოკრატიის პრინციპები კულტურის სექტორის თითქმის ყველა სსიპ-ში. მათ შორის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, მწერალთა სახლსა და არაერთ თეატრში.
საქართველოს კინოცენტრის დაფინანსებით, საქართველო 34-კაციანი დელეგაციით მიემგზავრება 2024 წლის ბერლინალეზე. დელეგაციის წევრების დიდი უმრავლესობა არ არის დაკავშირებული კინოინდუსტრიასთან. ეს ხდება მაშინ, როდესაც, 450 კინემატოგრაფისტი ბოიკოტს უცხადებს კინოცენტრს, ხოლო თანამედროვე ქართული კინოს საუკეთესო ფილმებსა და პროექტებს ბერლინალეს მარკეტზე წარადგენს დამოუკიდებელი ინსტიტუცია – საქართველოს კინოინსტიტუტი.
საქართველოს ეროვნული კინოცენტრი არამიზნობრივად ხარჯავს სახელმწიფოს ბიუჯეტს. მას ანაწილებს ნეპოტიზმის ნიშნით და ეს დანახარჯი კავშირში არ არის კინოინდუსტრიის საჭიროებებთან. კავშირში არ არის არც იმ საზოგადოების ინტერესებთან, რომელსაც ეკუთვნის ბიუჯეტი, რომელსაც დელეგაცია ბერლინში დახარჯავს.
მოვითხოვთ, გაუქმდეს დაგეგმილი ვიზიტი ბერლინში და შეწყდეს სახელმწიფოს ბიუჯეტით მმართველი პარტიის მომხრეებისა და პროპაგანდისტების დაფინანსება“, – ნათქვამია პეტიციის ტექსტში.