საინიციატივო ჯგუფი „ბახმაროს გადასარჩენად “ორბი ჯგუფი ბახმაროს“ პროექტის საჯარო განხილვას ითხოვს

საინიციატივო ჯგუფი „ბახმაროს გადასარჩენად “ორბი ჯგუფი ბახმაროს“ პროექტის საჯარო განხილვას ითხოვს და ამ მოთხოვნიით ჯგუფმა საქართველოს მთავრობას წერილით მიმართა

გთავაზობთ წერილს სრულად:

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ბატონ ოთარ შამუგიას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ბატონ ლევან დავითაშვილს

საინიციატივო ჯგუფის „ბახმაროს გადასარჩენად“

 

წ ე რ ი ლ ი

ბატონო ლევან, ბატონო ოთარ,

ვთანხმდებით, რომ ბახმარო საქართველოს უმნიშვნელოვანესი და უნიკალური კურორტია. ბოლო დროს, ბახმაროში დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებობს არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა, რაც აღრმავებს ჩვენს ეჭვებს მის შესაძლო განადგურებასთან დაკავშირებით.

მაღალი საზოგადოებრივი და ბახმაროს განვითარების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, გთხოვთ, უზრუნველყოთ სამოქალაქო საზოგადოების და სფეროს სპეციალისტების ჩართულობა „ორბი ჯგუფი ბახმაროს“ პროექტის საჯარო განხილვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. კერძოდ, გონივრულ ვადაში უზრუნველყოთ შეხვედრის ორგანიზება, რათა პასუხი გაეცეს შემდეგ კითხვებს:

  1. როდის მიეცემა მსვლელობა პეტიციას, რომელსაც 5 ათასმა მოქალაქემ მოაწერა ხელი და როგორ უზრუნველყოფთ მსგავსი მასშტაბის პროექტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უფლების რეალიზებას?
  2. 2019 წლის 15 მაისის 1098 განკარგულების თანახმად, კომპანიას საინვესტიციო ვალდებულების (50 მლნ. ლარი) ინვესტიციის განხორციელების ვადა ეწურება 2024 წელს. გავრცელებული ინფორმაციით, ვადა და ვალდებულების პირობები რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა შესაბამისი განკარგულება არ მთავრობის ვებ-გვერდზე არ იძებნება. გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ აღნიშნულ საინვესტიციო ვალდებულებასთან დაკავშირებული ცვლილებების განკარგულებები და დანართები, ასევე ინფორმაცია განკარგულების სხვა პირობების ცვლილებებთან დაკავშირებითაც (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  3. კომპანიის წარმომადგენლის საჯარო განმარტებით, წლიურად ბახმარო შეძლებს 300 000-მდე ტურისტის მიღებას.
  • არსებობს თუ არა პროექტში (არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ) შესაბამისი ანგარიშები, რამდენი ადამიანი დასაქმდება და დაბინავდება კომპანიის მიერ ვალდებულებების შესრულების შედეგად?
  • მომზადებულია თუ არა ხარჯთსარგებლიანობის დოკუმენტი, სადაც დათვლილია 1 ლარად გადაცემული რამდენიმე ათეული მილიონი ქონების სანაცვლოდ, რა სარგებელს მიიღებს ბახმარო?
  1. არსებობს თუ არა პროექტში (არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ), შესაბამისი კვლევებისა და საინჟინრო გადაწყვეტების დოკუმენტი იმის შესახებ, თუ როგორ აპირებს კომპანია ზვავსაშიშ არეალში ზვავების მართვას, რისკების აღმოფხვრას და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დაცვას?
  2. გარდა მთავრობის მიერ ერთ ლარად გადაცემული მიწებისა, კომპანიას ამავე ტერიტორიის მიმდებარედ საკუთრებაში აქვს 4 ჰექტარზე მეტი მიწა, არსებობს თუ არა შესაბამისი ქალაქგეგმარებითი დოკუმენტი თუ რა იგეგმება აღნიშნულ ტერიტორიებზე (არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ). გენერალური გეგმის მიხედვით, მიმდებარე ტერიტორიებს გააჩნიათ იგივე პარამეტრები, რაც საპროექტო არეალს, ნიშნავს თუ არა ეს, რომ კომპანიას შეუძლია პრეტენზია განაცხადოს სხვა მსგავსი მასშტაბის შენობების განთავსებაზე, მის საკუთრებაში არსებულ მიწის სხვა ნაკვეთებზეც?
  3. კომპლექსის მასშტაბურობიდან გამომდინარე, გონივრულია, რომ კომპლექსს დასჭირდება:
  • დამატებითი ელექტრობის სიმძლავრეები
  • წყლის სისტემები
  • სახანძრო უსაფრთხოების სისტემები
  • წყლის გამწმენდი ნაგებობები

არსებობს თუ არა პროექტში, (არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ)  შესაბამისი საინჟინრო ქსელების პროექტები, მათ შორის, საპროექტო ტერიტორიამდე შესაბამისი სიმძლავრეების მიყვანის პროექტი და გადაწყვეტილება, თუ ვინ უზრუნველყოფს აღნიშნულ სამუშაოებს, სახელმწიფო თუ კომპანია.

  1. არსებობს თუ არა (არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ) მთლიანად დაბა ბახმაროს წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის და გამწმენდი ნაგებობის პროექტი და უახლოესი სამი წლის განმავლობაში იგეგმება თუ არა მშენებლობის დაწყება?
  2. არსებობს თუ არა პროექტში, (არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ) საპროექტო ტერიტორიის სრულფასოვანი საინჟინრო გეოლოგიური კვლევა?
  3. მთავრობის განკარგულების ჩანაწერში მითითებულია ინფორმაცია 10 წლის განმავლობაში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის აკრძალვის შესახებ. განიხილავს თუ არა სახელმწიფო ამ ვადის გასვლის შემდეგ ბახმაროს ტერიტორიის მრავალბინიანი საცხოვრისებით განვითარებას? მრავალბინიანი შენობისთვის სასტუმროს დარქმევა (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კომპანიამ დაიწყო საბინაო ერთეულების იდივიდუალურად გაყიდვა) არის თუ არა განკარგულებით დადგენილი შეზღუდვისთვის გვერდის ავლა, რადგან სანებართვოდ წარდგენილ პროექტში არ არის გათვალისწინებული სასტუმროს ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სივრცეები.
  4. 2018 წლიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შემოსულია თუ არა რაიმე მოთხოვნა ბახმაროს სარეკრეაციო და მიმდებარე ტერიტორიაზე ბუნებრივი რესურსების (მათ შორის, ქვიშა-ხრეშის) მოპოვების ლიცენზიასთან დაკავშირებით. არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ საქმისწარმოების მასალები?
  5. შესწავლილია თუ არა, როგორ იმოქმედებს ბახმაროში არსებულ ბუნებრივ გარემოზე მშენებლობა: მყარი შეწონილი ნაწილაკები (მტვერი), ვიბრაცია, ხმაური, ტრანსპორტის, მათ შორის სატვირთო ავტომობილების ინტერნსიური გაადაადგილება და გამონაბოლქვი. ასევე, მშენებლობის შემდგომ ვიზიტორთა გაზრდილი ოდენობა და რესურსების გაზრდილი მოხმარება რა გავლენას მოახდენს გარემოზე (განსაკუთრებით ბახმაროს უნიკალურ სამკურნალო ჰავაზე)?

გთხოვთ, გაგვიზიაროთ წერილში მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია და ამ საკითხებზე მსჯელობისთვის გონივრულ ვადაში უზრუნველყოთ საჯარო შეხვედრის ორგანიზება სახელმწიფოს, კომპანიის და სამოქალაქო საზოგადოების (საინიციატივო ჯგუფის „ბახმაროს გადასარჩენად“) წევრებს შორის.

პატივისცემით, საინიციატივო ჯგუფი „ბახმაროს გადასარჩენად“

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share