“ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი, ზურაბ ჟვანიას ძმა, გოგლა ჟვანია რუსული კანონის შესახებ საუბრისას ამბობს, რომ მისი მიღების შემდეგ, ლეგალური უფლება გვექნება ივანიშვილს რუსეთის აგენტი ვეძახოთ, რადგან მან ქონება სწორედ იქ დააგროვა.
ჟვანიას კომენტარს გუშინდელი აქციიდან, “ბათუმელები” ავრცელებს:
ბიძინა ივანიშვილმა მთელი თავისი კაპიტალი რუსეთში იშოვა და ამ კანონიდან გამომდინარე, შეგვიძლია პირდაპირ ვუწოდოთ რუსეთის ინტერესების გამტარებელი ამ ქვეყანაში. როგორც კი მიიღებენ ამ კანონს, ლეგალური უფლება გვექნება, ბიძინას ვეძახოთ რუსეთის აგენტი. ქართული ოცნების მოქმედ პარლამენტარებს, რომლებიც ქონებებს, ბიზნესებს რუსეთში ფლობენ, შეგვიძლია რუსეთის აგენტები ვუძახოთ.
ამათი მიზანია ქვეყანაში იყოს მუდმივი დაპირისპირება. 12 წელი ქვეყანა მართეს ისე რომ ებრძოდნენ ნაციონალებს და მთავარი მტრის ხატი იყო ნაციონალები. ახლა მტრის ხატი იქნება ეს არასამთავრობოები. ამ კანონს ჰქვია გამჭვირვალობის შესახებ, ამ დროს, კანონი თვითონ არის უკიდურესად გაუმჭვირვალე. ძირითადი მუხლები არის სრულიად იდუმალებით მოცული.
ევროკავშირის ქვეყნები გვეუბნებიან ამ კანონით ვერ შემოხვალთო და თუ გვინდა ევროკავშირში ეს კანონი არ უნდა [მივიღოთ]. აქ სადაო არაფერი არ არის. ევროკავშირს თავისი წესები და კანონები აქვს და ჩვენ ვალდებული ვართ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, რომ ჩვენი კანონები შევუსაბამოთ ევროკავშირის კანონმდებლობას” ამბობს ჟვანია.