კოლონიის წარმომადგენლებმა, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების მიზეზად დედამისს “უეცარი სიკვდილის სინდრომი” დაუსახელეს. ინფორმაციას კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დირექტორი, ივან ჟდანოვი ავრცელებს.
“როცა ადვოკატი და ალექსეის დედა დღეს დილით კოლონიაში მივიდნენ, მათ უთხრეს, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი: უეცარი სიკვდილის სინდრომია”, – წერს ჟდანოვი.
ამასთან, ნავალნის პრესმდივნის კირა იარმიშის თქმით, საგამოძიებო კომიტეტი და კოლონია სხვადასხვა ინფორმაციებს აწვდიან. მაგალითად, იარმიშის განცხადებით, საგამოძიებო კომიტეტში ამბობენ, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი ჯერ დაუდგენელია.
“კომიტეტის თანამშრომელმა გვითხრა, რომ განმეორებითი ჰისტოლოგიური ექსპერტიზა გაკეთდა, მისი შედეგები შემდეგ კვირას გახდება ცნობილი. გასაგებია, რომ იტყუებიან და აკეთებენ ყველაფერს, რომ ცხედარი არ გადმოგვცენ”, – ამბობს პრესმდივანი.
იარმიშის განცხადებით, ნავალნის ცხედარს ნათესავებს არ გადასცემენ, სანამ შემოწმება არ დასრულდება. მისივე ინფორმაციით, მანამდე კომიტეტმა ადვოკატს უთხრა, რომ “შემოწმება დასრულებულია და კრიმინალის კვალი არ აღინიშნება”.
Meduza წერს, რომ რუსეთში სიკვდილის ყველა ოფიციალური მიზეზი და დიაგნოზი უნდა ემთხვეოდეს დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციას. მასში არ არის “უეცარი სიკვდილის სინდრომი” – შესაბამისად, ნავალნის გარდაცვალების მიზეზი ჯერ კიდევ გასარკვევია.