ოზურგეთელი სპორტსმენი, ლაშა ჭეფხოძე მიღებული ტრამვის გამო, ორწლიანი პაუზის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ, თბილისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატში-კიკბოქსინგში , მეხუთედ გახდა საქართველოს ჩემპიონი. არის ასევე ევროპის თასის პრიზიორი და პროფესიულ ორთაბრძოლებში ფლობს ჩემპიონის ქამარს. წლებია ეწევა სამწვრთნელო საქმიანობას და ახლა ცდილობს ყველა მისი მიღწევა და გამოცდილება, მის მოსწავლეებს გადასცეს.
ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ უფრო მეტის მიღწევაც შეეძლო, თუმცა ხელი ახალგაზრდულ ასაკში დამახასიათებელმა სიზარმაცემ შეუშალა. ამიტომ, ახლა ის თავის მოსწავლეებს მაქსიმალური ყურადღებით აკვირდება, რომ არ გამოეპაროს მთავარი, რამაც შეიძლება მათ უფრო დიდი წარმატებების მიღწევაში ხელი შეუშალოთ.
ახლა, თავად აქტიურად აგრძელებს ვარჯიშს და გეგმავს, რომ სამომავლოდ ნებისმიერი გამოწვევა მიიღოს, მონაწილეობა მიიღოს ყველა სპორტულ ღონისძიებაში, რაც გურიის მასშტაბით ჩატარდება:
“23 წელია ამ სფეროში ვარ. 12 წელი ვვარჯიშობდი კიკბოქსინგში, ნაკრების წევრი ვიყავი ოთხი წელი და ამ პერიოდში უფროსი ასაკის სპორტსმენებში საქართველოს ჩემპიონი გავხდი ოთხჯერ. ასევე, ევროპის თასზე გავხდი პრიზიორი -მესამე ადგილოსანი. ამავდროულად, სამოყვარულო კიკბოქსინგთან ერთად პროფესიონალური ბრძოლებიც მაქვს ჩატარებული რამდენიმე ორგანიზაციაში და ვფლობ ჩემპიონის ქამარს. 2016 წლიდან ვეწევი სამწვრთნელო საქმიანობას.
ივლისის დასაწყისში თბილისში ჩატარებულ საქართველოს ჩემპიონატში-კიკბოქსინგში, უფროს ასაკში ავიღე პირველი ადგილი და მეხუთედ გავხდი ჩემპიონი. გამოწვევა იყო პტინციპში ტრამვის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატზე ძალების მოსინჯვა და აღმოჩნდა, რომ გამოცდილებამ და შრომისმოყვარეობამ შედეგი გამოიღო…
შედეგით ვარ კმაყოფილი, თუმცა, საკუთარი თავით არა. ვფიქრობ, რომ უფრო მეტი შემიძლია”.
თუ რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ზოგადად ქართული სპორტი, რამდენად მიმზიდველია კონკრეტული სფერო ახალგაზრდა თაობისთვის, როგორც არა მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესი, არამედ, შესაძლო წარმატების გარანტორი, ან რას მიიჩნევს ხვალინდელი დღის საინტერესო პერსპექტივად და ვინ არიან ადამიანები, ვისაც მის წარმატებულ კარიერაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით, ამ თემებზე ლაშა “გურიის მოამბესთან” ვრცლად საუბრობს:
კიკბოქსინგი და შერეული ორთაბრძოლები- ხელშემშლელი ფაქტორები და ახალი გამოწვევა
– ჩემს სფეროში არის ოზურგეთში დაინტერესება, თუმცა, უფრო მეტად სჭირდება პოპულარიზაცია. ჩემთან რომ მოდის ბავშვი, თავიდან დაახლოებით 70% ვერც კი ხვდება სპორტის რა სახეობით ინტერესდება. დაახლოებით აქვთ წარმოდგენა რომ რინგზე უნდა იბრძოლოს და უნდა გამოვიდეს მებრძოლი, თუმცა ამას რომ თავისი წესები აქვს და რით განსხვავდება კლასიკური კრივისგან, კარატესგან ან ყველა სხვა სახეობისგან, ამას ადგილზე ნელ-ნელა ვაცნობ. ზოგს მოსწონს ზოგი შეიძლება უკმაყოფილო იყოს და წავიდეს, რაღაც სხვა გზა ნახოს .
ზოგადად, კიკბოქსინგი ესთეტიურად ძალიან დახვეწილი სახეობაა. მსოფლიოს მასშტაბით ძალიან პოპულარულია აგრეთვე გოგოებშიც. თუმცა, ახლა რაიონში შესაბამისი პირობები იმდენად არ არის, რომ მარტივად დააკავოს ადამიანი. ძირითადად ინვენტარის პრობლემაა. არის რაღაც სავარჯიშოები, თუმცა, ეს არ არის საკმარისი. გვერდში გვიდგას მუნიციპალიტეტის მერია, მაგრამ უფრო მეტი გვჭირდება. საჭირო რესურსი რამდენად არის, ეს უკვე ჩემს სფეროს სცდება.
რომ იყოს ის პირობები, რაც მე მჭირდება და მე რა მოთხოვნაც შეიძლება მქონდეს, უფრო მეტ შედეგს ვპირდები ჩემს რაიონს და მთელს ქვეყანას.
თან ისიც არის, რომ ჩვენს სახეობას -კიკბოქსინგს რაიონში იმხელა ტრადიცია არ ააქვს, როგორიც დავუშვათ სპორტის სხვა სახეობას, მაგალითად კლასიკურ ჭიდაობას. იქ ინერციითაც მიდიან ბავშვები რაოდენობრივად მეტად ბევრნი არიან, შედეგებიც მეტი აქვთ… მაგალითად, 15-20 ბავშვიდან უფრო რთულია გამოვიდეს 1-2-3 ძლიერი, ვიდრე ასი რომ მოვა, იქ უფრო მეტი არჩევანის საშუალებაა. ჩვენთან აქცენტი უფრო მეტად გაკეთდეს უნდა იმაზე, რომ ინვენტარი იყოს შესაბამისი. არის სხვა პრობლემაც, მაგალითად, მე მარტო ვმუშაობ აქ, დამხმარე მწვრთნელი არ მვყავს…ასეთი ნიუანსებია გასათვალისწინებელი.
ახალ სფეროს მინდა შევეჭიდო-შერეული ორთაბრძოლები. ძალიან პოპულარულია. საქართველოშიც ბევრი რეგიონია ამ სახეობაში აქტიურად ჩართული. ჩვენს რეგიონში ჯერ ჯერობით არ არის, თუმცა მე და ჩემს თანამოაზრეებს გვინდა ჩვენი საკუთარი კლუბი ჩამოვაყალიბოთ. მოვამზადოთ ბავშვები ამ სახეობაში. დაინტერესებაც არის.
ბავშვები ტელევიზიით, ინტერნეტის საშუალებით აკვირდებიან, რომ რაღაც ახალი ხდება და ეს იზიდავთ.
ამ კონკრეტულ მიმართულებას სჭირდება რამდენიმე მწვრთნელი, სხვადასხვა დისციპლინის-ჭიდაობის, ძიუდო, კარატე, კლასიკური ჭიდაობა თუ სხვა. ბევრ რამეს მოიცავს და ითვალისწინებს .
ოზურგეთში მაგალითად, ძალიან პოპულარულია კლასიკური ჭიდაობა, ამ რესურსის გამოყენებაც კარგად შეიძლება. მე მაქვს საუბრები ჩემი სფეროს სხვადასხვა წარმომადგნელებთან და არის რაღაცა ძვრები.
ამისთვის ჯერ კიდევ ბევრი რამაა საჭირო, მათ შორის დარბაზი, თუმცა იმდენად პოპულარულია ეს სახეობა და იმდენად სწრაფად იკიდევს ფეხს, რომ ვფიქრობ ინერციით მაინც მივალთ აქამდე…
ახალგაზრდების ინტერესი ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართ-რა თვისებების გამომუშავებაა შესაძლებელი სპორტით, გარდა იმისა, რომ ეუფლებიან საბრძოლო ოსტატობას
– გარდა იმისა, რომ სპორტი ჯანსაღი ცხოვრების წესია, ეს დღეს უფრო მეტად საჭიროა. ჯერ მხოლოდ იმისთვის, რომ ჯანმრთელები ვიყოთ, მეორე ის, რომ რეალიზებული იყვნენ ახალგაზრდები, ეს ძალიან კარგია მათი განვითარებისთვის. შეიძლება ყველა ჩემპიონი ვერ გახდეს, თუმცა, ამ სფეროს აქვს უდიდესი უნარი-ბავშვს უყალიბებს ბრძოლის უნარს, რაც აუცილებელია ყველა სფეროში.
მწვრთნელი ვარჯიშის დროს, არ მუშაობს მხოლოდ იმაზე, რომ ბრძოლის ტაქტიკა ასწავლოს. ის უნდა მუშაობდეს ახალგაზრდებთან, რომ მეტი გამოცდილება მისცეს ბავშვებს სხვადასხვა მიმართულებით. მე მაგალითად გარკვეული გამოცდებიც მაქვს ბავშვებისთვის და ვასწავლი, რომ აუცილებელია რაღაც ეტაპების გადალახვა, რომ პრეფესიონალად ჩამოყალიბდეს და მერე მიიღოს საუკეთესო შედეგი. ეს ხომ შრომისმოყვარეობასაც უმუშავებს ბავშვებს, რაც შემდეგ ნებისმიერი მიმართულებით გამოადგება? პირველ რიგში, მათ ვასწავლით, რომ ეს სიძლიერე, რაც მასში ეტაპობრივად გამომუშავდება, არ უნდა გამოიყენოს სუსტის დასაჩაგრად.
საბრძოლო ტაქტიკა, როგორც ხელოვნება-ადამიანები, რომლებსაც მის წარმატებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით და გადაწყვეტილება #1
– ვაპირებ, აქტიურად ვიყო ჩართული ამ სფეროში და მივიღო ყველა გამოწვევა. მივიღებ მონაწილეობას ყველა ღონისძიებაში, რაც გურიის მასშტაბით ჩატარდება. საკმაოდ დიდ პოტენციალს ვხედავ ჩემს მოსწავლეებში და ვფიქრობ, რომ რამდენიმე ასაკობრივ კატეგორიაში ჩემპიონებს გავზრდი.
მე ამ სფეროში მოვხვდი 1998 წლიდან, მაშინ ვიყავი ძალიან პატარა და არც მქონდა გაცნობიერებული ეს რა იყო, ან სად მოვედი. მე ძალიან დამეხმარა ყველაფერში ჩემი მწვრთნელი, დავით სამხარაძე, რომელიც კიკბოქსინგის განვითარებაში ოზურგეთში ფაქტობრივად პიონერია. ძალიან დიდი ხანი მოღვაწეობდა ამ სფეროში და ამ ადამიანმა შემაყვარა ეს საქმე. მაჩვენა, რომ შესაძლებელია საბრძოლო ტაქტიკა ხელოვნების დონეზე აიყვანო და ეს არ იყოს უბრალოდ მუშტის მოქნევა. ის ყველაფერი რაც მე ვიცი, დიდი წილი მისი დამსახურებაა. ჩემი მოსწავლეებიც რომ წარმატებას მიაღწევენ, ამაშიც მისი დიდი დამსახურება იქნება. მე მან ისე შემაყვარა საქმე, რომ სტუდენტობის დროსაც არ მიმიტოვებია ვარჯიში და დავდიოდი კლუბში, რომელმაც საერთოდ საქართველოში შემოიტანა კიკბოქსინგი. ეს არის კლუბი “ჯიქი”, რომელიც 1985 წლიდან დღემდე არსებობს და უამრავი ჩემპიონი ჰყავს გაზრდილი. სწორედ ამან განაპირობა, ჩემი სურვილი, ზუსტად ამ კლუბში გამეგრძელებინა კარიერა. იქ მყავდა პედაგოგი გოჩა ჯავახია, რომელსაც ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ჩემი, როგორც მოყვარული სპორტსმენის, პროფესიონალად ჩამოყალიბებაში. მიხარია, რომ მეც მათი ისტორიის ნაწილი ვარ. ეს ჩემთვის უბრალოდ სპორტული კლუბი არ არის, ერთი დიდი ოჯახია.