“არ ვამბობთ, ფიცვერცხლი ვჭამოთ, დავსხდეთ” – ელისაშვილის მიმართვა პარტიებს

ვინ უნდა შექმნას კოალიცია და რომელი ოპოზიციური პარტიები უნდა საუბრობდნენ საპარლამენტო არჩევნების წინ – ალეკო ელისაშვილი თვლის, რომ “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” მიღმა მყოფმა პარტიებმა საერთო ენა უნდა გამონახონ.

ელისაშვილი “რეაქციაში” იმ პარტიებს ასახელებს და მიმართავს, რომლებთანაც მის პარტიას მზაობა აქვს კომუნიკაციის, ესენია: გახარიას პარტია, “ლელო”, ანა დოლიძის პარტია, საპარლამენტო “გირჩი”. ელისაშვილის თქმით, ამ დრომდე “გირჩთან” ჰქონია მხოლოდ საუბარი და სხვა პარტიებთან ჯერ კომუნიკაცია არ აქვს.

ელისაშვილი ამბობს, რომ კომპრომისებისთვის მზად არის და მათ შორის, თუ საჭირო იქნება, უარს იტყვის საპარლამენტო სიაში ყოფნაზე.

რაც შეეხება პრეზიდენტის როლს – “თუ ეს გაერთიანება მოიხაზება, აქ პრეზიდენტი აუცილებლად იქნება და ეს გამარჯვების აუცილებელი ფორმულაა”.

”მივმართავ ხაზარაძეს, გახარიას, ანა დოლიძეს – თუ წყენებზე მაღლა არ დავდექით, აქ ჩვენ საბავშვო ბაღში სიყვარულობანა-გაბუტულობანასთვის ხომ არ ვართ, თუ ვამბობთ, რომ ვართ პოლიტიკაში, ამ წყენებზე მაღლა უნდა დავდგეთ…

მე ხელს ვუწვდი შეთავზების ამ ხალხს, დავსხდეთ, იმას კი არ ვამბობთ, ფიცვერცხლი ვჭამოთ და ერთმანეთში თითები დავისეროთ და სისხლი ავურიოთ, ძმობა შევფიცოთ, თუ პოლიტიკაში ვართ, თუ ვაცნობიერებთ ისტორიულ მომენტს, როდესაც ოპოზიცია ყველაფერს უნდა აკეთებდეს რომ არ დაკარგოს შანსი,” – ამბობს ელისაშვილი.

როგორც დეპუტატი ელისაშვილი ამბობს, მმართველი პარტიის ინტერესში არ შედის რეფორმების გატარება.

”სასამართლო ამ ფორმით არის იდეალური შესაძლებლობა ძალაუფლების გამყარების. ცვლილება არის აუცილებელი… რევანშიზმი მართლა არ მინდა – ქართული ოცნების და ხელისუფლების ცვლილება რამდენადაც მინდა, არ მინდა ნაციონალების დაბრუნება. სჯობია, დავიზღვიოთ თავი და ენმ არ მივუშვათ ხელისუფლებაში, ქართული ოცნება შესაცვლელია, უნდა წავიდეს, მაგრამ ენმ არ უნდა მოვიდეს. კობახიძისთვისაც მითქვამს, გადასარევი იქნება, თქვენ ოცნება და ნაცები ისხდეთ ოპოზიციაში,“ – ამბობს ელისაშვილი.

რაც შეეხება “ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებებს, რომ 2024 წლის არჩევნებში ისინი საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვლენ ხელისუფლებაში, ელისაშვილის თქმით, „ოცნების“ განცხადებები ნახევრად სიმართლეა.

ქართული ოცნება 50 პროცენტით ბაქიბუქობს და 50 პროცენტი სიმართლეს იძახის. დღეს ხვალ ან ზეგ არჩევნები რომ იყოს, ისე ცუდად გამოვიყურებით ოპოზიცია, ისეთ ცუდ ფორმაში ვართ, ისეთი გაუგებარი რაღაცები ხდება, ოპოზიციის ერთი ნაწილი, საერთო კონტურზე რომ ვლაპარაკობდეთ, დგანან და ერთმანეთს ლანძღავენ. თუ ვინმე უნდა ლაპარაკობდეთ ერთმანეთთან, ვინც არ ნაცები ვართ და არც ნაციონალური მოძრაობის ორბიტაზე ვაპირებთ ყოფნას,“ – ამბობს ელისაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share