‘ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივ ლიდერზე და ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატზე, დავით მჟავანაძეზე თავდასხმასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ბრალდებულებმა, ალექსანდრე ძმანაშვილმა, ლაშა გიორგაძემ, ზაზა რამიშვილმა და ჯიმშერ გიორგაძემ, ბრალი ნაწილობრივ აღიარეს და რეჟიმი – “დუმილის უფლება” – რითაც ბრალდებულები სარგებლობდნენ, შეწყვიტეს.
ამის შესახებ, დღეს, განცხადება, ოთხივე ბრალდებულის ადვოკატმა, მერაბ ფუტკარაიამ, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს სხდომაზე გააკეთა.
მოსამართლე თორნიკე კაპანაძე დღევანდელ პროცესზე გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების მოკვლევას აპირებდა, თუმცა ეს არ მოხდა იმის გამო, რომ ბრალის ნაწილობრივი აღიარებით, ბრალდებულებმა გამოძიების მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება უტყუარად სცნეს.
როგორც ფუტკარაიამ განაცხადა, ბრალდებულები მხოლოდ ერთ ნაწილში არ ეთანხმებიან გამოძიებას, ჯგუფურ თავდასხმასა და ანგარიშსწორებაში:
“ეს ბიჭები ერთი უბნიდან არიან, შეესწრნენ ჩხუბს, იკამათეს და ჩაერივნენ-მორჩა, მეტი არაფერი მომხდარა” თქვა ფუტკარაიამ და მანვე მოსამართლისაგან მოითხოვა დაზარალებულის დაკითხვა.
ამ მოთხოვნას პროკურორი, ანუ მბრალდებელი ადეიშვილიც დაეთანხმა და დავით მჟავანაძე მომავალ სასამართლო სხდომაზე, რომელიც მარტის შუა რიცხვებისათვის ჩაინიშნა, დაიკითხება.
ბრალდებულები – ყველა მოწმის ჩვენებას ეთანხმებიან დავით მჟავანაძის მიერ მიცემული ჩვენების გარდა.
მომავალ სხდომაზე საქმის არსებითი განხილვაც შედგება და შესაძლოა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში, ამ საქმეზე განაჩენიც გამოცხადდეს.
აღსანიშნავია, რომ თავიდან, პროცესის დასაწყისში, პროკურორის სიტყვის შემდეგ, ბრალდებულების ადვოკატმა ისეთი განცხადება გააკეთა – შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ის ბრალს სრულად აღიარებდა, თუმცა მოსამართლის რამდენიმე ჩაკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ბრალდებულები არ იზიარებენ ვერსიას -ჯგუფური თავდასხმის შესახებ- და ისინი საქმის 126 პირველი პრიმა მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ.
ცნობისათვის: ინცინდენტი, რომლის დროსაც გურიის მაჟორიტარი დეპუტატის, ვასილ ჩიგოგიძის გარემოცვა, თავს დაესხვა ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე ოზურგეთისა და ჩოხატაურის საკრებულოს დეპუტატებს. გასული წლის 3 სექტემბერს, დაბა ჩოხატაურში, დღისით მოხდა.
თავდამსხმლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივ ლიდერს, დავით მჟავანაძეს, რომელიც სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ, ჩოხატაურში მდებარე “ჯანმრთელობის სახლ გურიას” კლინიკაში გადაიყვანა.
აღნიშნული სასა,ართლო პროცესი რამდენჯერმე, ამათუიმ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო და დღეს პირველი სხდომა ჩატარდა.
სხდომების გადადების მიზეზი ასევე დაცვის მხარის მოთხოვნაც იყო, ადვოკატი ფუტკარაია აცხადებდა რომ მიმდინარეობდა დაზარალებულთან მოლაპარაკებები, რაც საშუალებას მისცემდა მხარეს პროკურატურასთან გაეფორმებინა საპროცესო მორიგება.
ჩვენთან საუბარში, დავით მჟავანაძემ ნებისმიერი სახის მოლაპაერაკებები თავდამსხმელებთან უარყო და განაცხადა, რომ მისი სურვილია-თავდამსხმელები კანონის შესაბამისად დაისაჯონ, რომლებიც მას თავს დაესხნენ განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების გამო, თავდასხმა იყო “ქართული ოცნების” პარლამენტარ ვასილ ჩიგოგიძის ორგანიზებული:
“ვითხოვ ამ “ზონდერბრიგადის” დასჯას, რადგან სინი ასრულებდნენ ხელისუფლებისა და სპეცსამსახურების დავალებას” აცხადებს მჟავანაძე.