მუსიკა, ცეკვა და გალობა გურიის უკანასკნელი მთავრის კარზე

მუსიკა, ცეკვა და გალობა გურიის უკანასკნელი მთავრის კარზე
.
1822 წელს გურიის უკანასკნელ მთავარი მამია თბილისში იმყოფებოდა კავკასიის მთავარმართებელის ერმოლოვის მიწვევით, რომლის რეზიდენციაში ე.წ. „შეკრება-ასამბლეას“ (assemblée ფრ. შეკრება) დასწრებია, რომელიც წარმოდგენდა ერთდროულად მუსიკალურ, საცეკვაო და თეატრალურ საღამოს. მამიას ეს ასამბელა ისე მოსწონებია, რომ ევროპიდან მუსიკის მასწავლებელი მოუწვევია, რომლის დახმარებითაც ოზურგეთში პირველი მცირე სიმებიანი ორკესტრიც შეუქმნია (**), რადგანაც ევროპული ცეკვისათვის ეს აუცილებელი იყო, თანაც ჩოლოყაშვილისეულ ხელნაწერში არის მითითებული – „შეადინა თავისი მუზიკა“.(**)
.
„ზნეობათა განსანათლებლად დააწესსა მან თავის სახლში საღამოს შესაქევი შეკრებილება ასამბლეების მსაგავსად (ესე იგი ბალისა), გამოიყუანა ევროპიითგან მუზიკის მასაწვლებელი, შეადინა თავისი მუზიკა და ჩვეულებად გააჩინა ევროპიული ტანცები, ესე რომ ძვირად იპოება ეხლა მის დროის თავადი ვინმე ანუ თავადთა ქალი, რომელმაც კარგათ არ იცოდეს ევროპიული ტანცაობა, და ესრედ მცირე ჟამში გურია აღვიდა უფრო უმაღლეს განათლების ხარისხდედ ვიდრე სხვანი კავკასიის აქეთ მდებარენი თემნი.“(**)
.
მამია ასევე ზრუნავდა საეკლესიო გალობაზეც, მღვდელ რაჟდენ ხუნდაძის ცნობით მამიას თავის კარზე საეკლესიო გალობის გუნდი შეუქმნია, რომელსაც დედოფალი ხელმძღვანელობდა, რაც ასევე შესაძლებელია ერმოლოვთან სტუმრობის შემდეგ გადაეწყვიტა მამიას, რადგანაც ერმოლოვის ანსამბლეებზე ქართული ცეკვასა და სიმღერასაც ეთმობოდა გარკვეული დრო. მამიას კარზე შექმნილი გალობის გუნდის პირველი ლოტბარი ნიკოლოზ ანთაძე ყოფილა – „მთავრის დროს იყვნენ საუკეთესო მგალობლები: იოანე ცქიტიშვილი და მგალობელი ანთაძე (ნიკოლოზ); მთავრის გუნდს ანთაძე ლოტბარობდა და დედოფლისას ცქიტიშვილი. მთავრის გალობლები კილოზე გალობდენ, დედოფლის ვარჯიშით.“ (***)
.
– * Oб истоках грузинского народного танца
– ** ჟურნალი მოგზაური 1902 წ. #1-2 – დ. ჩოლოყაშვილისეული ხელნაწერი – 1840 წელი
– *** ლიტურღია იოანე ოქროპირისა, ვასილი დიდისა და გრიგორი ღვთისმეტყველისა : გურულ-იმერული სადა კილოზე. ნოტებზე გადაღებული მღვდლის რაჟდენ თ. ხუნდაძის მიერ. პარტიტურა 1911 წელი;
– ნახატი: ნინო გურიელის სახლი ოზურგეთში (ნახატი – მე-19 საუკუნის მეორე ნახევარი)
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share