„საქართველოს სუვერენიტეტის შენარჩუნება მხოლოდ დემოკრატიით იქნება შესაძლებელი“ – პროფ. ჩარლზ ფეირბენქსი

„ის, თუ რა პოზიციას იჭერს “ქართული ოცნება” უკრაინის ომთან მიმართებით, ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. თუ პუტინი მართლაც მოახერხებს უკრაინაში გაიმარჯვოს… მაშინ ვშიშობ, საქართველო ბელარუსის ან ტაჯიკეთის ბედს გაიზიარებს – ორივე ნომინალურად დამოუკიდებელი ქვეყანაა, მაგრამ მნიშვნელოვან თემებზე მათ ნაცვლად რუსეთი იღებს გადაწყვეტილებებს… რეალური საფრთხეა საქართველოს სუვერენიტეტის დაკარგვის და მისი შენარჩუნება, მჯერა, მხოლოდ დემოკრატიით იქნება შესაძლებელი“, – ამბობს პროფესორი ჩარლზ ფეირბენქსი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, Პროფესორი ფეირბენქსი 2006 წლიდან საქართველოში ცხოვრობს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბჭოთა და პოსტსაბჭოთა სისტემებს ასწავლის. 2012 წელს ფეირბენქსი იმ ამერიკელ ექსპერტებს შორის იყო, ვინც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლას მოვლენათა პოზიტიურ განვითარებად მიიჩნევდა, მათ შორის – ქვეყნის ევროინტეგრაციისთვისაც. დღეს „საქართველო რუსეთსა და ევროპას შორის მეჩეჩზეა გაჩხერილი“, – უთხრა ფეირბენქსმა ვაჟა თავბერიძეს, როდესაც მან „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტის განხილვის ფონზე ბიძინა ივანიშვილის პარტიის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შეფასება სთხოვა.

”საერთაშორისო გადმოსახედიდან, საქართველო, რომელიც ტაატით, შეყოვნებებით, მაგრამ მაინც განუხრელად მიდიოდა ევროპისკენ, ახლა, როგორც ჩანს, რუსეთსა და ევროპას შორის მეჩეჩზეა გაჩხერილი. საშინაო ფრონტზე, ველოდებით უმნიშვნელოვანეს არჩევნებს, რომელიც იქნება დემოკრატიის გადარჩენის ტესტი ქვეყნისათვის. ერთი სიტყვით, საქართველოსთვის განსაცდელის ჟამი დგას.

ვფიქრობ, ეს ზოგადი პრობლემაა პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებისთვის, ბალტიის გამოკლებით. მთავრობებს ძალაუფლება არ ეთმობათ, ყველაფერს აკეთებენ, რომ ძალაუფლება არ დათმონ. შესაბამისად, მეტია ცდუნება, დემოკრატია შებოჭო და ამით გაიმყარო პოზიციები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უკვე კარგა ხანია, მთავრობაში ხარ და სულ უფრო და უფრო არაპოპულარული ხდები. ვფიქრობ, სწორედ ეს ხდება საქართველოშიც.

ის კანონი, რომლის მიღებასაც საქართველოს მთავრობა ცდილობს, დამანგრეველ რისკებს შეიცავს. რაც შეეხება FARA-სთან პარალელს, ალბათ მარტო იმის აღნიშვნაც კმარა, ამ კანონის მიღების აშკარა მიზეზი ხომ ევროპაში ტოტალიტარიზმის მომძლავრება იყო, იქნებოდა ეს საბჭოთა კომუნიზმი, გერმანული ნაციზმი თუ იტალიური ფაშიზმი. ამერიკაში ეს აქტი ამ პრობლემებთან გასამკლავებლად მიიღეს. ასე რომ, [FARA-სთან] პარალელებისა და ანალოგების ძიება არა მხოლოდ მცდარი, არამედ ეთიკურად მიუღებელიცაა. და კიდევ ერთი რამ, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება ქართულ და ამერიკულ კანონებს შორის: ქართული კანონი მედიასაც მოიცავს, თანაც ხაზგასმით – გაზეთებს, ტელევიზიას, ინტერნეტსაც კი, თუ მაუწყებლობა ქართულ ენაზე ხდება. მაშინ როცა FARA მედიებს არ ეხება, თუკი ისინი 80 პროცენტით ამერიკულ მფლობელობაში არიან.

თავდაპირველად კი – როგორც „ქართული ოცნების“, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობაც, ფართო გაგებით, დემოკრატიული იყო, მაგრამ შემდეგ ორივე მათგანი გაიხრწნა. ხალხს კი არ აღმოაჩნდა საკმარისი ძალა საკუთარ თავში და კონტროლის ბერკეტები ხელში, რათა აღეკვეთა დემოკრატიასთან განშორება, როდესაც ამ ორ მთავრობას, ასე ვთქვათ, ასაკი შეეპარათ. დღეს რაც ხდება, სწორედ ამ დინამიკის შედეგია.

ვფიქრობ, რომ კი. და ეს ზოგადი ჭეშმარიტებაა, ყველა მთავრობას გაუჭირდებოდა მათ ადგილზე. მე ამერიკის მთავრობის მოხელე ვიყავი, ოთხი მთავრობის დროს. რეიგანის ადმინისტრაციის მეორე ვადას დაღად აჩნდა დაღლილობა, გამოფიტვა და მიმართულების არქონა. სწორედ ამას ვხედავთ დღეს „ქართულ ოცნებაშიც“ – მათი ჩინოვნიკები გამოიფიტნენ, ერთი კურსი, მიმართულება არ გააჩნიათ, მაგრამ, ამავდროულად, თავს იჩენს პირადი ინტერესები – არ სურთ ძალაუფლების და იმ ფინანსებთან წვდომის დაკარგვა, რასაც ხელისუფლებაში ყოფნა აძლევთ.

ვფიქრობ, მან, მას შემდეგ, რაც ფაქტობრივად ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ხელით ამოარჩია – მას არ გააჩნდა პოლიტიკური კაპიტალი, რომელიც პრეზიდენტობამდე მიიყვანდა ივანიშვილის გარეშე – მაგრამ საბოლოოდ, ვფიქრობ, პრეზიდენტი შეაძრწუნა დასავლეთის მიმართ ამ დემონსტრაციულმა ზურგის შექცევამ. ვფიქრობ, მისთვის, როგორც ქართველისა და ევროპელისათვის, განსაკუთრებით მისი საფრანგეთში გახიზნული წინაპრების გათვალისწინებით, ეს ყოვლად მიუღებელი იყო და ამიტომ მგონია, რომ ზურაბიშვილის ეს ამბოხი გულწრფელია და მოსალოდნელიც იყო.

რა თქმა უნდა, შემეცვალა. ახლა ცხადია, რომ მას სურს დარჩეს საქართველოში ხელისუფლების უმთავრეს წყაროდ და მთავარ ძალად დარჩეს. მას არ სურს ქვეყნის დეტალური, ყოველდღიური მართვა-განკარგვა, ისე როგორც, მაგალითად, ვლადიმირ პუტინი აკეთებს ამას რუსეთში, ამიტომ ამ გადმოსახედიდან ტირანად ალბათ ვერ მოვნათლავთ, მაგრამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრობლემაც ისაა, რომ გადაწყვეტილების მიღება უჭირთ, პროცესი გაჭიანურებულია, იმიტომ, რომ ის მთავრობის ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართული არაა. და მხოლოდ უცაბედად ერთვება ხოლმე მნიშვნელოვან საქმეებში, ოღონდ ისე, რომ ვერც ხვდებიან როდის და რატომ.

ვიტყოდი, რომ ეს არის დაკნინებული დემოკრატია, სადაც ხალხის სუვერენული უფლებანი შესუსტებული ან „გაწყალებულია“. ვფიქრობ, ივანიშვილის მომხრეთა შორის ჯერ კიდევ მრავლად მოიძებნება ისეთი ხალხი, რომელთაც ანტიდემოკრატებად ვერ მოვნათლავთ, მაგრამ რაც უფრო მეტი დრო გადის, რაც უფრო მეტი წლები ემატება ქართულ პოლიტიკაში ივანიშვილის დომინაციისა და ზეობის ხანას, მით უფრო მეტი კითხვა ისმება იმის თაობაზე, რამდენად თავსებადია დემოკრატიასთან ამ ყველაფრის ასე გაგრძელება. ეს ანტიდასავლური ტონი ძალიან დიდი საფრთხეა, ის კარგს არაფერს უქადის ქართულ დემოკრატიას. და ამავე გადმოსახედიდან, ეს კანონიც – საგარეო აგენტების გამჭვირვალობის შესახებ – დიდ საფრთხედ მიმაჩნია ქართული დემოკრატიისათვის.

იმას, რომ სევდიანია ეს ყველაფერი. მან დაიწყო, როგორც ჭეშმარიტმა გმირმა საქართველოს უახლეს ისტორიაში, მაგრამ, საუბედუროდ, ვერ შეძლო ისევე გაეგრძელებინა, როგორც დაიწყო, და მართლაც ჩაიდინა პრეზიდენტობის დროს უკანონობანი, რაც შოკის მომგვრელი იყო, მაგალითად ის, თუ როგორ მოექცნენ გირგვლიანს. ვფიქრობ, ასეთ შემთხვევებზე დასავლურ დემოკრატიებშიც გვიჭირს ხოლმე ერთგვაროვანი პასუხის გაცემა… ავიღოთ რიჩარდ ნიქსონი – მან არჩევნებში გაიმარჯვა, და ჭეშმარიტად პოპულარულიც იყო, მაგრამ კანონიც დაარღვია. როგორ უნდა მივუდგეთ ამ პრობლემას? ეს თავსატეხია. იგივე პრობლემაა დღეს ექსპრეზიდენტ ტრამპთან მიმართებითაც.

ვფიქრობ, ეს იქნება წინააღმდეგობრივი ტენდენციებით სავსე ათწლეული. ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც სულხან-საბამ რომსა და პარიზს მიაშურა შველის სათხოვნელად, ქართველ ხალხში მყარადაა გამჯდარი ევროპისკენ, დასავლეთისკენ ლტოლვა. და ეს განცდა ჯერ კიდევ მძლავრობს ქართველების უმეტესობაში, თუმცა არა ყველაში. მეორე მხრივ, ის, თუ რა პოზიციას იჭერს „ქართული ოცნება“ უკრაინის ომთან მიმართებით, ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. თუ პუტინი მართლაც მოახერხებს უკრაინაში გაიმარჯვოს – თუ მოახერხებს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის მიტაცებასა და კიევის გამუდმებულ დესტაბილიზაციას, რაც უკრაინის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას მუდმივი კითხვის ნიშნის ქვეშ მოაქცევდა, მაშინ ვშიშობ, საქართველო ბელარუსის ან ტაჯიკეთის ბედს გაიზიარებს – ორივე მათგანი ნომინალურად დამოუკიდებელი ქვეყანაა, მაგრამ მნიშვნელოვან თემებზე მათ ნაცვლად რუსეთი იღებს გადაწყვეტილებებს, მოსკოვიდან ნებართვას ელოდებიან, მიუხედავად იმისა, თვითონ რა სურთ. Რეალური საფრთხეა საქართველოს სუვერენიტეტის დაკარგვის და მისი შენარჩუნება, მჯერა, მხოლოდ დემოკრატიით იქნება შესაძლებელი.

რადიო თავისუფლება

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share