დიდი ხანია არ ყოფილა ასეთი ინტერესი დიასპორიდან საქართველოს არჩევნებში და გასაგებია, რომ ეს დაკავშირებულია იმ ახალ იმედთან, რაც დაიბადა იმის შემდეგ, რაც საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიასპორასთან ონლაინ შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს საზღვარგარეთ საქართველოს მილიონამდე მოქალაქე ცხოვრობს, არჩევნებში მხოლოდ 17 ათასმა მიიღო მონაწილეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ დიასპორა არ იყო არჩევნებში ჩართული და არ იყო შესაბამისი ძალისხმევა გაწეული იმისთვის, რომ მათი ჩართულობა ყოფილიყო.
”ყველამ იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს არჩევნები და რამდენად მნიშვნელოვანი იქნება თქვენი, დიასპორის, მონაწილეობა ამ არჩევნებში. დიდი ხანია არ ყოფილა ასეთი ინტერესი დიასპორიდან საქართველოს არჩევნებში და გასაგებია, რომ ეს დაკავშირებულია იმ ახალ იმედთან, რაც დაიბადა იმის შემდეგ, რაც საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ეს წელი, ასევე, მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპული მომავლისთვის, რამეთუ წლის ბოლოს შესაძლებელია, მოსალოდნელია და საიმედოა, რომ გაიხსნება გაწევრიანების მოლაპარაკებები, მაგრამ ამ ყველაფრისთვის საჭიროა, რომ იყოს მაქსიმალური აქტიურობა.
დიასპორაში დღეს ცხოვრობს, დაახლოებით, მილიონი ჩვენი მოქალაქე, აქამდე ამ მილიონიდან, დაახლოებით, 17 ათასი იღებდა მონაწილეობას არჩევნებში. ეს აბსურდია, ეს ნიშნავს, რომ დიასპორა არ იყო ჩართული და ამ მიმართულებით არ იყო ის ძალისხმევა განხორციელებული, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ თქვენ ყველამ შეძლოთ და მიიღოთ მონაწილეობა. ეს ძალისხმევა მოითხოვს, რომ ჩვენ ვიყოთ ჩართული, ყველა სახელმწიფო უწყება – პრეზიდენტის ინსტიტუტი, ცესკო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომ მაქსიმალურად გაგიადვილოთ ეს პროცესი.
მაგრამ ეს იმასაც ნიშნავს, რომ თქვენი მხრიდან უნდა არსებობდეს მზადყოფნა, მობილიზება იმისთვის, რომ მაქსიმალურად დარეგისტრირდეთ, მაქსიმალურად იყოთ ჩაწერილი საარჩევნო სიებში და მაქსიმალურად, უკვე დღეიდან დაიწყოთ იმაზე მუშაობა, რომ გაიხსნას დამატებითი უბნები.
მე არ დაგიმალავთ იმას, რომ ეს ადვილი არ იქნება, ჩვენ უკვე გვქონდა შეხვედრები ცესკოსთან, ჩვენს პარტნიორ ელჩებთან ამ საკითხებზე და არის მხარდაჭერა ამ კუთხით, მაგრამ საჭირო იქნება, ალბათ, დიდი მობილიზება იმისთვის, რომ ის რაზეც გვეუბნებიან, რომ რატომაც არა, მაგრამ რთულიაო, გაკეთდეს და დროულად გაკეთდეს. უბნების გახსნა არ ხდება არჩევნების წინ ერთი თვით თუ 40 დღით ადრე, ამაზე მუშაობა დღეს იწყება, ამაზე მოთხოვნები და ხელმოწერები დღესვე უნდა გაიგზავნოს. ჩვენ ერთად მივაღწევთ, რომ დიასპორა გახდება მნიშვნელოვანი მონაწილე ამ არჩევნების“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.