„იმიტომ არ აძლევენ ამ ადამიანებს ხმის მიცემის საშუალებას, რომ იქ სუს-ი ვერ ახერხებს მათ მოსყიდვას, დაშინებას,“ – ამ განცხადებას „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი ბორის ჩელე ყურუა „რეაქციაში“ აკეთებს.
როგორც ყურუა ამბობს, ამომრჩევლის უფლებას „ოცნება“ არღვევს, როდესაც საარჩევნო უბნებს არ ხსნის საზღვარგარეთ.
”უნდა გვესმოდეს, რომ ამ ქვეყანაში ადამიანებს არჩევანის უფლება აქვთ წართმეული. ღარიბაშვილი ახლა ვიღაცების სანახავად რომ წავა, იმ ადამიანების რიცხვი, რომელიც ღარიბაშვილმა შეიძლება ნახოს დღეს, ხვალ იქნება უფრო მცირე, იმიტომ, რომ გავხდით ქვეყანა, საიდანაც ადამიანები მიდიან და აქ ცხოვრება აღარ უნდათ. იქ ქმნიან დოვლათს, რომელსაც აგზავნიან უკან, გამოდის, რომ გადასახადებსაც იხდიან, აქ ეკონომიკას ამუშავებენ და ჩვენ შემდეგ ამ ადამიანებს არ ვაძლევთ ხმის უფლებას, არჩევნებში მონაწილეობის უფლებას. წარმოგიდგენიათ, სადმე რომ არსებობდეს 100 ათასი ქართული ოცნების ამომრჩეველი, ქართულმა ოცნებამ იქ საარჩევნო უბანი არ გახსნას? ის ლაფსუსი, რომელიც გვაქვს კანონში, რომ საკონსულო აღრიცხვაზე ორი მისამართია და მაინც და მაინც საკონსულოში უნდა მიხვიდე და მისცე ხმა, ამას რომ არ გამოასწორებდა საგარეო საქმეთა სამინისტრო წარმოგიდგენიათ? ხომ ვერ წარმოგიდგენიათ. იმიტომ არ აძლევენ ამ ადამიანებს ხმის მიცემის საშუალებას, რომ იქ სუს-ი ვერ ახერხებს მათ მოსყიდვას, დაშინებას,“ – ამბობს ბორის ჩელე ყურუა.