“კანონპროექტი, რომელიც განიხილება საქართველოში, არ არის ფრანგული კანონპროექტი,” – ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა საქართველოში შერაზ გასრიმ განაცხადა. მისი თქმით, საქართველო სუვერენული ქვეყანაა, ამას აღიარებს ყველა და პატივს სცემს მის გადაწყვეტილებებს, თუმცა დიპლომატი ღიად ამბობს, რომ კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს:
“საქართველო არის სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანა. ჩვენ ვაღიარებთ მის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას და ვამბობთ, რომ საქართველოს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი კანონი, რომელიც მას სურს. ამავე დროს, როგორც საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენელი და ევროკავშირის წევრი, მინდა ვთქვა, რომ ევროკავშირის ოჯახში ჩვენ საქართველოს მივესალმებით და ვეუბნებით მას, რომ ეს კანონპროექტი, რომელიც ახლა განიხილება პარლამენტში, არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. თუმცა, ყველაფერი საქართველოს გადასაწყვეტია. ეს კანონპროექტი, რომელიც განიხილება საქართველოში, არ არის ფრანგული კანონპროექტი. რა თქმა უნდა, საფრანგეთშიც ხდება განხილვები, თუმცა, რაც ხდება მსოფლიოს სხვა ნაწილებში, არ შეიძლება იყოს გამოყენებული იმის არგუმენტად და ფაქტორად თუ რა ხდება საქართველოში. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს კანონპროექტი არ არის ფრანგული კანონი.” – განაცხადა ელჩმა.