Google, საკუთარი ძიების სერვისში სიმღერის “წაღიღინებით ძებნას” ამატებს, რომელიც მოგცემთ საშუალებას სიმღერა, რომლის რითმის საიდანღაც დაგამახსოვრდათ, წაიღიღინოთ და იპოვოთ ის ინტერნეტში. კომპანიამ აღნიშნული ფუნქციისთვის მანქანური დასწავლის ტექნოლოგია გამოიყენა, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველი შემდგომი ძიების შედეგი უფრო მაღალი სიზუსტის იქნება.
ახალი ფუნქცია, iOS-სა და ანდროიდზე, გუგლის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი, გარდა ამისა, მისი გამოყენება Google ასისტენტის დახმარებითაც შეგიძლიათ. ამისთვის, საკმარისია ასისტენტს კითხოთ სიმღერის შესახებ და დააწვეთ მუსიკის ძიების ღილაკს, რის შემდეგაც იწყებთ ღიღინს. ამის შემდეგ, გუგლი გაჩვენებთ სავარაუდო ვარიანტებს, რომელიც შეიძლება დაემთხვეს თქვენთვის საინტერესო მუსიკალურ ტრეკს.
გუგლი, მანქანური დასწავლის საშალებით, ახერხებს თქვენი ღიღინის გაციფრულებას და შემდგომ, მის შედარებას ყველა შესაძლო სიმღერასთან. კომპანიის თქმით, მანქანური დასწავლის მექანიზმი გაიწვრთნა სხვადასხვა წყაროს გამოყენებით — ღიღინი, სტვენა. სტუდიური ჩანაწერების შემთხვევაში კი მექანიზმი უგულებელყოფს ინსტრუმენტალურ ნაწილს, რათა კონკრეტული ღიღინი უფრო მარტივად გადაიქცეს რიცხვების კომბინაციად, რომელიც შემდგომ იქნება შედარებული ამა თუ იმ სიმღერასთან.
ამჟამად, ფუნქცია iOS-ზე მხოლოდ ინგლისური ენის მხარდაჭერით მუშაობს მაშინ, როცა ანდროიდზე ხელმისაწვდომი ენების რაოდენობა 20-ს აღწევს. ამ ენების ჩამონათვალში ქართულს ვერ ვხვდებით, თუმცა, კომპანია სამომავლოდ უფრო მეტი ენის მხარდაჭერის დამატებასაც აპირებს.