„საქართველოს მთავრობა პრეზიდენტის წინააღმდეგ“ – საქმე საკონსტიტუციოს პლენუმმა განსახილველად მიიღო

საქმეს – „საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომაზე მიიღეს.

საქმე ეხება დავას, რომლის საგანიც „საქართველოს ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის უმოქმედობის კონსტიტუციურობაა.“

როგორც სხდომის საოქმო ჩანაწერშია აღნიშნული, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი იზიარებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, იმ საკითხის გამორკვევა, კონსტიტუციურია თუ არა პრეზიდენტის მიერ ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლების მთავრობის მიერ წარდგენილი კანდიდატების დანიშვნაზე უარის თქმა, მოითხოვს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული პრეზიდენტისა და მთავრობის უფლებამოსილებების ფარგლების განმარტებას.

„კერძოდ, უნდა დადგინდეს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების დანიშვნის უფლებამოსილება რამდენად ატარებს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს და, ზოგადად, როგორია ამ პროცესში საქართველოს პრეზიდენტის როლი. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში აქამდე არ ყოფილა მსჯელობა საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკისა და საგარეო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებების ფარგლების თაობაზე. შესაბამისად, განსახილველმა საქმემ „თავისი შინაარსით შეიძლება წარმოშვას საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათი ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემა“,- აღნიშნულია ჩანაწერში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ კონსტიტუციური სარჩელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 10 ივნისს მიმართა.

სარჩელის თანახმად, მთავრობა მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის უმოქმედობიდან და მისი წერილობითი უარიდან თვალნათლივ ჩანს, რომ პრეზიდენტი მოქმედებდა არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური მოტივით, რაც სცდება მისი უფლებამოსილების ფარგლებს, იჭრება მთავრობის უფლებამოსილებაში, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share