“ჩვენ ყოველთვის ვდგავართ თქვენს გვერდით, რადგან კარგად ვიცით თავისუფლების და მისთვის ბრძოლის ფასი” – თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა უკრაინის საელჩოში, ქვეყნის ერთობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მან აღნიშნა, არავის აქვს უფლება, აუკრძალოს თავისუფალ ქვეყნებს, თავად აირჩიონ საკუთარი განვითარების გზა, მეგობრები და ალიანსები.
“კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სოლიდარობასა და მტკიცე მხარდაჭერას მოძმე უკრაინელ ხალხს თავისუფლებისათვის ბრძოლაში. ჩვენ ყოველთვის ვდგავართ თქვენს გვერდით, რადგან კარგად ვიცით თავისუფლების და მისთვის ბრძოლის ფასი”, – აღნიშნა ზალკალიანმა.
მისივე თქმით, საქართველომ საკუთარ თავზე გამოცადა 2008 წელს რუსული აგრესია, რასაც მოჰყვა ქვეყნის განუყოფელი ნაწილების აღიარება და მისი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, ხოლო ასობით ათასი ადამიანი დევნილად იქცა საკუთარ სახელმწიფოში.
“დღეს იგივე განსაცდელშია ჩვენი მოძმე უკრაინა. შემაშფოთებელია რუსეთის დუმის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დონეცკის და ლუგანსკის აღიარებასთან დაკავშირებით. საქართველო გმობს ამ ქმედებას”, – თქვა ზალკალიანმა.
ცნობისთვის, უკრაინა დღეს ერთიანობის დღეს აღნიშნავს. “ქართული ოცნების” არცერთი წევრი ამ დაძაბული პერიოდის განმავლობაში უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით არ ჩასულა. პარლამენტის მიერ მიღებულ მხარდამჭერ რეზოლუციაში კი მმართველმა გუნდა აგრესორი რუსეთი არ ახსენა.