უკრაინის პრეზიდენტი ნიდერლანდების ხელისუფლებას დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და აცხადებს, რომ წელს, უკრაინის ცაზე ახალი საბრძოლო თვითმფრინავები გამოჩნდება:
“ჩვენ გვაქვს სამხედრო მხარდაჭერის ახალი პაკეტი ჩვენი მებრძოლებისთვის ნიდერლანდებიდან. სხვათა შორის ნიდერლანდები აქტიურად გვეხმარება საჰაერო თავდაცვაში, F-16 კოალიციით. წელს ახალი საბრძოლო თვითმფრინავები იქნება ჩვენს ცაში და ეს წელი ეფექტური უნდა გავხადოთ რუსული ბომბების, რუსული თვითმფრინავებისა და მათი რაკეტებისგან თავდასაცავად.
მეთაურმა ოლეკსანდრ სირსკიმ, საჰაერო ძალების მეთაურმა მიკოლა ოლეშჩუკმა და თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა დღეს მარკ რუტესთვის სპეციალური სამხედრო ბრიფინგი გამართეს ფრონტზე არსებულ ვითარებაზე. რა თქმა უნდა, ხარკოვზეც ვისაუბრეთ. მადლობელი ვარ ნიდერლანდების მზადყოფნისთვის, გააგრძელოს დახმარება. მადლობას ვუხდი პირადად მარკს და ყველა ნიდერლანდელს უკრაინის მხარდაჭერისთვის.
მთავარი ისაა, რომ რუსეთი უნდა დამარცხდეს, ჩვენმა ქვეყანამ კი პარტნიორებთან ერთად უსაფრთხოება უნდა აღადგინოს. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება” ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში.
შეგახსენებთ, ნიდერლანდების პრემიერმა მარკ რუტემ და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვში უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გააფორმეს, რომელიც ითვალისწინებს უკრაინისთვის 2 მილიარდის გადაცემას და დახმარებას მომდევნო 10 წლის განმავლობაში.